საჭირო მასალა: მწვანე სალათის ფოთლები, 1 კბილი ნიორი. პურისთვის _ 2 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზე ზეითუნის ზეთი, მარილი; სოუსისთვის _ 1 ცალი კვერცხი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ლიმონი, ვუსტერის სოუსი, მარილი, დაფქული შავი პილპილი, 1 სუფრის კოვზი გახეხილი და რამდენიმე ნაჭერი ყველი "პარმაზანი".

მოვამზადოთ პურის კუბიკები _ დაჭყლეტილ ნიორს, მარილს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნი. ნარევი მოვასხათ საწვავზე ("ჟარონაზე") დალაგებულ 1X1 სმ ზომის პურის კუბიკებს და ოქროსფერად დავბრაწოთ 10-15 წუთის განმავლობაში. გარეცხილი, გამშრალი და მაცივარში გაცივებული მწვანე სალათის ფოთლები დავაქუცმაცოთ მსხვილ ნაწილებად და ჩავყაროთ ჯამში, რომელსაც წინასწარ ფსკერზე წავუსმევთ დაჭყლეტილ ნიორს. მოვაყაროთ ცოტა მარილი და მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი. ავურიოთ. მოვაწვეთოთ ლიმონის წვენი, ვუსტერის სოუსი, მოვაფრქვიოთ პილპილი და ისევ ავურიოთ.

სოუსისთვის ავიღოთ კვერცხი, ფრთხილად ბლაგვ ბოლოში გავჩხვლიტოთ ნემსით. ადუღებულ წყალში ჩავდოთ და ვხარშოთ 1 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ცივ წყალში გავაცივოთ, გავფცქვნათ და ბლენდერში ჩავდოთ. დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი და ნელა ჩავუმატოთ ზეითუნის ზეთი. სოუსი გათეთრდება და შესქელდება. მოვასხათ სოუსი სალათის ფოთლებს. დავუმატოთ გახეხილი ყველი, გადავდოთ სასალათე თეფშზე, მოვაწყოთ ყველის თხელი ნაჭრები და პურის კუბიკები.

ეს კლასიკური რეცეპტია. შეგიძლიათ შეურიოთ ქათმის მკერდი და ის ინგრედიენტები გამოიყენოთ, რომელიც ხელთ გაქვთ.

 

 

protostar