ახლა "მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად" ვიმყოფებით _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, სოსო ხინთიბიძის ოჯახში. აქედან, ლამის, მთელი სამყარო ხელისგულივით მოჩანს. უეჭველია, 2-3 წელიწადში, აქ ვაზისა და ხილის ძველი ჯიშების მუზეუმი-ნაკრძალი არა ერთ დაინტერესებულ პირს თუ ტურისტს მიიზიდავს.

ასე სჯერა ამ იდეით შეპყრობილ ოჯახის ერთადერთ წევრს, ახალგაზრდა კაცს, პროფესიით სამთო ინჟინერს, სოსო ხინთიბიძეს, რომელიც, ახლახან, ოჯახში დამზადებული ღვინის მე-4 ფესტივალში მონაწილეობდა და ნომინაციაში _ "საუკეთესო მარანი", სპეციალური დიპლომითა და ფულადი პრემიით (1 000 ლარი) დაჯილდოვდა. თუმცა, ეს ჯილდო ზღვაში წვეთია იმ დანარჩენ ღირსებათა ფონზე, რომლის მატარებელიცაა თვითონ.

სოსო საოჯახო მეურნეობითა და სტუმართმოყვარეობით განთქმული ოჯახის შვილია. მშობლები ცოცხალი აღარ არიან, გასულ წელს ტრაგიკულად დაეღუპა ერთადერთი ძმაც. თუმცა მარტოკაცობის შიშს არ შეუშინებია, ოჯახის შექმნაზეც ფიქრობს და საკუთარი იდეის _ ვაზისა და ხილის უძველესი ჯიშების მუზეუმ-ნაკრძალის სრულყოფაზეც. ერთი შეხედვით, ჩვენს წინაშე, მთის კორტოხზე საოჯახო მეურნეობის დიდი მაკრო-სამყარო იშლება, რომელიც ძალზე მრავალფეროვანია და დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ერთი კაცის ნამუშევარია _ უამრავი ფუტკარი, შინაური პირუტყვი თუ ფრინველი, წლობით ნალოლიავები ვაზის უძველესი ჯიშების "გამოფენა" მრავალ ტალავერსა და ხეებზე, ზედ ჩიტზე სწრაფად რომ აფრენილან ტაკიძურა, საკმიელა, ქაქუთურა, ჩხავერი, კლარჯული, ბათუმურა... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?

აქეთ-იქით მსხლის უნიკალური ჯიშების: ხეჭეჭურის, კაცისთავას, გონოურას, მსხალგიდელას, ბიამსხალისა თუ ბიავაშლას სანერგეების მიკრო-მოღობილებია; ჭიშკართან ახლოს, ორმოსავალა მოცვის რიდით მდგარი ბუჩქი შეთვალული ნაყოფით კოკობზიკობს. უფრო შორს კი, ტყის მისადგომებთან, ასკილი გათავხედებულა.

სოსო ხინთიბიძის მარჯვენით სტიქიურად განვითარებული საოჯახო მეურნეობა, ამ ტყის მისადგომებთან ელფერს იცვლის. სოსო ბუნების თვალმოუხუჭავი ქომაგია, უხელფასო რეინჯერი. განუკითხაობის წლებში, როცა სისტემატურად ნადგურდებოდა ტყის მასივები, განიცდიდა, მაგრამ ვისთვის უნდა ეთხოვა სამართალი? პასუხად მოღერილ მუშტს ან უარეს შემთხვევაში, მოქნეულ ცულს მიიღებდა. ამიტომ ჩუმად, საგანგებოდ იღვწოდა, წაბლისა და ნიგვზის ნერგები გამოჰყავდა, ტყეში მიჰქონდა და მოჭრილი ხეების ნაცვლად რგავდა. ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე, ასე ხდება დღესაც.

ახლა ცაცხვის ტყის გაშენებაზეც ოცნებობს: _ ამ ჩვენს მიმდებარე ტყეებში რვა ძირი დიდი ცაცხვია. ახლო-მახლო ეკალ-ბარდი და და თხმელა შემოვჭერი. ყველას ვაფრთხილებ, რომ ამ ცაცხვებს არ შეეხონ. 1 ჰექტარ ტყის ფართობზე 15-20 ძირი ცაცხვი ეტევა, საიდანაც ფუტკარს შეუძლია 1 ტონა თაფლი გაჩუქოს. იცით, ეს რა სიმდიდრეა? ცაცხვის ნერგები ძნელი საშოვარია. ვეძებ, მინდა, მწყურია, ცაცხვის ტყე გავაშენო. თუ ცაცხვის ტყე გაშენდება, ყველას ფუტკარი ეყოლება და სოფელიც და ქვეყანაც ფუტკარივით ძლიერი იქნება, _ გვეუბნება ბატონი სოსო.

ახლა, როცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოცვისთვის მოიცალა, სოსო ხინთიბიძე, გაცილებით ადრე, ორმოსავლიანი ჯიშის მოცვის კორომებს უვლიდა უდაბურ ტყეებში, ახლაც უვლის და ნაყოფის კრეფასთან ერთად, ჩაისაც ამზადებს: _ მხოლოდ წელს არ გამიკეთებია მოცვის ჩაი, ვერ მოვასწარი. მეორედ აგვისტოში ყვავის. ნოემბერში ვკრეფ, დეკემბერშიც ბევრჯერ მომიკრეფია, დროში ვერ ვეტევი, რა ვქნა? _ ამბობს იგი.

საინტერესოა კი, დროში ვერ ეტევა თუ დროს გაუსწრო ამ კაცმა?

როგორც თვითონ გვიმხელს, პროცენტიანი სესხის გამოტანას ერიდება, თორემ შესანიშნავ საქმეს გააკეთებდა: _ თუმცა, გავრისკე და ვალი ავიღე, 3-4 ადამიანს ვიხმარ, უნიკალური ჯიშების მუზეუმ-ნაკრძალი უნდა შევქმნა!

შებრუნებულ კითხვაზე, ოჯახის შექმნას თუ აპირებს და რატომ აგვიანებს, სასწრაფოდვე გვპასუხობს: _ ერთ გოგონას მირიგებდნენ კეთილისმსურველები. უთხრეს, ამდენი პირუტყვი ჰყავსო, იმდენი ფუტკარიო, დიდი მეურნეობა აქვს და პლანტაციებიო. და იცით, რა თქვა იმ გოგომ? აუ, მაგას მოჯამაგირე ნდომებიაო..., _ ხმაშეწყობილად ვიცინეთ ამ ნამდვილ ამბავზე.

ეზოში ერთი ძველი "ვილისი" დგას, რომლის ახალი ტრანსპორტით შეცვლა, უპროცენტო სესხი თუ სხვა დახმარება, რასაც ნორმალურ ქვეყნებში ხელისუფალნი სთავაზობენ საკუთარ ფერმერებს, მოკლე დროში სოსო ხინთიბიძესაც ძლიერ ფერმერად აქცევს, ის კი მერე ათეულობით ადამიანს დაასაქმებს.

მართალია, სოსო ხინთიბიძე უკვე "იპოვეს", მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ ამა ქვეყნის ძლიერთა გასაგონად _ გამოუცხადეთ თანადგომა, გაიკითხეთ ჩიტის მოტანილი ამბავი, დაინახეთ ეს კაცი და დაინახავთ საქართველოს! განა ბევრია ჩვენს გვერდით ასეთი უსახელო გმირი?!

HDVS_CATEGORY: პოლიტიკა
Views: 47
HDVS_CATEGORY: სხვადასხვა
Views: 47
HDVS_CATEGORY: საზოგადოება
Views: 63
HDVS_CATEGORY: საზოგადოება
Views: 15
HDVS_CATEGORY: პოლიტიკა
Views: 12

აჭარის სახელმწიფო ანსაბლის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

HDVS_CATEGORY: პოლიტიკა
Views: 507

21-ს ქვევითguria