წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩატარდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის შედეგებზე "გურია ნიუსი" უკვე წერდა. ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნამუშევრების არასწორად გასწორებისთვის ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე და სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ვერა (დალი) რიჟამაძე-კუკულაძე ედავებიან. ორივეს, იურისტების რჩევით, განათლების და მეცნიერების სამინისტროში ადმინისტრაციული სარჩელი აქვთ შეტანილი. თუ იქაც ვერ იპოვეს სამართალი, ქალბატონი ვერა და ბატონი ტარიელი სასამართლოში ეცდებიან სიმართლე დაამტკიცონ. 
ვერა (დალი) რიჟამაძე-კუკულაძე: _ ხმაურით აღინიშნა, რომ პედაგოგებმა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ცოდნის დაბალი დონე აჩვენეს. რა თქმა უნდა, სკოლაში (და არა მარტო სკოლაში) არიან არაპროფესიონალები, მაგრამ გაუმართლებლად მიმაჩნია ეთერიდან, შოუს ფორმატის გადაცემებიდან პედაგოგების ქილიკი მაშინ, როცა არსად არ თქმულა, რომ მასწავლებელთა ნამუშევრების გამსწორებელთა ნაწილის დონე კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდა. კონკრეტული მაგალითით დაგისაბუთებთ ამ აზრს; მიუხედავად იმისა, რომ გადავლახე ქართულის გამოცდის ბარიერი, უკმაყოფილო ვარ, რადგან ჩემს ნამუშევარში გამსწორებლებმა კურიოზული შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, კითხვა _ ნ. ბარათაშვილის ლექსში "შემოღამება მთაწმინდაზე" რას წარმოადგენს პოეტისთვის ღამე? ჩემი პასუხია: ნ. ბარათაშვილისთვის ღამე ბუნების ნაწილია, ბუნება კი მარტოსული რომანტიკოსების მეგობარია. მიწერია 0 ქულა. ახლა მოვისმინოთ ტესტის პასუხი: ღამე შვებას ანიჭებს პოეტს. ნუთუ მეც იგივე არ მიწერია?! ჩემი აზრით, უფრო სწორადაც, რადგან ლექსში ვკითხულობთ: "და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს შემოვეტრფოდი..."
მორიგი კითხვა: რას წარმოადგენს ღამე ილიასთვის "მგზავრის წერილებში"?
ჩემი პასუხი: ილიასთან ღამე უარყოფითად არის შეფასებული, როგორც პასიური და ბოროტების ხელშემწყობი. ტესტის პასუხი: ილიასთან ღამე ბოროტების სიმბოლოა. ამგვარი "მარგალიტები" ჩემს ნამუშევარში მრავლადაა და, მიუხედავად ამისა, როგორღაც მოვახერხე და გადავლახე ბარიერი. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამის შესახებ ვესაუბრე ქალბატონ მანანა ჩუბინიძეს, რომელიც ერთობ თავაზიანად შემხვდა, შეწუხდა აღნიშნული არაპროფესიონალიზმის გამო, თავი იმით იმართლა, რომ ეს პირველი ნაბიჯია, რომ გამსწორებლებს უამრავი ნამუშევარი ჰქონდათ გასასწორებელი, გვიან ღამემდე მუშაობდნენ და ა.შ. (?!) ისიც მითხრა, რომ გამეპროტესტებინა და მომემატებოდა ქულები.
თუმცა, ქართულში საჭიროდ არ ჩავთვალე გაპროტესტება _ 30 ლარის უშედეგოდ გადაგდება.
სამაგიეროდ, პროფესიულ უნარებში დამაკლდა ერთადერთი ქულა. გავაპროტესტე, მაგრამ რატომღაც იგივე 42 ქულა დამიტოვეს.
ჩემს გარდა, ყველას მოემატა 1, 2, 3, 4 ქულა. ზოგს _ ეყო, ზოგს _ არა, ჩემი ქულა კი გაუქანებლად დატოვეს, ახლა, ბატონ ტარიელ კალანდაძესთან ერთად, ადმინისტრაციული სარჩელი მაქვს განათლების და მეცნიერების სამინისტროში შეტანილი. კანონიერად ვითხოვთ ქულების მომატებას.
პროფესიულ უნარებშიც ამგვარ კურიოზებს აქვს ადგილი. თავი რომ არ შეგაწყინოთ, ზოგადად მოგახსენებთ: უნდა წარმოგვეჩინა პრობლემა და გვეჩვენებინა მათი გადაჭრის გზები. პრობლემის დანახვაში გვაქვს 0 ქულა, მაგრამ გადაჭრის გზებში მონიჭებული გვაქვს ქულები.
განა შესაძლებელია, ვერ დავინახოთ პრობლემა და ისე წარმოვაჩინოთ მათი გადაჭრის გზები?! ამგვარი მაგალითები თქვენ გგონიათ ერთი-ორია?! მესმის ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ... მაგრამ ერთი სატელევიზიო სპექტაკლის პერსონაჟის არ იყოს _ რვაჯერ?!!!! იმედი მაქვს, რომ სასამართლოში მაინც ვიპოვით სამართალს.
ტარიელ კალანდაძე, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი: _ თავდაპირველი შედეგების მიხედვით, 39 ქულა მივიღე და გავასაჩივრე; სამი ქულა მომემატა, მაგრამ მათი პასუხი არ მაკმაყოფილებს, რადგან მე ხომ ვიცი, რა დავწერე, როგორ დავწერე?! განათლების და მეცნიერების სამინისტროში და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გავგზავნე წერილები, რომ ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდები და ვერ გადავლახეთ ბარიერი პროფესიულ უნარებში. თუმცა მიმაჩნია, რომ ნამუშევრები უგულისყუროდ იქნა გასწორებული. როცა ნამუშევრებს ვადარებთ სხვა მასწავლებელთა ნამუშევრებსა და შეფასებას, ირკვევა, რომ აბსოლუტურად იდენტურ პასუხში მასწავლებელთა ერთ ნაწილს მინიჭებული აქვს ქულა, ხოლო მე და ვერას _ არა. ცენტრში გვითხრეს, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა, იქ გვეუბნებიან, რომ მართლები ხართ, მაგრამ ვერ მოხერხდება ქულების დამატებაო(?!). იურისტებმა გვირჩიეს, ჯერ შეგვეტანა განათლების და მეცნიერების სამინისტროში ადმინისტრაციული სარჩელი და შემდეგ მიგვემართა სასამართლოსთვის. ვნახოთ, რა იქნება, ველოდებით პასუხს.  ქალბატონი მაია მიმინოშვილი მწერს, რომ გამსწორებლის ვინაობის დასახელება არ შეიძლება, ამიტომ, არ ვიცი რა კვალიფიკაციისაა ეს ადამიანი. თავადაც ტრენერი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა უნდა დავწერო _ შეურაცხყოფილი და შელახულია ჩემი პროფესიული ღირსება. ერთ დავალებაში, რომელშიც პრობლემა უნდა დაგვენახა და მისი გადაჭრის გზები დაგვესახა, პრობლემის გადაჭრის გზაში 2 ქულა დამეწერა, ხოლო პრობლემის გამოყოფაში _ 0 ქულა! შეიძლება მოხდეს _ პრობლემა გამოვყო და მაგრამ მისი მოგვარების გზა ვერ დავინახო, პირიქით კი რომელ ლოგიკაში ჯდება?!!
იყო ასეთი კითხვა: დისციპლინურ კომიტეტს არ აქვს უფლება, დაითხოვოს მოსწავლე ერთი კვირის ვადით. ჩემი პასუხი იყო _ დისციპლინურ კომიტეტს აქვს უფლება დაითხოვოს მოსწავლე 5-10 დღით. ამ პასუხით რამდენიმე პედაგოგს აქვს მიღებული ქულა, მე _ არა. გამსწორებლებს უწერიათ, რომ "პედაგოგის პასუხი არის ზოგადი, გზასაა აცდენილი, მაგრამ აქვს მინიშნებები და ეწერება 1 ქულა." არც ზოგადია, არც გზას ვარ აცდენილი _ ზუსტად მაქვს კითხვაზე პასუხი გაცემული და მეკუთვნის ორი ქულა.
რაც მთავარია, როდესაც 1500 მასწავლებელი წერს აპელაციას და აქედან 1000-ს მოუმატეს ქულები, თუ დაინტერესდა ვინმე, რატომ არ იყო ეს ნამუშევრები ნორმალურად გასწორებული?! მიმაჩნია, რომ ჩემი კოლეგები აბუჩად აიგდეს!
"გურია ნიუსი" შეეცადა, სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების კომენტარი ჩაეწერა, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარს არავინ უპასუხა. მათი პოზიციის გამოსახატავად გთავაზობთ ჩვენს მიერ მოპოვებულ ოფიციალურ წერილს, რომელიც მაია მიმინოშვილმა ტარიელ კალანდაძეს გამოუგზავნა (სტილი დაცულია): "ბატონო ტარიელ, სსიპ _ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განიხილა თქვენი 2010 წლის 27 სექტემბრის #2056/10 განცხადება, რომელიც ეხება თქვენი ნაშრომისა და საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საკითხს და გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სსიპ _ გამოცდების ეროვნული ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას განგიმარტოთ თქვენს საპრეტენზიო განაცხადებში მითითებული თითოეული მაგალითის შეფასების სისწორე, ვინაიდან საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის #1101 ბრძანებით დამტკიცებული "მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დებულების" 224 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით. ამასთან, გაცნობებთ, რომ საპრეტენზიო კომისია არის დროებითი. კერძოდ, საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადების დასრულების შემდეგ ასრულებს თავის მუშაობას.
დამატებით გაცნობებთ, რომ საპრეტენზიო კომისია ხელმძღვანელობდა "2010 წლის ერთიანი ეროვნული და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების შეფასების სქემების დამტკიცების შესახებ" სსიპ _ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2010 წლის 9 აგვისტოს #284/10 ბრძანებით დამტკიცებული #3 დანართი დამკიცებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების შესაბამისი შეფასების სქემით (სსიპ _ გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდზე წწწ.ნაეც.გე). გაცნობებთ, რომ მოცემული შეფასების სქემით გასწორდა ყველა მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომი. ამასთანავე გაცნობებთ, რომ უნარების ტესტის: ა) მე-15 დავალება "საქაღალდე" ყველა შემდეგი სქემით სწორდებოდა: I. პრობლემის განსაზღვრა და ანალიზი _ მაქსიმალური ქულა 2; პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შესაძლო გამომწვევი მიზეზების დასახელება _ 1 ქულა; იმ შესაძლო ნეგატიური შედეგების დასახელება, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს პრობლემას მისი იგნორირების შემთხვევაში _ 1 ქულა. II. პრობლემის დაძლევის გზების აღწერა და დასაბუთება _ მაქსიმალური ქულა 2; პრობლემის დაძლევის კონკრეტული აქტივობა, რომელიც მოაგვარებდა განსაზღვრულ პრობლემას, ან მინიმუმამდე შეამცირებდა მის უარყოფით ეფექტს _ 1 ქულა; იმ დადებითი ეფექტის დასახელება, რომელიც სავარაუდოდ მოჰყვება აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული პრობლემის დაძლევის გზას _ 1 ქულა.
ბ) 27.5 დავალება მოითხოვდა მცდარად ფორმულირებული დებულების სწორი ფორმით ჩაწერას (დისციპლინურ კომიტეტს უფლება აქვს მოსწავლე დაითხოვოს სკოლიდან 5-დან 10 დღემდე ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ 9 დღით დათხოვნის უფლება დისციპლინურ კომიტეტს აქვს, 10 დღით კი _ არა).
მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებლებს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება _ სკოლის დირექტორს ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება _ დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით ("ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი, მუხლი 19, საკითხი 12). _ პატივისცემით მაია მიმინოშვილი".
როგორ დასრულდება პედაგოგების მცდელობა საკუთარი არგუმენტებით სამინისტროს სიმართლე დაუმტკიცონ, ჩვენ აუცილებლად შევატყობინებთ მკითხველს.


protostar