ალოეს მიაწერენ უამრავ უჩვეულო თვისებებს. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ, რომ ალოე აახალგაზრდავებს ადამიანს; მისი წვენი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, სპობს ბაქტერიებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. ალოეს კოსმეტიკაში იყენებენ ანთებითი მოვლენების, კანის გაღიზიანებისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. საკმარისია დაღეჭოთ ალოეს პატარა ნაჭერი, რომ კუჭის მოქმედება მოწესრიგებულია.

ალოეს ძველი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში, მაგალითად, ჭლექის სამკურნალოდ ურჩევდნენ ალოეს დაკეპილი ფოთლების ფაფას, რომელსაც დამატებული ჰქონდა თაფლი და ცხოველური ცხიმი. ბრონქიტისა და ხანგრძლივი ხველებისას, ალოეს წვენის, თაფლის, ბატის ქონის ან კარაქის ნაზავზე ცხელი რძის დაყოლებას ურჩევდნენ.

ალოეს წარმატებულად იყენებდნენ ეგვიპტელები, რომაელები, არაბები, ჩინელები და ბერძნები. თანაც არა მარტო სამკურნალოდ, არამედ როგორც კოსმეტიკურ საშუალებას. სილამაზით ცნობილი ეგვიპტის დედოფალი, კლეოპატრა, სახეზე ალოესგან მომზადებულ მალამოს და ნელსაცხებელს ისვამდა.

თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ალოე გვევლინება ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებად, რომელიც წმენდს კანს და ავიწროებს ფორებს. ალოეს მალამოს გააჩნია დამაწყნარებელი და სამკურნალო თვისებები.

გთავაზობთ "კლეოპატრას მალამოს" დამზადების წესს: 5 გრამი ალოეს ფხვნილი შეურიეთ 40 მლ. გამოხდილ წყალს. დაუმატეთ 20 მლ. ვარდის წყალი და 10 გ. თაფლი. ნარევი დადგით წყლის აბაზანაზე და მასში შეურიეთ 100 გ. ღორის გამდნარი ქონი. მზა მალამო გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. დღეში ერთხელ წაისვით, სახის და ყელის კანზე, თხელ ფენად.

ამერიკაში მიაჩნიათ, რომ ალოე თმის ძირებს ამაგრებს და გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებაა.

ალოეს ძალიან უყვარს სინათლე და სითბო. კარგად ხარობს მზიან ოთახში, ფანჯრის თაროზე.

თუ ფოთლების სამკურნალოდ გამოყენება გსურთ, მოჭრამდე 2-3 დღით ადრე, შეწყვიტეთ მცენარის მორწყვა. მოჭრილი ფოთლები, 15-20 დღის განმავლობაში, მაცივარში, 2-4 გრადუსამდე შეინახეთ. ალოეს ექსტრაქტის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ფოთლები, გაავსეთ ლიტრიანი ქილა, დაასხით წყალი. დააყოვნეთ ერთი თვე მაცივარში. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ჭამის დროს ან შემდეგ უწყლოდ.

ადრე ითვლებოდა, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ალოეს სამწლოვან ფოთლებს ჰქონდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივე ეფექტს ახალი ყლორტებიც იძლევა.

ალოეს წვენს, პროფილაქტიკური მიზნით, ჯანმრთელი ადამიანებიც იღებენ _ ყოველ დილით, ერთი სუფრის კოვზი ალოესა და ხილის წვენის ნარევს მიირთმევენ. ამის შედეგად უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, ადამიანი უფრო შრომისუნარიანი ხდება.

ალოეს გამოიყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებად _ საჭიროა კვირაში 2-3 ჯერ, 10-10 წუთით გაიკეთოთ ალოეს ახალი ფოთლების წვენში დასველებული საფენები. მშრალი კანის შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ, სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.

ალოეს ნაყენი მზადდება ასე: გარეცხეთ ფოთლები, გახეხეთ პლასტმასის სახეხზე და აქციეთ ფაფად. გააზავეთ წყლით _ ერთი წილი ალოე, 5 წილი წყალი. ერთი საათის შემდეგ, ეს ნაზავი წამოადუღეთ 3 წუთს და შეგრილებული გაწურეთ ორმაგ სტერილურ დოლბანდში. ორგანიზმის გასაჯანსაღებლად ალოეთი მკურნალობა ეფექტურია თავის ტკივილის, კუჭის წყლულის, ნერვების დაბოლოებათა ანთების დროს. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად უნდა მოვამზადოთ ალოეს ღვინო 2-3 წლის მცენარისგან. ფოთლების მოკრეფამდე, 5-10 დღით ადრე, არ მორწყოთ. ფოთლები მოკრიფეთ სიბნელეში ან წითელ სინათლეზე (დღის სინათლე სპობს ზოგიერთ შემადგენელ ნაწილებს), ამავე სინათლეზე გაატარეთ მანქანაში ფოთლები. 250 გრამ ალოეზე დაამატეთ 250 გრამი თაფლი, 350 გრამი ნატურალური ღვინო, აურიეთ ერთმანეთში და ნაზავი ჩაასხით ბოთლში. რაიმე შემოახვიეთ, დღის სინათლე რომ არ მოხვდეს. 5 დღის შემდეგ, შეიძლება მკურნალობის კურსის დაწყება _ დღეში სამჯერ მიიღეთ ჩაის კოვზით, 3-4 კვირის განმავლობაში, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ამის შემდეგ ჩაიტარეთ ახალი კურსი, ოღონდ ერთი სუფრის კოვზი დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ალოეს ფოთლები ვხარშოთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით გავიწმინდოთ თავის კანი კვირაში ორ-სამჯერ. თავის დაბანა აუცილებელი არ არის.

მადის გასაძლიერებლად უნდა დავლიოთ ალოეს ფოთლების ნაყენი ჩაის კოვზით 2-3 ჯერ.

ალოე გამოიყენება ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ:

1. 100 გ. ალოეს წვენი შეურიეთ 500 გრამ გარჩეულ ნიგოზს, დაუმატეთ 300 გრ. თაფლი. ნარევი დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას ერთი თვის განმავლობაში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.

2. 150 გ. ალოეს წვენი, 100 გ. მარწყვის ფოთლების წვენი, 350 გ. ნატურალური წითელი ღვინო, 150 გ. ნეკერჩხლის წვენი შეურიეთ ერთმანეთში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას ორი კვირით. მიიღეთ 30 გ. ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე.

ალოე გამოიყენება ასევე ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ღრძილების ანთების, ასთმის, ფილტვების ანთების სამკურნალოდ. ალოეს მიღება არ არის რეკომენდირებული, როცა გაწუხებთ ღვიძლი, თირკმელი, ნაღვლის ბუშტი. ასევე, მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან შესაძლებელია, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. სწრაფად გახდომის მსურველები, რომლებიც ალოეს წვენს სვამენ, შეიძლება დაავადდნენ კუჭის წყლულით.

protostar