ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ადგილობრივი მკვიდრების საკუთრებაზე ექვსნავსადგომიანი პორტის აშენება იგეგმება. მშენებლობას, კომპანია „ბლექ-სი პროდაქტი" განახორციელებს, უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია 46 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, ხოლო მთლიანად პორტი მთელი ინფრასტრუქტურით 180 ჰექტარზე უნდა გაშენდეს.

საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული

კონსტიტუციის 21-ე მუხლში ნათლად არის განმარტებული, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. "დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან" _ ღაღადებს საქართველოს კონსტიტუცია.

ვის ინტერესებს ეწირება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება

უძრავი ქონების და საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ძირითადად, იქ ფიქსირდება, სადაც საინვესტიციო ან ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება იგეგმება, ან კიდევ ეს ნაკვეთები ხელისუფლების მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში საკუთრების უფლება ათეულ მესაკუთრეს შეელახა. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კომპანია "ბლექ-სი პროდაქტმა" ზღვის მარცხენა სანაპიროზე ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა. მანამდე კი, პრივატიზაციის სამმართველომ აღნიშნულ ზოლში 35 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, საკუთრების უფლების შელახვის საფუძველზე, დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, მიწების უდიდესი ნაწილი „ბლექ-სი პროდაქტმა" უკვე დაირეგისტრირა, მათი დიდი ნაწილი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან შეისყიდა.

სოფელ გრიგოლეთში მცხოვრები ნინო ინასარიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც საკუთრების უფლება, სწორედ მას შემდეგ დაერღვა, რაც "ბლექ-სი პროდაქტის" წარმომადგენლებმა გურიის რეგიონში მიწების შესყიდვის პროცესი დაიწყეს.

"მიწები, რომელიც წლების წინ დაგვირიგეს, იქვეა, არსად გადაადგილებულა. ერთი თვეა სპეციალური კომისიის წევრებს ველოდებით და არ გამოჩენილან. ადვოკატის მომსახურების ფულიც აღარ მაქვს, ამ ეტაპზე ვარ ასე უფლებადარღვეული, სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში", _ გვითხრა მან. როგორც ის ჰყვება, სადავო მიწის ფართობით 1989 წლიდან სარგებლობს. _ როცა დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, ეს ფართობი საკუთრებაში გადმომცეს. 1992 წელს მიღება-ჩაბარების აქტებიც დაგვირიგეს. ამის შემდეგ დავარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში ანუ, როგორც ხდებოდა მაშინ არსებული კანონმდებლობით. თან გვაქვს ყველა დოკუმენტი, აზომვითი ნახაზები. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ ნაკვეთებში ვერავინ შემოგვედავებოდა. ჩვენი საკუთრების საკითხი მას შემდეგ დადგა ეჭვის ქვეშ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. მაშინ ითქვა, რომ მთავრობას უნდა გაეყიდა მიწები, თუმცა, როგორ უნდა გაეყიდათ ჩვენი საკუთრება, მაშინ, როცა ჩვენ ყველა დოკუმენტი ხელთ გვქონდა და გვაქვს, არავის დაუკონკრეტებია", _ თქვა მან ჩვენთან საუბარში.

2004 წლის 12 მარტს, სოფელ გრიგოლეთში მდებარე 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მარინა მექვაბიშვილმა საკუთრებაში დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებული მონაცემების თანახმად, რეგისტრაციას საფუძვლად საგადასახადო სია დაედო, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება. მან მიწა, სხვების მსგავსად, მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, ქაღალდის აზომვითი ნახაზის საშუალებით დაირეგისტრირა და მას, მიწით ფლობის, სარგებლობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მანამდე, სანამ არ აღმოაჩინა, რომ დარეგისტრირებული უძრავი ქონება უკვე მისი აღარ იყო.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2011 წლის 8 აგვისტოს, მარინა მექვაბიშვილმა მიმართა საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, წარადგინა მიწის ნაკვეთის ელექტრონული აზომვითი ნახაზი და მოითხოვა ქონების საზღვრების დაზუსტება. კანონმდებლობის თანახმად, მარინა მექვაბიშვილს ამის ვალდებულება არ გააჩნდა, თუმცა სოფელ გრიგოლეთში გავრცელებული ხმების თანახმად სახელმწიფოს საკუთრებაში ჰქონდა დარეგისტრირებული მოსახლეობის მიწები და დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ მექვაბიშვილის მიწის ნაკვეთი მათ შორის იყო. 2011 წლის 12 აგვისტოს საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება მექვაბიშვილის განაცხადზე იმ მოტივით, რომ მიწა, რაზეც ის ითხოვდა საზღვრების დაზუსტებას, ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

ნინო ინასარიძის, მარინა მექვაბიშვილის, ნატო ჟვანიას, ზაირა ინასარიძის და ნონა კვაჭაძის სახელმწიფო ინსტანციებთან დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ისინი ცდილობენ, დაიბრუნონ სახელმწიფოს მხრიდან, უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთები.

მანანა მაკარიძეს, მისი მეზობლებიდან განსხვავებით, ჯერ სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. ამბობს, რომ ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მისი მეზობლების დავის თაობაზე და სწორედ, ამის შემდეგ გაარკვევს უღირს თუ არა ბრძოლის დაწყება. "თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოსთხოვა, მე ფული ვხარჯო და მაგათმა მიწა მაინც წამართვას?! ისე, სასამართლო არსებობს, კი?! ფიქტიურად არსებობს, ფაქტიურად არაფერი არ არსებობს, უბედურებაც ამაშია", _ გვითხრა მან.

სასამართლო ექსპერტის დასკვნას ელოდება

როგორც ჩვენთან საუბარში დაზარალებულების ადვოკატი ირაკლი ალთუნაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ედავებიან. სადავო ნაკვეთების, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ არის რეგისტრირებული, კანონიერი მფლობელები არიან, საკუთრების მოწმობას ფლობენ და ამის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტიც გააჩნიათ, მაგრამ მაინც უწევთ უფლებების სასამართლო გზით დაცვა.

ადვოკატის თქმით, საკუთრების რეგისტრაცია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდა. თუმცა, "როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა მისი დაზუსტება მოინდომეს, მიმართეს საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სამსახურს და ასეთი პასუხი მიიღეს, აღნიშნული ნაკვეთები თქვენ არ გეკუთვნით და პრივატიზების სამმართველოს გურია-სამეგრელოს სამხარეო სამმართველოს მიერ არის დარეგისტრირებულიო".

_ ზედდება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიჩერეს ნაკვეთების დაზუსტების წარმოება. საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სამსახურიდან მიღებული პასუხი, მესაკუთრეებმა შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ნუ, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, ამის შემდეგ სარჩელით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მივმართეთ. როგორც ირაკლი ალთუნაშვილი აღნიშნავს, რამდენიმე პროცესი ჩატარდა, მაგრამ დავა წარმოიშვა. საჯარო რეესტრის და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ იციან არის თუ არა ეს ის ნაკვეთები, რომელიც დავის საგანი გახდა. როცა საჯარო რეესტრმა თვითონ დაარეგისტრირა აღნიშნული ნაკვეთები, მიანიჭა კოდი, რბილად რომ ვთქვათ, მათი მხრიდან არასერიოზული არგუმენტია. სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, იმედების გაცრუების შემთხვევაში კი ზემდგომ ინსტანციებში გავაგრძელებთ დავას. _ გვითხრა ადვოკატმა.

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომლის ჩატარების აუცილებლობის საკითხი პროცესზე დაისვა. ექსპერტმა უნდა დაადგინოს ზემოთ ჩამოთვლილი დაზარალებულების ნაკვეთები მოექცა თუ არა პრივატიზების სამმართველოს მიერ რეგისტრირებულ ნაკვეთებში. დღეს არსებული კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეს არ ავალდებულებს, დააზუსტოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, ანუ მოახდინოს მისი ელექტრონული რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რატომ დაარეგისტრირეს კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სახელმწიფოს სახელზე, პასუხი, როგორც სხვა შემთხვევებშიც, ერთი და იგივეა. საჯარო რეესტრს არ გააჩნია ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და ელექტრონული აზომვითი ნახაზის შედარების მექანიზმი. მონაცემთა ბაზაში საჯარო რეესტრი ხედავს მხოლოდ ელექტრონული ვერსიით დარეგისტრირებულ მონაცემებს, რაც თეორიულად და პრაქტიკულადაც ნიშნავს იმას, რომ ქაღალდის ვერსიით დარეგისტრირებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შესაძლოა სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს!

მიმდინარეობს თუ არა რეალურად სუფსის პორტის მშენებლობა

ინფორმაცია სუფსის პორტის აშენების შესახებ, ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა. "გურია ნიუსმა" ის ტერიტორია გადაიღო სადაც აბრაა გაკრული, სადაც თევზის მეურნეობა იყო და ახლა სუფსის პორტის აშენება იგეგმება, იქვე, ყოფილ სათევზე მეურნეობის შენობაში მცხოვრებმა მეთევზეებმა გვითხრეს, რომ მათთან არავინ მისულა და ამ დრომდე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

_ როგორც ვიცით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის აშენდება თუ არა. ისე, რამდენად გვაქვს სწორი ინფორმაცია ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცით, კომპანია წევრები ინვესტორების მოლოდინში არიან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ გვირჩია, ეკონომიკის სამინისტროს მივმართოთ. _ არ ვფლობ ინფორმაციას, შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროს და კომპანიის დირექტორს შალვა წაქაძეს მიმართოთ, _ გვითხრა გოგუაძემ.

"აშენდება თუ არა სუფსის პორტი, ეს კიდევ გასარკვევია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მართალია, სუფსაში, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა, აქ პორტი არც აშენდეს და მიწები, რომლის შესყიდვაც შპს "ბლექ-სი პროდაქტს" სურს და რომლის ნაწილიც აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეისყიდა, სულაც სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული", _ ეს ინფორმაცია "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა.

ვინ დაემუქრა მესაკუთრეებს

_ ბაბუაჩემიდან მერგო მემკვიდრეობა. ათეული წელია აქ ვცხოვრობ. შარშან მოვიდა ყოფილი პოლიციელი და გვითხრა გაყიდეთ მიწები, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იმ თანხას რასაც გთავაზობთ მაინც დაკარგავთო. ისიც გვითხრეს პრობლემები შეგექმნებათო, _ გვითხრა გრიგოლეთში მცხოვრებმა ლ.ა.-მ.

ანალოგიურს ჰყვება მისი მეზობელი, _ ყველასთან ჩამოიარა და უთხრა გირჩევნიათ გაყიდოთ, თორემ რასაც კომპანია გთავაზობს ისიც დაგეკარგებაო. ვინც წინააღმდეგობა გაუწია, ასე უთხრეს შვილი გყავს ახალგაზრდა და არ გეშინიაო? _ გვითხრა საკუთრება უფლება დარღვეულმა ქალბატონმა.

_ ბევრს მიაკითხეს სახლში და უთხრეს, ურეკში და წყალწმინდაში მცხოვრებლებსაც, ვისაც ხომ იცით თქვენი შვილი ახალგაზრდობაში "პლანს" რომ ეწეოდაო, _დასძინა კიდევ ერთმა გრიგოლეთელმა.

_ მე მითხრეს, შენ რომ ახალგაზრდა იყო, კი ვიცით რასაც გიზამდითო, ასეთი მიდგომები ჰქონდათ. შარშან ზაფხულში, ღამით მოვიდნენ ათ საათზე, შეგვკრიბეს ყველა, გვითხრეს _ უფროსებმა შემოთვალა მიწები უნდა მიყიდოთო, არც წერილობით შემოუთავაზებია და არც ის უთქვიათ თუ ვინ იყო მაგათი უფროსები, შუამავლები ყოფილი პოლიციელები არიან, ერთი ფოთში ცხოვრობს, მეორე კი ლანჩხუთში, სახლი დაშალეთ და წაიღეთ, ერთ კვადრატულ მიწაზე კი 25 ამერიკულ დოლარს მოგცემთო. ვუთხარი, რომ ჩემთვის ისევ გრიგოლეთში ეყიდათ ნაკვეთი, აეშენებინათ ისეთივე სახლი, როგორიც მაქვს და თანახმა ვიქნებოდი. უარი მივიღე, ასეც მოგვაძახა, ხომ იცით როგორი მთავრობის ხელში ხართო, და შეგვისრულეს კიდეც, _ გვითხრა ერთ-ერთმა მესაკუთრემ.

ერთმა მკვიდრმა ისიც გაიხსენა, რომ შარშან მათთან გურიის გუბერნატორი და ლანჩხუთის გამგებელი მივიდნენ. _ვუამბეთ ჩვენი პრობლემის შესახებ. გვითხრეს, ხომ იცით ამ სამუშაოებს კერძო კომპანია ასრულებს, საკუთრება თქვენია და როგორც გინდათ ისე მოიქეცითო.

სამი წლის კომპანიას 720-მილიონიანი ინვესტიციის გახორციელებაზე აქვს პრეტენზია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ბლექ-სი-პროდაქტი" 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა. იურიდიული მისამართი: საქართველო, ძველი თბილისის რაიონში, სანაპიროს ქ. №3. თავდაპირველად, კომპანიის დირექტორი ქალაქ სოხუმში 1971 წელს დაბადებული სარდიონ მაქაცარია იყო. თუმცა, 2009 წლის 17 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, მაქაცარია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი ადგილი თბილისში მცხოვრებმა შალვა წაქაძემ დაიკავა.

ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები ოთხი ფიზიკური (ხვიჩა მაქაცარია, ქეთევან ფირცხალაიშვილი, ნოდარ გიგინეიშვილი, ალექსანდრე თავაძე) და ერთიც იურიდიული პირი "ემ ენდ დი ინტერნეიშნალ თრედინგანგია", რომელიც შვეიცარიაში, ცუგის კანტონის სავაჭრო რეესტრშია დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციების თანახმად, აღნიშნული კომპანიის შესახებ მონაცემები ძალიან ხშირად იცვლება. ბოლო ცვლილებით, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გახორციელდა, ირკვევა, რომ კომპანიის 100% წილის მფლობელი კვიპროსში დარეგისტრირებული "ემ თი ბლექ სი ჰოლდინგ ლიმიტედი" გახდა.

რას გვიყვება წაქაძესთან დაახლოებული პირი ანონიმურად

რა ინფორმაცია აქვს მას "ბლექ-სი-პროდაქტის" შესახებ, დააკავეს თუ არა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები, ვინ დგას "ბლექ-სი-პროდაქტის" თავში და რა აკავშირებს მასთან ნოდარ გიგინეიშვილს, რომლის გვარი არაერთი კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში თუ მეწილეების ჩამონათვალში გვხდება.

_ თქვენ ვერ ნახავთ ვერავის, ვისაც საკუთრების უფლება შეულახეს, ეგ ხალხი არ ცხოვრობენ, უბრალოდ, მიწებს ფლობენ გრიგოლეთის ზოლში. "ბლექ – სი პროდაქტმა" სახელმწიფოდან პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა ზღვის მარცხენა სანაპირო ზოლში 46 ჰექტარი ფართობი, სადაც ტბა არის. ვერ შეედავებით თქვენ ამ კომპანიას, სახელწიფოდან იყიდეს მიწები.

_ 18 კაცი იყო ჩამოსული და 15 დეკემბერს უნდა მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას. მანამდე ნებართვა იყო მხოლოდ გაცემული. მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიც პროექტიც მზად არის და ახლა ინვესტორის ძიებაში არიან. თუ ჩამოვა ინვესტორი და გაფორმდა ხელშეკრულება, როგორც მე ვამბობ, მაშინ მალევე განახლდება სამუშაოები.

_ გასულ წელს ამ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 720 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდნენ...

_ ეგ ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს.

_ როგორ თუ არასწორად გაავრცელეს, ეს ინფორმაცია თავად კომპანიის დირექტორმა გააჟღერა!..

_ მაშინ არაფერი იყო დაზუსტებული, ვარაუდების დონეზე ისაუბრეს.

_ ეს ინფორმაცია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეც იკითხება.

_ ეს უბრალოდ პიარი იყო. რეალური ინვესტორი ჯერ არ გამოჩენილა.

_ როგორც განაცხადეს, მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს.

_ თუ დაიწყებდნენ კი, სახელმწიფოს წინაშეც აკისრიათ ვალდებულება. თუმცა, მიწის ნაკვეთების შესყიდვის მომენტში სახელმწიფომ შეუშალა ხელი. ნაძვების მოჭრის საკითხიც ვერ გადაიჭრა, ვერ გაარკვიეს სად უნდა წაეღოთ მოჭრილი მასალა, ანუ ვის საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო. აღნიშნულმა კომპანიამ გურიის რეგიონში 154 ჰექტარი ფართობი შეიძინა, პროექტის გახორციელების შემთხვევაში, კიდევ, დამატებით სჭირდებათ 50 ჰექტარი.

_ როგორც მითხრეს, კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც წინამოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, კონკრეტულად კი, ტბის ამოშრობას "ლამობდა", დააკავეს.

_ კი, დააკავეს, მაგრამ კონკრეტულად ამ საქმიანობისთვის არა. როცა იზვინებოდა ტერიტორია, წყალი ვერ გავიდა იმ რაოდენობით როგორც იყო გათვლილი. დაიტბორა ეზოები და უჩივლეს გარემოს დაცვის სამინისტროში. ადგილზე ჩავიდა წარმომადგენელი და თქვა, რომ 15 მეტრიანი არხი უნდა გაკეთდეს და შეუერთდეს სუფსას, რომ წყალი არ შეფერხდეს. არხს ვერ გაჭრიდნენ იმიტომ, რომ ხეები იყო მოსაჭრელი, ხეებს ვერ ჭრიდნენ და ამის გამო შეჩერდა სამუშაოები. იმათ, კი ვინც ამ სამუშაოებს აწარმოებდა, სხვა პრობლემა ჰქონდა. მაგ კომპანიის წარმომადგენლებს, პირიქით "ბლექ-სი პროდაქტის" დავალიანება აქვთ, რა თანხებიც ჰქონდათ ჩარიცხული, იმ ღირებულების სამუშაოები ვერ შეასრულეს.

_ თქვენ კომპანიის რეალური მფლობელებიც გეცოდინებათ, რადგან ძალიან ბევრ და კონკრეტულ ინფორმაციებს ფლობთ...

_ მაქაცარია და გიგინეიშვილია კომპანიის მფლობელები. სარდიონი, რომელიც "ბლექ-სი-პროდაქტის" დამფუძნებელთა ჩამონათვალში გვხდება ხვიჩა მაქაცარიას ბიძაშვილია. სანამ დირექტორი შალვა წაქაძე გახდებოდა, სარდიონ მაქაცარია იყო დირექტორი და ის აწერდა ხელს ყველა შესყიდვაზე.

_ როგორც მოსახლეობა ამბობს, მათ პოლიციელები აიძულებდნენ მიწების გაყიდვას.

_ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ჩამოვიდნენ, შეფასდა მიწები, რომელშიც კომპანია 25 დოლარს იძლეოდა და ექსპერტიზამ 20 დოლარად შეაფასა. თუ არ დათმობდა ხალხი, მისცემდნენ კომპენსაციის სახით 5 დოლარს. მინდა გითხრათ, იყო ორი შემთხვევა, როცა სახელმწიფოს უკანონოდ ჰქონდა მიწა გაყიდული და როგორც ვიცი დასაჯეს კიდეც კონკრეტული პირები.

რა წერია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე

_ გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის სიტყვებით სუფსის პორტის მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 3 000-მდე, ხოლო მუდმივად 2 500 ადამიანი და ამათგან უმრავლესობა იქნება გურიის მოსახლეობა. მშენებლობა ორ წელიწადში დამთავრდება. პორტთან ერთად აშენდება დიდი ტერმინალები. ასეთი დიდი მშენებლობა გურიაში დიდი ხანია არ ყოფილა. სუფსის პორტი თავისი მნიშვნელობით შესაძლოა ფოთის პორტზე მეტად დაიტვირთოს, რაც გურიას განვითარების ახალ შანსს აძლევს.

ასევე, ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ამავე გვერდზე ვკითხულობთ: "16 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა მცირე დარბაზში ქართულ-უცხოური კომპანია "ბლექ სი პროდაქტის" დირექტორმა შალვა წაქაძემ სუფსის პორტის პრეზენტაცია გამართა. "ბლექ სი პროდაქტიმა" 2009 წელს ხელშეკრულება გააფორმა ეკონომიკის სამინისტროსთან და აიღო პასუხისმგებლობა სუფსის პორტის მშენებლობაზე. პროექტის სქემის მიხედვით, პორტი მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით გაშენდება მდინარე სუფსის ორივე სანაპიროზე დაბა ურეკის რკინიგზის სადგურამდე. ავსადგურს 6 ნავმისადგომი და ე.წ. "მშრალი პორტი" ექნება. მოწვეული ინდოელი სპეციალისტების კვლევების მიხედვით სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან არსებობს 20 მ. სიღრმის კანიონი, რომელიც მათი გათვლებით ხელს შეუწყობს პორტში ყველა იმ სიმძიმის გემის შემოსვლას, რომელიც გადმოლახავს ბოსფორის სრუტეს. ბლექ სი პროდაქტი"-ს დირექტორმა განაცხადა ისიც, რომ სუფსის პორტს იაქსის წევრი ორგანიზაციების ყველა კლასი მიენიჭება. რას შეეხება ეკოლოგიურ კუთხეს, "ბლექ სი პროდაქტი" ,"გამასა" და ერთ-ერთ ინდური შესაბამისი კომპანიის დასკვნების მიხედვით, პორტის მშენებლობა აღნიშნული რეგიონში მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები _ სამშენებლო მოედნის მომზადება და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება _ 46 ჰა-ზე (უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია). სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული "საქჰიდროენერგომშენი", რომელსაც დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 100 ადგილობრივი მუშახელი. პორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, როგორც "ბლექ სი პროდაქტი" აცხადებს, დაახლოებით 2 500 ადამიანი დასაქმდება".

რა წილებს ფლობენ "ბლექ-სი პროდაქტის დამფუძნებლები სხვა კომპანიებში

"კაპიტალ გრუპის" მფლობელი ნოდარ გიგინეიშვილი თბილისში, სანაპიროს ქუჩა #3-ში განთავსებული შპს "ჯი-ემ-სი ჯგუფის" მეწილეა. კერძოდ, „ჯი-ემ-სი" ჰოლდინგი ფლობს აქციათა 65,6%-ს, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახალხო ბანკის" 20 პროცენტს, ხოლო გიგინეიშვილი კი -14,4 %-ს. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული კომპანია "ბლექ-სი პროდაქტი". ხვიჩა მაქაცარია აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი , ასევე ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. საავტორო გადაცემის "ანატომიის" ინფორმაციით, ტარიელ ონიანის ხელშეწყობით, ხვიჩა მაქაცარია "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. მაქაცარიასთან ერთად, საინფორმაციო წყაროები "ვარდების რევოლუციის" დამფინანსებლად და ამ ბიზნეს-ჯგუფის მთავარ საყრდენად სწორედ შარანგიას, იგივე "დოდიკას" ასახელებენ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მაქაცარია რუსეთში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, სწორედ მის სახელს უკავშირებენ მოსკოვში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს ყიდვას. ხვიჩა მაქაცარიას სახელი ძმებ შარანგიებსაც უკავშირდება, კერძოდ, ნავთობის ბიზნესში. ისინი სააქციო საზოგადოება "გეინ ოილის" მეწილეები არიან. მაქაცარია და მერაბ შარანგიას ძმა, ბიზნესმენი რევაზ ლორენცოს ძე შარანგია 22,3-22,3 პროცენტს ფლობენ ამ კომპანიისა, ისევე როგორ რევაზ (ბუთა) ელიავა.

როგორც ვწერდით, შალვა წაქაძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაშია დასაქმებული, თუმცა ჩვენთვის უცნობი იყო, არის თუ არა ეს ის შალვა წაქაძე, რომელიც კომპანია "ბლექ-სი-პროდაქტის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამის შემდეგ, რაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხვიჩა მაქაცარიას ვიცე-პრეზიდენტობის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია, კიდევ უფრო გამძაფრდა ეჭვი, იმის შესახებ, რომ წაქაძე თბილისის მერიის თანამშრომელია.

მაქაცარიას ინტერესებს, როგორც ირკვევა, მხოლოდ გრიგოლეთში მცხოვრებლების საკუთრება არ შეწირვია. გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს სტატიას სათაურით "სამი წელია ვიბრძვით, თუმცა ამაოდ, პარკს ნაკუწ-ნაკუწ იტაცებენ", სტატიაში ინჟინერი გოგი ომიაძე ჰყვება თბილისში, ყაზბეგის პროსპექტზე, ინფექციურ საავადმყოფოსთან მდებარე პარკში წამოწყებულ მშენებლობაზე. - მთელი ცხოვრება ამ პარკს შევყურებდი და მისი ტერიტორია მე როგორ შემეშლება! არადა, ვინც პარკის ტერიტორიის მიტაცებას შეუდგა, ყველა იმას გვიმტკიცებს, _ პარკის ტერიტორიაზე არ ვაშენებთ, ყველაფერი კანონიერად არისო. თვალებს ვის უხვევენ! მე და ჩემი თაობა ყაზბეგის პროსპექტზე აგებულ პირველ კორპუსებში საცხოვრებლად რომ გადმოვედით, პარკი მაშინ შენდებოდა. გაჭირვებული მოსახლეობა მაშინაც იყო და მათი შვილები ზაფხულს პარკში ატარებდნენ. ახლაც ასეა, ზაფხულობით ჩვილბავშვიანი დედებითა და ბავშვებით არის წიწვნარი სავსე. ესენი კი მიდგნენ და ისაკუთრებენ... ხელისუფლებაც აძლევს ნებას, თორემ სად გაგონილა, პარკში რესტორანი ჩადგა და სახლები ააშენო! განუკითხაობის დროს ხეები მოჭრას გადავარჩინეთ, პარკიდან ხმაურს გავიგებდით და კორპუსებიდან თავქუდმოგლეჯილი გავრბოდით, არიქა, ხეებს ჭრიანო! რა ზამთრები გამოვიარეთ და იქ ხე არავისთვის მოგვიჭრევინებია, ესენი მოვიდნენ, ხეც მოჭრეს და პარკის მიტაცებაც დაიწყეს! პირველად შიგ პარკში ვიღაცამ ნაკვეთების შემოღობვა რომ დაიწყო, გამწარებული მივვარდით, - რას სჩადიხარო! მაშინდელ ქალაქის მერზე გვითხრა, _ მისი ბიძაშვილი ვარ, ეს მიწა კანონიერად ვიყიდეო... მაინც შემოღობა და წავიდა. ჩვენც ავდექით და ის რკინის ღობე მოვხსენით. გაგიჟებული მოვარდა, მაგრამ ვერაფერს გახდა!.. იმან ვერა, მაგრამ იმაზე გავლენიანი მოძალადეები გამოჩნდნენ. სხვა გზა რომ აღარ დაგვრჩა, პარკის დასაცავად სამეთვალყურეო საბჭო შევქმენით. კანონიერად, ვისაც უნდა, მთელი ქალაქიც აუშენებია, მაგრამ ეგენი მოტყუებით მოდიან. კაცი რომ გახარბდება, მისი დაოკება ძნელია. ნელ-ნელა მოტყუებით შემოცოცდნენ პარკის მიწაზე. სამი წელიწადი თან აშენებდნენ, თან ვიბრძოდით. ძაღლადაც არ გვაგდებდნენ, რადგან ფული და ძალაუფლება ჰქონდათ. მაგრამ იმდენი გავაკეთეთ, განუკითხაობის დროს პარკში შემოჭრილი გალავნები მაინც მოვანგრევინეთ, სახლებს ხომ ვეღარ დავანგრევინებდით!.. ახლა საირმის გორის მხრიდან ისევ წამოიწყეს ახალი სახლის მშენებლობა და რა თქმა უნდა, პარკის ტერიტორიაც მიისაკუთრეს, - ვინმე მაქაცარია გახლავთ, _ 610 კვმ მიწა კანონიერად რომ იყიდა, პარკის ტერიტორიიდან 428 კვმ-იც ზედ დაამატა. იმასაც სამი წელია ვებრძვით და პასუხიც არ გვაღირსა. საერთოდ არ ჩნდება, ვინ არის.

- ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს თუ მიმართეთ?

- მივმართეთ! გეგონება, ბრმები ვიყოთ - ყველაფერი კანონიერად არისო. როგორ არის კანონიერად! ისედაც რომ არ გვახსოვდეს, პარკის მიწა რამხელაა, რეესტრის რუკის მიხედვით, ამ სახლის პატრონი პარკშია შემოჭრილი. ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც მაქაცარია გახლავთ. სწორედ მას მივმართეთ "კვირის პალიტრით" - დაედგინა პარკში სახლს ვინ და რა უფლებით აშენებდა... გვიპასუხა, - გავერკვევიო... როდისღა? ამ სახლის მეპატრონეებმა პარკში უკვე საკუთარი შლაგბაუმიც გააკეთეს მანქანების შემოსასვლელად(!). P.შ. რა გაეწყობა! ბრძოლა, თუნდაც უთანასწორო და მით უფრო სიმართლის დასადგენად ყოველთვის ღირს. ჩვენ შევძელით და მშენებარე სასახლის მეპატრონე ბატონი ხვიჩა მაქაცარია მოვძებნეთ. მანაც იგივე გვითხრა, _ ყველაფერი კანონიერად არისო, _ წერს ჟურნალისტი.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, გასული წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი ჩაატარა. აუქციონზე გამოტანილი იყო ერთი ობიექტის ლიცენზია, რომლის გასაყიდი ფასი 525 000 ლარი იყო. 25 წლით ლიცენზია ნოდარ გიგინეიშვილმა შეისყიდა. გიგინეიშვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაერთი კომპანიის მეწილეა.

protostar