ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ნონა მაისურაძემ 20 წლის დავით ბაძგარაძე, 9 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მას ბრალად ედებოდა მოქალაქე სოფიო ზურაბაშვილის დაყაჩაღება და მისთვის მობილური ტელეფონის წართმევა. მართალია, ბაძგარაძის დასაკავებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ნინო ციხისელის მოთხოვნით, მას პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 16 დეკემბერს, დანაშაულის ჩადენის მომენტში, ბაძგარაძე ავტობუსში იჯდა და ქუთაისიდან თბილისში მიემგზავრებოდა. ამას ადასტურებს როგორც მისი მობილური ტელეფონიდან გაკეთებული ზარების დეტალური ამონაწერი, ისე ავტობუსის მძღოლი. აქედან გამომდინარე, ბაძგარაძე ზურაბაშვილს ვერ დააყაჩაღებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული ზურაბაშვილი ცრუ ჩვენებას იძლეოდა, რაც უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრების საფუძველი გახდა. ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის _ ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე ბევრი ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.
სისხლის სამართლის საქმე #070090033

2009 წლის 30 ივნისს, 15 საათსა და 40 წუთზე, ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი წესით, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1983 წელს დაბადებულ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრებ დავით ხუნდაძეს. როგორც გამოძიების საქმის მასალებიდან ირკვევა, ხუნდაძეს ჩხრეკის დროს სპორტული შარვლის საქამრიდან ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი _ 5,6 მმ კალიბრის შაშხანის რგოლური აალების ვაზნების გასასროლი კუსტარულად დამზადებული 5,6 მმ კალიბრის რევოლვერი და საბრძოლო მასალა _ 5,6 მმ კალიბრის შაშხანის რგოლური აალების 07 ცალი ვაზნა. გარდა ამისა, დაკავებული ხუნდაძე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის ოზურგეთის განყოფილების დასკვნის თანახმად, ნარკოტიკული თრობის ქვეშ აღმოჩნდა. უფრო დაზუსტებით კი, მას მარიხუანა, ე.წ. "პლანი" ჰქონდა მოწეული. "აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დავით ხუნდაძემ მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ, მაშინ, როდესაც მას ანალოგიური ქმედებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით,  ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით," _ წერია დადგენილებაში "ბრალდებულის სახით  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ." იმავე დადგენილების მიხედვით, დაკავებულ ხუნდაძეს, დაკავებისას, იარაღის გარდა, დასაკეცი დანაც ამოუღეს სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან. აქედან გამომდინარე, დავით ხუნდაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, სსკ-ის 237 და 238 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (იხ. "გურია ნიუსი" #52, 2009 წელი, 6 ივლისი).
ხუნდაძის დაკავებამდე
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამირან ბასილიას ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე 179-ე მუხლის I ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბასილიების ოჯახს, 2009 წლის 3 მაისს, თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი, რომლებმაც წაართვეს "ფოლკსვაგენ ტოურეგის" მარკის ავტომანქანა, ამირან ბასილიას კუთვნილი ფულადი თანხა _ 8 000 ლარი, სოფიო ბეგაშვილის კუთვნილი ფულადი თანხა 1 000 აშშ დოლარის ოდენობით და მისი კუთვნილი ოქროს სამკაულები, ასევე ამირან ბასილიას, დავით ბასილიას და სოფიო ბეგაშვილის კუთვნილი "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონები.
სასამართლოზე, როდესაც ბრალდება დავით ხუნდაძის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, გამომძიებელმა უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ საქმის ძიება სწორედ ბასილიას დაყაჩაღების ფაქტზე დაიწყო, თუმცა, იმის გამო, რომ სასამართლოზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, ხუნდაძეს ბასილიას ყაჩაღობაში ბრალი ვერ დასდეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაკითხვის დროს, ხუნდაძისგან ყაჩაღობის აღიარებას და თანამონაწილეების დასახელებას ითხოვდნენ. 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხუნდაძის დაკავების მოწმეებად ორი ქუთაისელი პიროვნება ფიგურირებს. როგორც წყარომ გვითხრა, ორივე მოწმე ე.წ. "ნასედკაა" და მათ გვარებს ხშირად ნახავთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში. ხუნდაძის შემთხვევაში, ორივე მოწმე ადასტურებს, რომ დაკავებისას მას იარაღი ამოუღეს სპორტული შარვლის საქამრიდან(?!).
მსგავსი "შეკერილი" საქმეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ე.წ. "ნასედკები" ხშირად ხვდებათ სისხლის სამართლის საქმეებში.
ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ცრუმოწმეები ექიმების გახმაურებულ სკანდალში ფიგურირებენ:
_ რატომღაც სულ ერთი და იგივე პიროვნებები, თანაც დევნილები არიან მოწმეები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დევნილები მიდიოდნენ ექიმებთან და გარკვეული თანხის საფასურად აკეთებდნენ ყალბ დასკვნებს. არ ვამტკიცებ, ეს ასე არ არის, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ყველა დაზარალებული და მოწმე დევნილია, _ აღნიშნავს წიწიკაშვილი.
გაზეთ "ბანკების და ფინანსების" რედაქტორი ზურაბ კუკულაძე იხსენებს, როგორ დააჯარიმა პატრულმა უცნობი პირის შეტყობინების საფუძველზე:
_ პარლამენტის წინ აქცია იყო. სამსახურიდან მოვდიოდი. როცა მომიტინგეებს ჩავუარე, დავუსიგნალე და მივესალმე. რამდენიმე მეტრი არ მქონდა გავლილი, პატრულმა გამაჩერა, შეტყობინება მივიღეთ, რომ ცუდად გაიარე და 20-ლარიანი ჯარიმა უნდა გამოგიწეროო.  მე ასე გადმომცეს, ჯარიმა უნდა დაგიწერო და შენ სადაც გინდა გაასაჩივრეო, მითხრეს, _ ამბობს კუკულაძე.
_ მსგავს შემთხვევებზე მსმენია, თუმცა, სამართალზე იშვიათად მიმუშავია და ასეთი ადამიანები პირადად არ მინახავს. ზოგადად, ქართული სამართალი და სასამართლო რომ ცრუ მოწმეებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, უცხო არ არის. ფოთში ყოფილა შემთხვევა, როცა მოწმე თავად კონკრეტულ ოპერაციაში ჩართული პოლიციელი ყოფილა. "ნასედკების" ინსტიტუტზე კომუნისტური რეჟიმი დიდ რესურსს ხარჯავდა. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ინსტიტუტი დღესაც არსებობდეს _ ჩვენ ხომ წარსული წყობილების მემკვიდრეები ვართ, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
ოპერაციაში ჩართული პოლიციელი რომ სასამართლოსთვის მყარი მოწმეა, ეს "რესპუბლიკური" პარტიის მხარდამჭერის, ჩოხატაურელი გოჩა ჯიქიას სასამართლო პროცესმაც დაადასტურა _ ჯიქია ბრალდებულად პოლიციელების ჩვენებაზე დაყრდნობით ცნო მოსამართლე ნიკოლაიშვილმა.
ხშირია შემთხვევები, როცა მოწმეებს ფიქსირებულ მისამართზე ვერ პოულობენ. ამის ნათელი დასტური ჩოხატაურელი ვინმე აბესალო ცინცაძეა, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. საქმეში დაფიქსირებულ მის მისამართზე სხვა ადამიანი ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ასეთი ადამიანები ორ-ორი პირადობის მოწმობით სარგებლობენ და ამით "გაშიფვრის" ალბათობას ამცირებენ.
სწორედ უმისამართო მოწმის ჩვენების საფუძველზე მიუსაჯეს 24 წლის ოზურგეთელ ახალგაზრდას 16-წლიანი პატიმრობა: 
_ ჩემი შვილი ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაცია-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. არ უარვყოფ, რომ ზემოქმედების ქვეშ იყო, მაგრამ არასდროს არ გაუყიდია წამალი. რომელი ნარკომანი გინახავთ, წამალს ყიდდეს?! წამლის გულისთვის ოჯახს გაყიდიან, რადგან ეს საშინელი ავადმყოფობაა, რომელმაც ჩემი ოჯახი გაანადგურა. დაკავებიდან მეორე დღეს გავიგეთ, რომ არსებობდა მოწმე, რომელმაც ჩემი შვილისგან ნარკოტიკი შეიძინა. ეს მოწმე ლაგოდეხში ცხოვრობდა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ დავადგინეთ როგორ აღმოჩნდა ოზურგეთში. ადვოკატმა ვერც მის საცხოვრებელს მიაგნო _ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა და ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე ჩემს შვილს 16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, _ გვითხრა ბრალდებულის დედამ.
ცრუ მოწმეები ყველაზე ხშირად ფიგურირებენ ე.წ. "კანონიერი ქურდების", "შავი სამყაროსადმი" მიდრეკილების მქონე პირების საქმეებში. სასამართლოს მიერ დღემდე დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა მოწმედ ერთი ოზურგეთელი და ერთი ჩოხატაურელი პიროვნება კანონიერი ქურდის, ხოფერიას სახლის ჩხრეკისას და აბაზანაში ნარკოტიკების აღმოჩენისას. ბრალდებულის ახლობლებისთვის დადგენილია, რომ ხოფერიას ბრალი სწორედ ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე წაუყენეს და გაასამართლეს კიდეც.
2005 წლის შემოდგომაზე, "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა წერილი სათაურით _ "მოწმე განათხოვრებით". მაშინ ვწერდით, როგორ აღმოჩნდა ვინმე გიორგი გაბიტაძე ბრალდების მოწმედ 39 სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ შევძელით და გაბიტაძეს ოზურგეთის პოლიციაში ჩვენების მიცემის პროცესში, ფოტოებიც გადავუღეთ.
ვერ გეტყვით, მას შემდეგ გაიზარდა თუ არა გაბიტაძის დახმარებით გახსნილი საქმეების რიცხვი, თუმცა ჩვენმა ობიექტივმა იგივე გიორგი გაბიტაძე რამდენიმე დღის წინ ისევ ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დააფიქსირა _ ამჯერად გამჭვირვალე შენობაში. შენობის გამჭვირვალობის მიუხედავად, გულახდილი არ ყოფილა გაბიტაძე _ ჩვენს კითხვაზე, საკუთარი ნებით თანამშრომლობს პოლიციასთან თუ აიძულებენ, პასუხი არ გაგვცა.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გიორგი გაბიტაძის სახელი და გვარი პირველად ჩვენგან გაიგონა, თუმცა, შსს-ში დანერგილი წესებიდან გამომდინარე, კითხვა, რამდენად აპრობირებული მეთოდია გამოძიებაში ცრუ მოწმის ჩვენების მიხედვით საქმის გახსნა, უპასუხოდ დაგვიტოვა (უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, ჯაფარიძე ჟურნალისტების კითხვებს უსმენს და იმის გამო, რომ პასუხის გაცემა აკრძალული აქვს, ბოდიშს იხდის).
ჩვენს წყაროზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ გაბიტაძე ამჯერად მნიშვნელოვანი მოწმეა ლეგალიზაციის კომისიების მუშაობის შესწავლაში, თუმცა, არ ხმაურდება, რომელი მუნიციპალიტეტის კომისიის მუშაობაში ფიგურირებს იგი.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღემდე ძალოვნებს მოწმის "გაშიფვრისგან" დაცვა არ შეეძლოთ. თუმცა, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით ეს უკვე "გაპრავებულია" _ კოდექსის თანახმად, მოწმეს შეუძლია დაცვის სპეციალური ღონისძიებები გამოიყენოს: საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში, მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების _ სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება, მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო დოკუმენტის გასაიდუმლოება უკვე შესაძლებელია. მოწმეს შეუძლია, ასევე, ისარგებლოს ფსევდონიმით, მოითხოვოს ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებების დანიშვნა: შეიცვალოს გარეგნობა, საცხოვრებელი ადგილი დროებით ან სამუდამოდ. კანონით, ეს, ცხადია, ცრუ მოწმეებს არ ეხებათ, მაგრამ...
არსებული ინფორმაციით, მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიება ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე გამოიყენეს _ პირს, რომელმაც სამართალდამცველებს რამდენიმე გახმაურებული საქმე გაახსნევინა, შეუცვალეს იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემები _ სახელი, გვარი, პროფესიის და სხვა, ასევე მის მიმართ გამოიყენეს განსაკუთრებული ზომა: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის მნიშვნელოვანმა მოწმემ საქართველოს ტერიტორია დატოვა და უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. ხარჯები, მოწმის დაცვის განსაკუთრებული ზომებისთვის, სახელმწიფომ გაიღო.

HDVS_CATEGORY: პოლიტიკა
Views: 717
HDVS_CATEGORY: საზოგადოება
Views: 39
HDVS_CATEGORY: პოლიტიკა
Views: 29

ია მამალაძის ინტერვიუ კორნელ კუკულავასთან, 1992 წელი

HDVS_CATEGORY: ისტორია
Views: 43
HDVS_CATEGORY: საზოგადოება
Views: 33
HDVS_CATEGORY: საზოგადოება
Views: 39

კულტურაguria