გლეხისა და მიწის ურთიერთჩივილის შესახებ ნაკლებად ესმის ვინმეს, მით უფრო, ხელისუფლებას, რომელიც, თითქოს, გამუდმებით ადამიანებზე ზრუნავს, თუმცა, სინამდვილეში  ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად ჯერ არავის მოუცლია. ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დანიშნული ლაშა ღლონტი, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებს კურირებს, "გურია ნიუსთან" ინტერვიუში, გლეხებისადმი რჩევების მიცემით შემოიფარგლა, რამაც არაერთი სოფლის მეურნის გაკვირვება გამოიწვია და რჩევების მიცემას იქეთ შეპირდნენ ახალგაზრდა აგრონომს, მიუხედავად მისდამი და მისი განათლებისადმი პატივისცემისა.
"გურია ნიუსი", როგორც ყოველთვის,  სოფლის არაერთ მცხოვრებს, უშუალოდ მიწაზე მომუშავე  ადამიანს შეხვდა, ვინც მამაპაპისეულ საქმეს ვერ ელევა, მიწის და შრომის ფასი იცის, მაგრამ ეკონომიკური ყოფა გასაქანს არ აძლევს, რომ მეურნეობა მოამჯობინოს.
გენო მახარაძე: _ ძალიან კარგია, თუ აგრონომიული განხრით, ხელისუფლებიდან ვინმე გლეხისთვის იზრუნებს და, საერთოდ, სოფლის მეურნეობას მიხედავს, მაგრამ ცარიელი რჩევა ვის სჭირდება, ეს გამაგებინონ. შესაწამლი პრეპარატი რომ ვიყიდო, ფასს თუ შევწვდები? ეს მოაგვარონ!  საწვავი რა ღირს, რომ წავიდე სოფელში, სადაც საკმაო ფართობი მაქვს? გადასაადგილებლად რომ მჭირდება, იმდენი საწვავის ყიდვა მიჭირს, ახლა ხვნა-თესვას რამდენი სჭირდება, ესეც იკითხე. მერე სასუქი, ტექნიკა... რომელი ჩამოვთვალო?  
თამარ ლომჯარია: _ გლეხს მუშაობას ვერავინ ასწავლის, თუიქნება ხელმისაწვდომ ფასში საწვავი, სასუქი; უპროცენტო ხანგრძლივ სესხს რომ გაიმეტებს მთავრობა მიწის ერთგული ხალხისთვის,  მაშინ იქნება საშველი... არ მითხრათ ახლა, საიდანო. რჩევაზე უფრო, ეს გვჭირდება, რა დროს მარჩიელობაა? 1 ჰა ფართობზე სხვადასხვა კულტურის მოყვანას რა თანხაც სჭირდება საწვავის, სასუქის თუ თესლის ჩათვლით, ამის მარაგი სოფლის მცხოვრებთა უმეტესობას, შინ არასოდეს აქვს, დასაქმებულია ვინმე თუ რა? რამდენიმე ტრაქტორი სურათის გადასაღებად რომ დააყენეს "რაიკომის" წინ, ეს არის დახმარება?!
თამაზ ლომჯარია: _ გლეხს არ აქვს გასაქანი, რჩევაზე უფრო რომ დახმარება გვჭირდება, ეს თუ არ იციან, მაშინ, რა იციან? დაუჩემებიათ, ფერმერები უნდა გაგხადოთო. ჯერ ერთი, გლეხი ასე უსაშველოდ რით განსხვავდება ფერმერისგან?! მეორეც, სანამ მძლავრი ფერმერული მეურნეობა გვექნება, მანამ რჩევებს ვუსმინოთ? გლეხს სჭირდება თანხა, საწვავი, სხვადასხვა მინერალური სასუქი, შესაწამლი საშუალებები. ფული გადაინახეო, რომ გვირჩევს, ეგ კაცი ჩვენებურია? სად მაქვს, რომ შევინახო? მასეთ მასწავლებლებზეა ნათქვამი, ვაგონია ჩამომდგარიო.
სოფლების მკვიდრ, შრომაში გამოცდილ სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ, "გურია ნიუსი" კვლავ ეწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს სოფლის მეურნეობის საკითხებში ლაშა ღლონტს. იგი გულღია და დაუზარელი მოსაუბრე ნამდვილად არის და რასაც ამბობს, ეტყობა, თავად ძალიან სჯერა:
_ ბატონო ლაშა, თქვენი წინა ინტერვიუ, საკმაოდ შემაშფოთებელი დარჩა მიწასთან მომუშავე ადამიანებისთვის... ამბობენ, ვის სჭირდება მაგათი რჩევა, ხალხს ეკონომიკურად მოგვხედონ და ჩვენ თვითონ ვეპატრონებით ჩვენს კარ-მიდამოსო.
_ რატომ არ სჭირდებათ? მანდარინს რომ აკლია შეწამვლა, გასხვლა, რეგულარულად ორგანული სასუქის შეტანა, ასევე _ მინერალურის, ხან ნაკელი შეაქვთ, ხან არ შეაქვთ, ხან სხლავენ, ხან _ არა, ჰგონიათ, თუ მიუშვებენ, მცენარე თავისით დაარეგულირებს ყველაფერს? სასუქის ფული თუ არ აქვთ, შეიძლება ოჯახში მომზადდეს კომპოსტი. ადგებიან და ნედლ ნაკელს პირდაპირ მცენარის ძირში ყრიან,
ელემენტარულ რაღაცეებს არ ითვალისწინებენ, უბრალოდ, ჟიჟის  დამზადებასაც თავისი წესი აქვს.
_ გლეხები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათთვის გამოყოს იაფი კრედიტი და დაეხმარონ სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. ამ ეტაპზე თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად თვლიან...
_ სახელმწიფოს სად აქვს მაგის ხარჯები? კომუნიზმი კი არ არის, ყველას გამოუყოს სასუქი ან შესაწამლი პრეპარატი უფასოდ. დამთავრდა კომუნისტების დრო, ახლა ბიუჯეტიდან გლეხს არავინ მისცემს მუქთად არაფერს.
_ კი, მაგრამ, ისევ მოქალაქეების მიერ შექმნილ ბიუჯეტში ძალიან მაღალი ხელფასებისა და პრემიებისთვის ხომ აქვს ხარჯები? ამ დაქცეულ ქვეყანაში რომ, მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, სოლიდურ ხელფასთან (2360 ლარი!)  ერთად, იმავე რაოდენობის პრემიას იღებს საახალწლოდ, თავის თანამშრომლებთან ერთად, ეს ნორმალურია?
_ ეს მე არ მეხება და არც ვიცი ამის შესახებ. მე ვამბობ იმას, რომ გლეხმა როგორმე უნდა გადაინახოს ხვნა-თესვის ფული, გაზაფხულზე ყველა იძახის, არ მაქვს საშუალება და ყანას ვერ დავთესავო, მოვა ივნისის დასაწყისი და მერე ყველა თესავს, ზოგი ქათამს ყიდის, ზოგი _ გოჭს, ცოტა ადრე რომ გაყიდოს ის ქათამი თუ გოჭი, არ შეიძლება?
_ "გამარტება" _ ეს მშიერი დროა! ამიტომ ხდება ბატონო ლაშა, ასე, მაისის ბოლომდე კი რაღაცით მაინც სულს ითქვამს გლეხი, ვიღაცას ნისიად ეხვეწება ყანის დახვნას, ვიღაცას თხილის სეზონამდე ფულის სესხებას თხოვს, არ შეიძლება, მათ კრედიტი მისცენ? ვიღაცამ ხომ უნდა გასწიოს ამ საქმის ორგანიზება?
_ მერე რით არის გარანტირებული, რომ იმ სესხს გადაიხდის? ვთქვათ, ვერ მოიწია ბარაქიანი მოსავალი, პროცენტსაც ვერ გადაიხდის არა თუ ძირეულ თანხას, უნდა მოვიფიქროთ რაღაც, არსებობს მანდარინის მომგებიანი ჯიშები, ყინვაგამძლე, ადვილად შესაკრავი, ბლომად ისხამს, გვალვასაც უფრო უძლებს.
_ ასეთი ჯიშის მანდარინი რომ დარგონ, 3-4 წელი ხომ უნდა, მოსავალი რომ მიიღონ? მანამ რა ჭამონ?
_ კუთვნილი მიწის ფართობიდან გამოყონ ნაწილი, რაზეც დარგავენ მანდარინს, დანარჩენზე სხვადასხვა კულტურა მოიწიონ და ასე გაიტანონ თავი.
_ ბატონო ლაშა, თქვენ ისეთ რჩევებს ხომ არ აძლევთ გლეხებს, შვილიშვილი რომ ბებიას რაღაცეებს ასწავლიდა? რასაც თქვენ ურჩევთ, ფიქრობთ, რომ მათ ეს არ იციან? ის კი არა და, ლამის დაავიწყდათ ეს ყველაფერი. ჩაის ფაბრიკები რომ დაშალეს და ჩაის კულტურა გაავერანეს, ამაზეც უკმაყოფილოა ხალხი, ამბობენ, თავს ჩაით ვირჩენდითო...
_ ის ფაბრიკები დასანგრევი იყო და იმიტომ დაანგრიეს, ძალიან დიდი მასშტაბის ფაბრიკები იყო, უხარისხო ჩაიზე მუშაობდნენ, ახლა მომხმარებელი ხარისხიან ჩაიზეა ორიენტირებული, პატარა მინი-ფაბრიკები აქვთ და კილოგრამ ჩაიში 1 ლარს კი უხდიან, თუ ვინმე მოკრეფს.
_ "მარტინ ბაუერს" რომ დაანგრევინეს მთელი ფაბრიკები და ჩაის მრეწველობის სისტემა, ეს იყო დასანგრევი? თუ დიდი ფაბრიკები არ იყო საჭირო, მის ადგილას პატარა რატომ არავინ ააშენა, თუ ჯართში ჩასაბარებლად უფრო ადვილი იყო?
_ ამაში მართალი ბრძანდებით, გემი ისე არ შეიძლება დაიშალოს, ნავი არ გამოვიდეს, თუმცა ეს მეპატრონეზეა დამოკიდებული და მე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. გლეხს რაც არ უნდა ურჩიო, მაინც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, მართალიც არის, რადგან ძალიან დიდხანს ატყუებდნენ მას. იგი მაინც უნდა დაფიქრდეს, შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი და სხვადასხვა კულტურა გამოსცადოს, 2-3 წელი მოითმინოს და შედეგსაც მიიღებს. მე გლეხისკენ ვარ, მინდა, ისინი ფერმერები გავხადო, სულ ვამბობდი, თუ კახელ გლეხს ვეხმარებით და სუბსიდირება ხდება, რატომ არ უნდა დავეხმაროთ გურულ გლეხს?
_ სიმინდთან დაკავშირებით მსურს გკითხოთ, თუნდაც ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე, გლეხს თითქმის მოსავლის ღირებულების საფასური უჯდება ყველა ჩასატარებელი სამუშაო, რაღაც ხომ უნდა დარჩეს, რა უნდა ქნას, როცა ყველაფერი ძალიან ძვირია? 
_ სიმინდზე ხელს ხომ ვერ ავიღებთ, მაგრამ გვალვაგამძლე ყვითელი სიმინდი უნდა დავთესოთ. ის ხარისხიანია, არ არის გენმოდიფიცირებული, რატომღაც ჭორებს რომ ყრიან, რაჭაში საუკეთესო შედეგი მიიღეს, ერთ ჰექტარზე _ 10 ტონა! ჩვეულებრივი, საადრეო, ძირითადად ერთტაროიანი სიმინდია. ვფიქრობ, ეს დიდ მოსავალს მისცემს გლეხებს, თესლიც არ ღირს ძვირი.
_ გაზაფხული ახლოვდება, თებერვალი კარს არის მომდგარი და ხეშიც წყალი მალე ჩადგება, როგორც ახალი კადრი, რას ეტყვით სოფელს, გლეხკაცს _ დამაიმედებელს, რომ გულში იმედი გაუჩნდეს?
_ სახელმწიფო აპირებს დიდი ფართობების აღწერა მოახდინოს, ჩამოჰყავთ ინვესტორთა ჯგუფი, უმჯობესი კია, ინვესტორმა იჯარით აიღოს ეს ფართობები, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, შეამოწმებენ, რა რისკ-ფაქტორებია, რა სჯობია და რა _ არა. გლეხებს მისცემენ სამუშაოს, მიწის გამოუყენებლობა არის საცოდაობა. თითოეული მტკაველი მიწა უნდა იქნეს ათვისებული. ყველა რაიონში  კეთდება ათიდან ოც ჰექტრამდე საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც გაშენდება სხვადასხვა ახალი კულტურები, მოცვი, პავლონია, ყვითელი ჯიშის სიმინდი, ბამბუკი და დააკვირდებიან, რომელი სჯობს. გლეხი თვითონ აირჩევს, რომელი კულტურა იქნება მისთვის სარგებლის მომტანი.
_ პირადად თქვენ, რას ურჩევთ გლეხებს, თვითონ თუ გაქვთ რომელიმე კულტურის მოყვანის გამოცდილება, რომელმაც მოგება მოგცათ?
_ როგორ არა, მე დავრგე პავლონია, მქონდა კივიც, რისგანაც მშვენიერი ბიზნესი ვაწარმოვე. ასევე დათესილი მქონდა ყვითელი ჯიშის სიმინდიც, რომელიც შესანიშნავია. არის ჰიბრიდული, შიში ნურაფრის აქვთ. ბუნებრივი კატაკლიზმები კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია, ამიტომ, სავარაუდო გვალვის პირობებში, უმჯობესი იქნება, ამ ჯიშის სიმინდი დავთესოთ. ვიმეორებ, მე გლეხისკენ ვარ და მაქვს უდიდესი სურვილი, თითოეული გლეხი უახლოეს მომავალში წარმატებული ფერმერი გახდეს.

 

protostar