21 სექტემბრიდან მოყოლებული, ქვეყანა სახალხო დამცველის გარეშეა დარჩენილი, მაშინ, როცა ორგანული კანონით არ შეიძლება ეს პერიოდი 30 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. სახალხო დამცველობის კანდიდატები შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციებში განაგრძობენ და "ჩამჭრელ"კითხვებს პასუხობენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს: გელა ნიკოლაიშვილს, ლია მუხაშავრიასა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ კანდიდატ თამარ გურჩიანთან შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე მოეწყო და შესაბამისად, ის დღევანდელ ღონისძიებას არ დასწრებია. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს - ნათია იმნაძეს, ის საქართველოში არ იმყოფება.

დღევანდელ შეხვედრაზე კანდიდატებს ორკითხვიანი ტესტის ჩაბარება მოუხდათ: რას ფიქრობენ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ და როგორ აფასებენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის საქმიანობას. გელა ნიკოლეიშვილის აზრით, დაპირისპირება სექსუალურ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, პრობლემურია განვითარებული დემოკრატიების მქონე ქვეყნებშიც კი:

" ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან, მხოლოდ ოთხ მათგანშია დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. დაპირისპირება სექსუალურ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ყველა ქვეყანაში არსებობს. სახალხო დამცველისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია, თუ როგორ დააბალანსებს ის ამ კონფლიქტს. რაც შეეხება ერთქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ჩვენი საზოგადოება არ არის აქამდე მისული და დარწმუნებული არ ვარ როდესმე მივა თუ არა. ჩემი აზრით, საზოგადოება აქამდე არ მივა უახლოეს 50 წლის განმავლობაში. მერე რა იქნება, არ ვიცით; ერთსქესიანთა ქორწინებაზე ჩემი მკაფიო პოზიცია არის უარყოფითი," _ განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება პროგრესული და ადამიანური აქტია, თუმცა სულაც არ აპირებს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოყენებას: "მე არ ვარ წინააღმდეგი ამ ქვეყანაში იყოს ერთსქესიანთა ქორწინება; არა ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალვე საკანონმდებლო ინიციატივას შევუერთდები და მოვითხოვ ამის დაკანონებას. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი ერთეულია, მე თვითონაც არატრადიციული ოჯახი მაქვს, მყავს ერთი გოგონა, რომელიც ვიშვილე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ერთობა, რომელსაც ადამიანები ოჯახად თვლიან, უნდა იყოს აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება სირაქლემას პოზაში ყოფნა, თუ ამ ადამიანებს არ მივიჩნევთ ოჯახად. მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ისე განვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ მივიდეთ აზრამდე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, შეიძლება არც მივიდეთ, მაგარამ ეს არ მზღუდავს მხარი დავუჭირო იმას, რაც არის პროგრესული და ადამიანური," _ განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მეორე შეკითხვა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიმართ სახალხო დამცველობის კანდიდატების დამოკიდებულებას შეეხებოდა.

ნიკოლაიშვილის აზრით, ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს "განზრახულობები და მოქმედების გეგმა", არსებობის უფლება აქვს.

"არის რაღაც საკითხები, როდესაც მათ არ ვეთანხმები, მაგალითად აგრესიული გამოსვლები სხვების უფლებების შეზღუდვის მომენტში, მაგრამ არის საკითხები, სადაც მათ შეიძლება დაეთანხმო," _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ლორთქიფანიძის შეფასებით, "მმკ არის რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ წევრებს იცავს გარკვეული ექსპანსიისაგან; მათ შორის, საკანონმდებლო ექსპანსიისგან..."

ლია მუხაშავრია კი მმკ-ს მიმართ საკუთარ დამსახურებასაც იხსენებს: "მე დამსახურებაც კი მაქვს მმკ-ს მიმართ. რამდენიმე წლის წინ, მათ მომხმარებელთა დაცვის ასოციაციაში, სადაც ვმუშაობდი, განცხადება შემოიტანეს და სრულიად სამართლიანად გააპროტესტეს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის კანონის უგულებელყოფა მაუწყებელთა მხრიდან. ჩვენ ვიბრძოლეთ და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ცისფერ ეკრანებზე ვხედავთ U , 12, 16, 18 და ა.შ. სიმბოლოებს, რაც მაყურებელთა დასაშვები ასაკის მანიშნებელია. "

ლია მუხაშავრიამ იქვე დასძინა, რომ როგორც უფლებადამცველი, გმობს ორგანიზაციის მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას.

შეხვედრის დროს, სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ; კერძოდ, სტუდენტები დაინტერესდნენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სახალხო დამცველობის კანდიდატები სოფელში მეჩეთის მშენებლობას. ნიკოლეიშვილის განცხადებით, ლოცვაში ხელის შეშლა ცალსახად კანონდარღვევაა; რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, მისი თქმით, ეს საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში. მუსლიმანი მრევლისთვის ლოცვაში ხელის შეშლის ფაქტი დაგმო დიმიტრი ლორთქიფანიძემაც, თუმცა დაამატა, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში, გეგმა და პროექტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ უნდა შეთანხმდეს. რაც შეეხება მუხაშავრიას, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში "ერთქესიანთა ქორწინება უფრო ადრე დაკანონდება, ვიდრე ნიგვზიანში მეჩეთი აიგება."

protostar