"მე აუცილებლად არქიტექტორი გავხდები"

gurianews.com

21-ს ქვევით

"მე აუცილებლად არქიტექტორი გავხდები"

მაისი 04
00:40:53 2011
გიორგი (გიზუნა) ბაბილოძე ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. იგი ხელოვანების ოჯახში იზრდება. მამა შოთა ბაბილოძე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის რეჟისორია, დედა ვერიკო ხუხუნაშვილი კი ამავე თეატრის მსახიობი და საბავშვო თეატრალური სტუდიის "ჩარლის" ხელმძღვანელი.

_ გიზუნა, როგორც ვიცით, თეატრალური სტუდიის წევრი ხარ.

_ დიახ, ალბათ, სხვანაირად არც შეიძლება, ხელოვანი მშობლების შვილი ნამდვილად უნდა იყოს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული.

_ ანუ, სტუდიაში შენი სურვილით შეხვედი...

_ რა თქმა უნდა. ჩემი სურვილით შევედი. დედას არც დაუძალებია. თეატრი ძალიან მხიბლავს თავისი მრავალფეროვნებით. მამაჩემს რეპეტიციებზე ხშირად დავყვები, ყველაზე მეტად ის პროცესი მაინტერესებს, როცა მსახიობები თავიანთი გმირის სახეს ირგებენ.

_ როგორია მამა რეპეტიციაზე?

_ ძალიან უყვარს წესრიგი, თუმცა მსახიობებს როლზე მუშაობისას თავისუფლებასაც ანიჭებს. საერთოდ, ეს ძალიან რთული და სერიოზული სამუშაოა. ზოგიერთს ჰგონია, რომ მსახიობობა მხიარული საქმეა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მსახიობები ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ.

_ თეატრალურ სტუდიაში რა როლები შეასრულე?

_ მე შევასრულე ზურიკელა ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), სოსოია, კოწია ფოსტალიონი ("მე ვხედავ მზეს"), ნოდარი ("ბოშები"). ახლა რომული კალანდაძის როლზე ვმუშაობ, საერთოდ, ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, მისი გმირები ჩემთან ძალიან ახლოსაა. ასევე შევასრულე დათვი ("წითელქუდა"), სიმონიკო ("იჭვიანი"), ნაცარქექია _ "ნაცარქექია," ნარუტო ("ნარუტო") და სხვა. ჩვენთან სარდაფის თეატრი იყო ჩამოსული და ოთარ ეგაძის "ქრონიკაში" კეისრის ბავშვობა ვითამაშე დუტა სხირტლაძესთან და დათო ხურცილავასთან ერთად. ბედნიერება იყო მათთან ერთად სცენაზე ყოფნა.

_შენ დიდ სცენაზე ასევე ი. ბერგმანის პიესაში _ "შემოდგომის სონატა" მიიღე მონაწილეობა. რომელიც მარჯანიშვილის თეატრიდან მოწვეული რეჟისორის ლელა ლაშხის მიერ იქნა გახორციელებული. უნდა გითხრა, რომ ეს სპექტაკლი ვნახე ოზურგეთის თეატრის სცენაზე და შენი როლით აღფრთოვანებული დავრჩი. როგორ გაიხსენებ ამ როლზე მუშაობას?

_ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. რაც შეეხება რეპეტიციებს, ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ ლელა ლაშხთან მუშაობა. როცა ამ როლზე გამანაწილა რეჟისორმა, მითხრა, რომ შენ აუცილებლად შეძლებ ისე შეასრულო ეს როლი, როგორც მე მაქვს ჩაფიქრებულიო. ქალბატონი ლელა ისე მექცეოდა, როგორც დიდ ადამიანს. მე შევასრულე 6 წლის ერიკის როლი, რომელიც იღუპება და შემდეგ ანგელოზის სახით ეცხადება ოჯახის წევრებს. მგონი გამომივიდა.

_ შენ პაროდიებიც კარგად გამოგდის...

_ დიახ. ჩემი მეგობრები ხშირად მთხოვენ წარმოვადგინო ესა თუ ის პაროდია. განსაკუთრებით ეთერ კაკულიასა და ბენდუქიძის პაროდია მოსწონთ. შაირობაც ძალიან მიტაცებს, საერთოდ მხიარული ვარ. ზოგჯერ იმდენს ვოხუნჯობ, ვერც კი მაჩერებენ.

_ ცეკვაზე არ დადიხარ?

_ ცეკვაზე დავდივარ. ქართული ცეკვის გარდა გატაცებული ვარ სამეჯლისო ცეკვებით. ვასრულებ ცეკვებს მაიკლ ჯექსონის რეპერტუარიდანაც. ჩემითაც ვიგონებ.

_ როგორც ვიცი, მოთხრობებსაც წერ. ძირითადად რაზეა შენი მოთხრობები?

_ ჩემი მოთხრობები სიყვარულზე და მეგობრობაზეა. მოთხრობების გმირები ჩემი მეგობრები არიან.

_ ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი?

_ ჩემი საუკეთესო მეგობარია რეზიკო მექვაბიშვილი, თუ რამე მიჭირს, პირველად მას ვეუბნები. შემიძლია, მას ყველაფერზე ვესაუბრო და რჩევაც ვკითხო.

_ შეყვარებული თუ გყავს?

_დიახ, თამამად ვიტყვი, დიახ.

_ ეტყობა ძალიან გიყვარს, ასე დაბეჯითებით რომ მპასუხობ. როგორია შენი რჩეული?

_ ჩვენ ტოლები ვართ, ბაღიდან ერთად მოვდივართ. იგი ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი გოგოა, ამასთანავე ჩემი სასცენო პარტნიორიცაა. ახლახან თბილისში ვიყავით ერთად. დედამ წაგვიყვანა მთაწმინდაზე, უამრავი სურათები გადავიღეთ, მერე "მაგდონალდსშიც" ვიყავით და "ჰამბურგერებიც" გეახელით.

_ არ კინკლაობთ ხოლმე?

_ ხანდახან კი, მაგრამ სერიოზულად არასოდეს გვიჩხუბია.

_ გიზუნა, შენ ძალიან ბევრი სფერო გიტაცებს, მომავალი პროფესია თუ გაქვს არჩეული?

_ მე აუცილებლად არქიტექტორი გავხდები. ასევე ბიზნესითაც ვარ დაინტერესებული. როცა გავიზრდები მინდა, რომ ჩემს ოზურგეთელებს, ახლობლებს და მეგობრებს დავეხმარო.



არქივი