ჩოხატაურის სახალხო თეატრი 128 წლიანი ისტორიით

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურის სახალხო თეატრი 128 წლიანი ისტორიით

ივლისი 10
10:38:40 2013
ჩოხატაურში პირველი წარმოდგენა 1885 წლის 3 ნოემბერს გაუმართავთ გიმნაზიის შენობაში, სადაც წარმოუდგენიათ გ. ერისთავის ორ მოქმედებიანი კომედია "ძუნწი" და აკ. წერეთლის ვოდევილი "ბუტიაობა". ამ პერიოდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, პირველი წარმოდგენები საქველმოქმედო მიზნით იმართებოდა. ამის დასტურია იმჟამინდელი ჟურნალ-გაზეთები: "დროება", "თეატრი", "ცნობის ფურცელი". წარმოდგენებზე შემოსული თანხით ეხმარებოდნენ ჩოხატაურის სოფლებში არსებულ სკოლებს, სამკითხველოებს, ღარიბ მსმენელებს.

ამ პერიოდში წარმოდგენების დადგმას უმეტესად შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. სპექტაკლები ხშირ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ, სკოლებში ან პროგესულად მოაზროვნეთა ოჯახებში იმართებოდა, მაგალითად, სოფ. სამებაში წეროძეების ოჯახის ინიციატივით, სოფ. გოგოლესუბანში ანტონ ბერძენიშვილის "ოდაში", სადაც ხშირად იმართებოდა იმჟამად ბათუმის გიმნაზიის მოსწავლის, შემდგომ კი აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე შუაფარცხმაში _ გლახუნა ბერძენიშვილის ოჯახში. 1913 წელს ჩოხატაურში გაიხსნა სახალხო სახლი, რომელსაც სახელოვანი ქართველი მსახიობის ლადო მესხიშვილის სახელი მიაკუთვნეს. სახალხო სახლის გახსნასთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილს სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს. დიდმა მსახიობმა ადგილობრივ სცენისმოყვარეებთან ერთად შეასრულეს ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ამ იუბილეს დამაგვირგვინებელი "აკორდი" ლადო მესხეშვილი იყო.

1921 წელს ჩოხატაურის თეატრის კომისრად დაინიშნა სერგო ბოლქვაძე, რეჟისორად აკაკი ცინცაძე. დასი შეივსო ნიჭიერი სცენისმოყვარეებით: სანდრო რამიშვილი, მიშა ჯალაღანია, ნიკო სიხარულიძე, ერმალო ბურჭულაძე, შოთა, დიმიტრი, ბიჭიკო ცინცაძეები, თამარ რამიშვილი, ვასილ, ლენა დუმბაძეები, ზინა ბერძენიშვილი, დარეჯან ჩიჩუა, კოკი რამიშვილი, ბესარიონ ნინიძე, ლუბა მეგრელიშვილი და სხვა. ისინი შთამბეჭდავ სახეებს ქმნიდენ სპექტაკლებში: გედევანიშვილის "სოფლის გმირები," ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა," ყაზბეგის "არსენა", ერისთავის "სამშობლო", გუნიას "მონადირე" და სხვა.

ჩოხატაურის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში შერწყმული იყო ჯანსაღი იუმორი და სატირა, მუსიკალური და დრამატული სცენები, სადა, ქმედითი თხრობა, ზოგჯერ კი შემტევი ტონიც. იდგმებოდა, როგორც ქართველი ისე რუსი და უცხოელი კლასიკოსების პიესები.

1931 წელს მოულოდნელად დაიწვა თეატრის შენობა. თეატრის ახალი შენობა აიგო 1932-1933 წწ.

ჩოხატაურის თეატრის დასს ნაყოფიერი მუშაობისათვის 1936 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად დაინიშნა ბატონი მიხეილ ჯალაღანია. მას გვერდით ედგა მისი მეუღლე ქალბატონი ნაზი კეჭაყმაძე. სახელმწიფო თეატრმა წარმატებით იმუშავა თორმეტი წლის მანძილზე. შემდეგ კი, როგორც მთელ საქართველოში პერიფერიების სახელმწიფო თეატრებს, ჩოხატაურშიც, უსახსრობის გამო, თეატრს დოტაცია მოუხსნეს და 1948 წელს სახელმწიფო თეატრი გაუქმდა. მაგრამ თეატრის დასს შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტია და ჩოხატაურის თეატრის მაყურებელს კვლავ მაღალ პროფესიულ დონეზე დადგმულ სპექტაკლებს სთავაზობდა.

1959 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიღო დადგენილება სახალხო თეატრის შექმნის შესახებ. რეჟისორად დაინიშნა ვლადიმერ ღამბაშიძე.

1960 წლის 4 იანვარს სახალხო თეატრმა წარმოადგინა ბათიაშვილის "ოქროს სათუთუნე". ამავე წელს ჩოხატაურის თეატრმა მონაწილეობა მიიღო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ სახალხო თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაში. სადაც წარმოადგინეს ტრიფონ რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", რომელიც განახორციელა საქართველოს სახალხო არტისტმა ვიქტორ ნინიძემ. ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლს მიენიჭა პირველი ხარისხის დიპლომი. ასევე დიპლომებით დაჯოლდოვდა ინდივიდუალური შემსრულებლები. სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობებს წარმატება მიულოცა საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა აკაკი ხორავამ.

ჩოხატაურში სტუმრად ჩამოსულმა ცნობილმა მსახიობმა ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, ჩოხატაურის თეატრის დასთან ერთად ითამაშა სპექტაკლებში "დარისპანის გასაჭირი", ანტონ ჩეხოვის "დათვი", ვოდევილებში --- "არიქა, მიშველე", "დუელი", "სოფლის ფერშალი".

1967 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სარაიონო თეატრების დათვალიერებაზე, ჩოხატაურის სახალხო თეატრმა წარმოადგინა შ. როყვას პიესა "დედა". სპექტაკლს პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა. სპექტაკლის დამდგმელი მიხეილ ჯალაღანია, თვითმოქმედმა მსახიობებმა თავიანთი როლები პროფესიულ დონეზე შეასრულეს.

აი, ასეთი შეფასება მისცა სპექტაკლ "დედას", საქართველოს სახალხო არტისტმა, ვახტანგ ნინუამ: "მე მომხიბლა ამ სპექტაკლის აკადემიურობამ, წინასწარ რომ არ მცოდნოდა, ვიტყოდი _ ჩემს წინ იყვნენ კვალიფიციური მსახიობები და არა სცენისმოყვარეები".

საქართველოს სახალხო არტისტი ვიქტორ ნინიძე: "ჩემი თეატრალური მოღვაწეობა განუყრელადაა დაკავშირებული ჩოხატაურის თეატრალურ ცხოვრებასთან და გულითადად მახარებს, რომ დღევანდელი სახალხო თეატრი თითქმის უტოლდება ბევრ აკადემიურ თეატრს".

პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა მთავარი მოქმედი პირის შემსრულებელს ქალბატონ თამარ მახარაძეს.

ამავე პერიოდში წარმატებით დაიდგა ებრალიძის "ამბავი ერთი სიყვარულისა", ირეთელის "ქრისტინე", კანდელაკის "ამაღლებული სოფელი", ყაზბეგის "მამის მკვლელი" და სხვა.

ჩოხატაურის თეატრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ჩვენს სცენაზე სხვადასხვა პერიოდში წარმატებით დაიდგა ნ. დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს", "მე ბებია ილიკო და ილარიონი", "ნუ გეშინია, დედა", "თეთრი ბაირაღები", "სისხლის ძახილი".

რეჟისორ ბიჭიკო ღამბაშიძეს დიდი შრომა დასჭირდა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების დადგმისათვის. წარმოდგენები გამოირჩეოდა მსახიობთა მართალი, ბუნებრივი თამაშით. სცენისმოყვარეები ძალდაუტანებლად, თავისუფლად მოქმედებდნენ.

ჩოხატაურის თეატრმა წარმატებით აჩვენა სპექტაკლები ქალაქ თბილისში გრიბოედოვის სახელმწიფო თეატრში. სხვადასხვა დროს წარმოადგინეს "მინდვრის დედოფალი" და "დაჭრილი არწივი" (რეჟისორი ილია არობელიძე) მოზარდმაყურებელთა თეატრში "შუაზე გაყოფილი ცრემლი" (რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე).

ჩოხატაურის თეატრში წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობდნენ რეჟისორები: სერგო ბოლქვაძე, თედო წეროძე, მიხეილ ჯალაღანია, მიხეილ ნინიძე, ოთარ ანდრონიკაშვილი, სანდრო რამიშვილი, გაიოზ გოგიბერიძე, როსტომ ყენია, ზურაბ ხვედელიძე, ჯიმშერ ხოხიაშვილი, ვაჟა გოგოლაძე, ბიჭიკო ღამბაშიძე, ილია არობელიძე და სხვა. მხატვრები: შალვა ძნელაძე, გურამ ნინიძე, ირაკლი გორდელაძე, დავით უღრელიძე, ჯემალ ცინცაძე და სხვ. მუსიკალური გამფორმებლები: მურმან ბერულავა, ბონდო ბენდელიანი, ავთო მახარაძე, თენგიზ შამილაძე. მსახიობები: ანტონ ბარათაშვილი, გიგა სურმანიძე, ალექსანდრე შონია, ლელი პაიჭაძე, თამარ მახარაძე, თამარ ჯიხვაძე, მერი გიორგაძე, ლამარა დოლიძე, თამარ პაიჭაძე, ზოია ბარამიძე, ლოლა კობიძე, გურამ მეგრელიძე, შურა ოსეფაიშვილი, ტიტე შარაშიძე, მუხრან ჩიჩუა, არსენ დუნდუა, ენვერ ფასეიშვილი, ვანო ჟღენტი, ლევან გავაშელიშვილი, ვასო ბუბუტეიშვილი, ნუგზარ გურიელიძე, ზაურ კეკელიძე, ლელა კიკვაძე, მზია სიხარულიძე, ნინო ნინიძე, ვლადიმერ და აკაკი მელაძეები და სხვები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბატონ ბონდო ბენდელიანისა და რეზო თედორაძის უდიდესი ღვაწლი ჩოხატაურის თეატრისადმი. არ იყო ადვილი ენთუზიაზმზე დამყარებული თეატრის ასეთი წარმატებული მუშაობა, რის შედეგადაც ჩოხატაურის თეატრი საქართველოში მოწინავე თეატრების გვერდით თავის სიტყვას ამბობდა. ჩვენი თეატრის მაღალი პროფესიული დონე აღუნიშნავთ ქართული სცენის ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ: აკაკი ხორავა, ვიქტორ ნინიძე, დოდო ანთაძე, დიმიტრი ალექსიძე, გაიოზ იაქაშვილი და სხვები.

როგორც აღვნიშნეთ, თეატრს ჰქონდა, როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი პერიოდები.

2007 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კულტურის ცენტრის (ხელმძღვანელი თამარ კეკელიძე) ძალისხმევით კვლავ აღდგა სახალხო თეატრი, მას სათავეში უდგას გიორგი ცინცაძე, რომელმაც რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი განახორციელა და მაყურებლის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. დაიდგა სპექტაკლები: 2007 წელს ნაწყვეტები ნ. დუმბაძის ნაწარმოებებიდან, 2008 წელს ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები" და ა. ნასინის პიესა "ქალაქში მანიაკი დადის", 2009 წელს გ. ხუგაშვილის ვოდევილი _"ჩემი სიდედრი", 2010 წელს შადიმან შამანაძის "ღია შუშაბანდი", 2011 წელს ნ. დუმბაძის ნაწარმოებების კოლაჟი "სისხლის ძახილი", 2012 წელს თამაზ მეტრეველის "სუპერქართველები", 2013 წელს მოეწყო ვოდევილების საღამო "მოდი, ერთად ვიცინოთ".

ნ. დუმბაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სახალხო თეატრმა აღადგინა ნ. დუმბაძის ნაწარმოებების კოლაჟი _ "სისხლის ძახილი", რომელიც 19 ივლისს ნაჩვენები იქნება კინოთეატრ "გურიაში".

თეატრალური დასს აქვს პრეტენზია, კვლავ აღდგეს ჩოხატაურში სახელმწიფო თეატრი, რაც ასევე მაყურებლის დიდი სურვილიცაა. იმედია, ეს იდეა შემოქმედებითი დასის ძალისხმევითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით აუცილებლად განხორციელდება.

R



არქივი