დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდი ბრიტანეთიდან

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდი ბრიტანეთიდან

სექტემბერი 06
11:31:30 2013

ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა მათ ცხოვრებაში, რომ არა კომპანია "წყალი მარგებლის" არაჩვეულებრივი სიურპრიზი _ წარმატებული მოსწავლეები სს "წყალი მარგებელმა" დიდ ბრიტანეთში საზაფხულო სკოლაში გაუშვა და მათი სწავლის, მოგზაურობის ყველა ხარჯი თავად გადაიხადა.

ბრიტანეთიდან დაბრუნებული მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს იყო დაუვიწყარი ორი კვირა, რომელმაც მათ ბევრი რამ ასწავლა.

მაგდა მამალაძე, ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: EC LONDON school _ სკოლა, სადაც 2 კვირა გავატარე, არასდროს დამავიწყდება. პროფესიონალი, მხიარული მასწავლებლები, საინტერესო გაკვეთილები, სწავლისთვის საჭირო გარემო... და, რაც მთავარია, ინგლისური ენის არაჩვეულებრივი პრაქტიკა. გავიცანი უამრავი თანატოლი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვცხოვრობდი არაჩვეულებრივ ოჯახში, რომლის ყველა წევრი ცდილობდა თბილი გარემო შეექმნა ჩემთვის.

ძალიან შემიყვარდა ლონდონი, თავისი წითელი ავტობუსებით, ტელეფონის ჯიხურებით, თავაზიანი ხალხით, უზარმაზარი მეტროსადგურებით. ვნახე ლონდონის ეროვნული გალერეა. არასდროს დამავიწყდება ლეონარდო და ვინჩის, ვან გოგის, მონეს, მანეს, რენუარის, პიკასოს, ალფრედ სისლეის ნამუშევრებით გამოწვეული ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ ნახატების უმეტესობა სხვადასხვა გამოცემაში ნანახი მქონდა, ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა ორიგინალების ნახვამ. ვესტუმრეთ ბრიტანეთის მუზეუმს, სადაც მთელი მსოფლიოს ისტორიაა თავმოყრილი და ძველი ეგვიპტის, რომის, ელადურ ძეგლებთან ერთად, დავით IV აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტაც ინახება. ვნახეთ მადამ ტუსოს მუზეუმი. შესაძლებლობა მქონდა საკუთარი თვალით მენახა ცნობილი ისტორიული პირების, მეცნიერების, კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავების, თქვენ წარმოიდგინეთ, განგსტერებისაც კი, ცვილის ფიგურები. თმის ფერი, სახის ნაკვთები, ვარცხნილობა ყველაფერი რეალურთან დაახლოებული და თითქმის ანალოგიური იყო. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა იდგე აინშტაინის, პიკასოს, ვან გოგის, მაჰათმა განდის, ჩერჩილის, შექსპირის, ბრიტანეთის დედოფლის, თუნდაც მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონ ჰუსეინ ბოლტის, პელეს გვერდით. მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა მთელი ლონდონი "ლონდონის თვალიდან", რომელიც ყველაზე დიდი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში და სრული ბრუნის შესრულებას 40 წუთს ანდომებს. ასევე დავათვალიერეთ ლონდონის ხიდი, უესტმინსტერის სააბატო, ტრაფალგარის მოედანი, ვიყავით ოქსფორდის ქუჩაზე, გრინვიჩის ობსერვატორიაში, ჰაიდ პარკში. დასვენების დღეს ვესტუმრეთ საზღვაო ქალაქ ბრაიტონს, რომელიც ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ლა-მანშის სრუტესთან მდებარეობს. არასდროს დამავიწყდება ამ მშვენიერ, ხმაურიან, მხიარულ ქალაქში გატარებული ყოველი დღე... ამას, ყველაფერს კომპანია "წყალი მარგებელს" უნდა ვუმადლოდე. ის, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა და სწავლა საქართველოს გარეთ ასე მშვენიერი გამოდგა, ამ კომპანიის დამსახურებაა და დიდი მადლობა მას ამისთვის.

როგორც მაგდა ამბობს, ვიზიტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული:

_ გამგზავრების წინ და ჩამოსვლის დროს შეგვხვდნენ ბატონი მიხეილ სვიმონიშვილი და გია გოგოლაძე. მათ აინტერესებდათ როგორი იყო ჩვენი ვიზიტი ლონდონში, იყო თუ არა სასარგებლო ინგლისური ენის შესწავლისთვის, _ დასძინა მაგდა მამალაძემ.

ლუკა ყაჭეიშვილის თქმით, ლონდონმა თავი სიგარეტის ნაკლები კვამლით დაამახსოვრა:

_ 2013 წლის აგვისტოს, სრულიად მოულოდნელი სასიხარულო ამბავი გავიგე - დიდ ბრიტანეთში მივემგზავრებოდით, რათა გაგვევლო 2-კვირიანი ინგლისური ენის კურსები ლონდონის სკოლის „EC LONDON school”-ში. სამივესთვის ეს იყო პირველი მგზავრობა საზღვარგარეთ; იქეთობას, აეროპორტებში გზის დამოუკიდებლად გაკვლევა ცოტა ძნელი აღმოჩნდა, თუმცა, აქეთობას მივხვდით, რომ უკვე ყველგან შეგვიძლია დამოუკიდებლად წასვლა. მე და მაგდა ლონდონში დაგვაბინავეს, გვანცა კი _ ოქსფორდში.

სკოლაში მისულებს, იმავე დღეს ტესტები დაგვაწერინეს და ჯგუფებში გაგვანაწილეს. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ყოველი დღე, გაკვეთილებიც კი ძალიან საინტერესო იყო. დაგვათვალიერებინეს მთელი ლონდონი ჩვენი გუნდის, სოციალურმა ლიდერებმა, ერთმანეთზე უკეთესებმა და მხიარულებმა, რომლებიც მზად იყვნენ დაგვხმარებოდნენ ყველაფერში.

საინტერესოა, რომ რაც ლონდონში ჩავედი, მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ ვიგრძენი სიგარეტის სუნი.

გავიცანი უამრავი უცხო მეგობარი. მეგობრების შეძენა იმაზე ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სრულიად აღფრთოვანებული ვარ ლონდონის სილამაზით და იქაური ხალხის სიკეთით. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს 2 კვირა საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, _ ამბობს ლუკა.

გვანცა ცინცაძე, რომელმაც 2 კვირა ოქსფორდში გაატარა, ბრიტანეთში არსებული მაღალი ფასებით უკმაყოფილო დარჩა:

_ ერთადერთი, რაც დიდ ბრიტანეთში არ მომეწონა, ეს არის მაღალი ფასები. სამწუხაროდ, განრიგიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე საფეხბურთო მატჩსა თუ როკ-ონცერტზე დასწრება. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, მივიღე სერთიფიკატი. გარკვეული პრობლემები შემექმნა გამომგზავრებასთან დაკავშირებით; ჩემი სახელის გამოთქმა ძალიან უჭირდათ და სკოლის წარმომადგენელმა ტაქსის კომპანიას, რომელსაც აეროპორტამდე უნდა მივეყვანე, არასწორად გადასცა ჩემი სახელი, ტაქსი დანიშნულ დროს არ მოვიდა და ფრენის შეცვლა მომიხდა. ამ გაუგებრობის მიუხედავად, ოქსფორდში გატარებული 2 კვირა ჩემთვის დიდი და სასიამოვნო გამოცდილებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი "წყალი მარგებელს," _ აღნიშნა გვანცამ.

როგორც მაგდა ამბობს, "წყალი მარგებლის" ამგვარი მიდგომა დიდი სტიმულია ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის: _ დარწმუნებული ვარ, ეს ერთჯერადი სიურპრიზი არ იქნება და ჩემი სხვა თანატოლიც ამ კომპანიისგან სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება. კარგია, როცა შრომა და სწავლა ფასდება და შენზე ზრუნავენ, მაგარია!

გვანცა ცინცაძე ოქსფორდში

ლუკა ყაჭეიშვილი ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად

მაგდა და გვანცა გია გოგოლაძესთან ერთად "წყალი მარგებლის ოფისში"

EC LONDON school

ლუკა და მაგდა ლონდონში



არქივი