"ცხოვრებას აუცილებლად კინოს დავუკავშირებ"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ცხოვრებას აუცილებლად კინოს დავუკავშირებ"

მაისი 31
00:03:45 2011
გერონტი (გეგე) ჩიგოგიძეს მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წილად ხვდა ბედნიერება, გადაეღოთ საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმში "სისხლი.” სადაც მთავარი გმირი _ ნოდარი შეასრულა. თუ როგორ დაამტკიცეს ამ როლზე, ამას გეგე თავად გვიამბობს.

_ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სოფელ ზენობანში, რომელიც ნოდარ დუმბაძის მშობლიური კუთხეა, უკრაინიდან ჩამოდიოდნენ ფილმის გადასაღებად. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. საერთოდ ჩვენს ოჯახში ხშირად ჩამოდიან სტუმრები ზაფხულობით. მთელი წლის განმავლობაში კი ნ. დუმბაძის სახლ-მუზეუმს დამთვალიერებელი არ აკლია, რომლებიც ყოველთვის დიდი შთაბეჭდილებების გარემოცვაში ექცევიან და აი, დადგა ეს დღეც და ზენობანს ფილმის რეჟისორი, ირინა პროვილო და გადამღები ჯგუფი ეწვია. ისე შევხვდით ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ირინას ტექნიკურ პერსონალთან ერთად დედა და და ახლდნენ. ისინი ჩვენთან დაბინავდნენ. რეჟისორი მერე გვიყვებოდა, როცა გეგე დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ მთავარი მოქმედი გმირი სწორედ მას უნდა შეესრულებინაო.

_ ჩამოსვლიდან რამდენ ხანში დაიწყეს ფილმის გადაღება?

_ ჯერ დაათვალიერეს ნ. დუმბაძის სახლ-მუზეუმი, შემოიარეს მთელი სოფელი, შეხვდნენ მოსახლეობას, რომლებიც ძალიან მოეწონათ. ფილმის გმირებიც აღმოაჩინეს: ზაურ სიხარულიძე, ნარგიზ დოლიძე, აკაკი სიმონიშვილი, ინდირა კალანდაძე.

_ სანამ ფილმის გადაღებას დაიწყებდნენ, შენ როგორ მოემზადე როლისთვის?

_ მე კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს მოთხრობა. რეჟისორთან ერთად ვსაუბრობდით ამ მოთხრობაზე, მის თითოეულ პერსონაჟზე. ირინა საერთოდ კარგად იცნობს დუმბაძის შემოქმედებას და რა თქმა უნდა, ესეც დაეხმარა ფილმის წარმატებით გადაღებაში.

_ როგორ გაიხსენებ ფილმზე მუშაობის პროცესს.

_ საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა. ძალიან გავერთე, ხშირად ვხუმრობდით, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ საოცრად შრომატევადი და დამღლელი სამუშაო იყო. ერთხელ ძალიან ცხელოდა, მთელი დღე არ გავჩერებულვართ. საღამოს კი რეჟისორმა გამოგვიცხადა _ ხვალ დილით ადრე დავიწყოთ გადაღებებიო. მე გავბრაზდი, თავი დამანებეთ, აღარ შემიძლია-მეთქი. მე და ირინა გავიბუტეთ (იცინის). მეორე დღეს, რა თქმა უნდა, შევრიგდით და გადაღებები გავაგრძელეთ.

_ გეგე, მე რამდენიმე დღე ფილმის გადაღებას დავესწარი. ორწუთიანი კადრიც რომ გადაიღო, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. რამდენი რამ უნდა გაითვალისწინო: ამინდი, მზე ძალიან არ უნდა აცხუნებდეს, ღრუბელი, რომელიც ზოგჯერ ხელს გიშლის, ხმაური და ა.შ. საერთო ჯამში, მართლაც ძალიან დამქანცველი სამუშაოა. მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო რეჟისორის, ირინა პროვილოს მაღალი პროფესიონალიზმი და ფანატიკური სიყვარული თავისი საქმისადმი.

_ დიახ, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ფილმის ყველა მონაწილეს ერთნაირად გვინაწილებდა სითბოს. ასევე ძალიან მშვიდად და აუღელვებლად გვიხსნიდა ყველა ნიუანსს. ზოგჯერ ცრემლიც კი მომერეოდა ხოლმე, როცა ვუყურებდი, როგორ სიღრმისეულად ცდილობდა ჩასწვდომოდა შვილიშვილისა და ბებია-ბაბუას შორის არსებულ სათუთ სიმებს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი ადამიანები გავიცანი.

_ მომავალი პროფესია თუ გაქვს არჩეული?

_ ამბობენ, რომ თუ ხელოვნებასთან ერთხელ დაკავშირდი, მერე ძნელია მისგან თავის დაღწევაო. მართალი ყოფილა. მინდა მსახიობი გავხდე. მე მაქსიმალურად ვეცდები და ვნახოთ.

_ როგორც ვიცით, რეჟისორმა კიევში წასვლა შემოგთავაზა.

_ დიახ, ვცდილობ კარგად ვისწავლო, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარო და შემდეგ კიევში წავიდე სწავლის გასაგრძელებლად. მინდა ჩემი ცხოვრება კინოს დავუკავშირო.



არქივი