შეხვედრა სახელოვან მეცნიერთან

gurianews.com

21-ს ქვევით

შეხვედრა სახელოვან მეცნიერთან

იანვარი 01
04:00:00 1970

ჩემს მშობლიურ სოფელ გოგოლესუბანს, ბევრი საამაყო შვილი აღუზრდია, მარტო ნიკო ბერძენიშვილის სახელის გახსენება რად ღირს. საქართველოში ცოტაა ისეთი სოფელი, რომლის შვილსაც პატივი ერგო მთაწმინდის "ბინადარი" გამხდარიყო...

ჩემი სკოლა ნიკო ბერძენიშვილის სახელს ატარებს, სწორედ ამიტომ, გაათმაგებული პასუხისმგებლობით და მოწიწებით სკოლაში სტუმრად მოვიწვიეთ ნიკო ბერძენიშვილის აღზრდილი და მისი საქმეების გამგრძელებელი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ვაჟა ფშაველას და ივანე ჯავახიშვილის პრემიების ლაურეატი, დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ჩოხატაურის საპატიო მოქალაქე იური სიხარულიძე.

ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარი, ლეილა ბოცვაძე გახლდათ, რომელმაც მეცნიერის ნაშრომები გაგვაცნო.

სიხარულიძესთან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები ამ ნაშრომებიდან, სიმღერები, ლექსები... ერთი სიტყვით, ღონისძიება, რომელიც ჩვენი კუთხის ცხოვრებას ასახავდა, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა.

_ ბედმა არ მარგუნა უწყვეტად მეცხოვრა ჩემს სოფელში და დღენიადაგ ვყოფილიყავი იმ ხალხის ჭირისა და ლხინის მოზიარე, რომელიც ასე მიყვარდა. მაგრამ მაინც არ ვეპუებოდი ბედის განაწესს და როგორც საშუალება მომეცემოდა, მაშინვე ჩემი სოფლისკენ მივიჩქაროდი, ვაკვირდებოდი სოფლის ცხოვრებას, ვწერდი ყველა თვალსაჩინო შემთხვევას, _ გაიხსენა შეხვედრაზე იური სიხარულიძემ.

მართლაც ასეა, მის ნაშრომებში ჩვენი სოფლის ყველა დეტალის გაცოცხლება შეიძლება. ეს კი ყველას გვეამაყება, რადგან იური სიხარულიძის ფესვები ჩვენს სოფელშია. გვეამაყება ისიც, რომ სიბრძნით, მჭერმეტყველებით, გულისხმიერებით და გულთბილობით გამორჩეულ პიროვნებას კიდევ ერთხელ მოვეფერეთ.



არქივი