პირდაპირ ეთერში ჩაწერილი ინტერვიუ

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

პირდაპირ ეთერში ჩაწერილი ინტერვიუ

იანვარი 01
04:00:00 1970
"თბილისის კოლორიტი" _ ასე უწოდა ქართულმა საზოგადოებამ გივი სიხარულიძეს. მსახიობი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია. ინტერვიუს ჩასაწერად სამსახურში, რადიო "საქართველოს ხმის" ოფისში ვესტუმრეთ და ჩვენი ინტერვიუც პირდაპირ ეთერში ჩაიწერა.

_ წარმოშობით მეც გურული ვარ, ჩემი მშობლები, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა _ ყველანი გურიიდან არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც ჩემი თბილისისა ვარ, მე ჩემს ქალაქს ვუყვარვარ. აქედან გამომდინარე, მე ვერც გურიის ვიქნები, ვერც იმერეთის, ვერც კახეთის და ვერც რაჭის, მე სუფთა ქალაქელი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი გურია ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

_ დღეს თუ გაქვთ კავშირი გურიასთან?

_ სამწუხაროდ, არა. იმიტომ, რომ ჩემი ბიცოლაც გარდაიცვალა, ჩემი ბიძაშვილიც. ბავშვობაშიც იშვიათად ჩავდიოდი, მაშინ ძალიან უჭირდა ბიცოლაჩემს, არ ჰყავდა ქმარი, კომუნისტებმა დაუხვრიტეს, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. იმისთვის, რომ არ დამეკარგა ჩემი გურია, გრიგოლეთთან ახლოს ავაშენე სახლი. ჩემი შვილები ჩადიან და გიჟდებიან იქ ყოფნაზე. მიმაჩნია, რომ ჩოხატაური ყველაზე ლამაზი რაიონია მთელ გურიაში. სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, ის ადგილი ახლა გაყიდულია, ვაპირებ ისევ შევისყიდო მამაჩემის საპატივცემულოდ, მინდა მამაჩემის სული ტრიალებდეს იქ.

_ ბატონო გივი, ყოველთვის ყველას ამხიარულებთ თქვენი საინტერესო და სახალისო თავგადასავლებით, იქნებ, ჩვენც მოგვიყვეთ რამდენიმე, ოღონდ ისეთი, რაც არსად მოგიყოლიათ.

_ ოოო, რაც არსად მომიყოლია? კი, ბატონო, ახლა მე მოგიყვებით ისეთ ისტორიას, რაც არსად გამიჟღერებია. ანუ, ეს იქნება ექსკლუზივი თქვენი გაზეთისთვის. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, 1965 წელია, გასტროლებზე ვართ საფრანგეთში. პარიზში გავიცანი ერთი ულამაზესი ფრანგი გოგონა და ღამით გავიპარე სასტუმროდან მის სანახავად. ღამე შემოვლა იყო ხოლმე. ილიკო სუხიშვილის ძმა, ვალოდია ყუფარაძე (ნახევარძმა იყო ილიკოსი) აკეთებდა აღრიცხვას _ ვინ იწვა ლოგინში და ვინ არა. მე ჩემს საწოლში ჩავაწყვე დიდი მუთაქები, წავაფარე საბანი და წავედი. ჩემ გვერდით იწვა ჩემი მეგობარი, სუხიშვილების ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მოცეკვავე ბეჟან სურმავა. შემოსულა ვალოდია და უკითხავს,

_ "აბა, აქა ხართ ყველა? სიხარულიძე სად არის?", _ სძინავს, აი, აქ არისო, უთქვამს ბეჟანს და ვალოდიაც გასულა. კარგად რომ ვინებივრე ამ ფრანგ გოგოსთან, დილის 6-ის ნახევარია და ვიპარები სასტუმროში, შევედი და ვხედავ, კაგებე-ს მინისტრის მოადგილე, ბატონი გივი ჯორბენაძე დგას იქვე. დაღუპული ვარ, აღარაფერი აღარ მშველის, ფერი დავკარგე. "გივი, მოდი აქ, რაღაც უნდა გთხოვოო", დამიძახა, მეც მივედი. მგონია, უნდა მისაყვედუროს და... მეუბნება,"კაზინოში ვიყავი წასული სათამაშოდ ერთ ქალთან ერთად, ეს წუთია მოვედი და ძალიან გთხოვ, არსად არ თქვაო". ვიფიქრე, რომ მასხრად ამიგდო და ირონიით მეუბნებოდა. კარგი-მეთქი, ვუთხარი დაბნეულმა და დავემშვიდობე. მეორე დილით მივფრინავთ იტალიაში და როგორც ყოველთვის, კითხულობენ სიას, ასე მგონია, მორჩა, გათავებულია ჩემი ამბავი, მე ვინ ჩამსვამს სიაში, ერთადერთი იმის იმედი მაქვს, ორი-სამი მოგზაურობა დამსჯიან და მერე ისევ გამიშვებენ. არც ვუსმენ სიის ამოკითხვას და უცებ მესმის _ "გივი სიხარულიძე". გავგიჟდი, ისე გამიხარდა, მთელი ჩემი ცხოვრება ვერ ვიტანდი კაგებეს და იმ დღეს ჩემს თავს ვუთხარი, რომ თურმე ყველაზე ერთნაირად არ უნდა იმსჯელო და რომ ამ კაგებეშიც არსებობს ვაჟკაცი ხალხი-მეთქი. ეს ადამიანი ახლა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება, როგორც ვაჟკაცი, რაინდული თვისებების მატარებელი კაცი. კიდევ ერთს მოგიყვებით _ 1964 წელია, 6 თვე ვიყავი ლათინურ ამერიკაში გასტროლებზე. წასვლამდე შემხვდნენ ჩემი ძმაკაცები. ხოდა ამ ძმაკაცებს გავუკეთე საჩუქრები და ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა, ის გამომრჩა. როცა ჩამოვედი მეკითხება: "გივიჯან, რა ჩამომიტანე, ტო, ამერიკიდანო"? რა უნდა მეთქვა, ვუთხარი _ "მე შენ ჩამოგიტანე გულწრფელი შთაბეჭდილებები-მეთქი", ეს რა საჩუქარიაო, გადაირია კაცი. რას ამბობ, მე ვუთხარი, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, აბა, დაუფიქრდი _ "გულწრფელი შთაბეჭდილებები ამერიკიდან". კიდევ უკეთესს მოგიყვებით _ ჩამოვედი საფრანგეთიდან, აეროპორტში დამხვდა მამაჩემი და ჩემი სიმამრი. ვხედავ, მამაჩემს ცოტა სხვანაირი სახე აქვს. მამა, რა მოხდა, დედა როგორ არის-მეთქი. კარგად არისო, ჩემი ცოლი-მეთქი, კარგადაა ისიცო. ვაახ, კაცო, ყველა ვიკითხე და კარგად არიანო. მაშინ მითხარი, რა ხდება-მეთქი. გავგიჟდი კაცი. მამიდა მყავდა ერთი გეოგრაფიის მასწავლებელი, გრძელი ცხვირი ჰქონდა და არ წაიყვანა არავინ. მისი გაზრდილი ვიყავი, ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, ხოდა, თურმე ეს მამიდა ყოფილა ცუდად, კვდებაო მითხრეს. აუუ, დავყარე ყველაფერი და წავედი. ენგელსის ქუჩაზე ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, მთელი სანათესავო იქ იყო. შევედი თუ არა ოთახში, თვალებით მიცნო და მეუბნება, შ. გ. რ. კ. ც. ჩ. გ. მ. ხ. კ. კ. ფ. შ და ასე შემდეგ და გარდაიცვალა. ნუ, ჩვეულებისამებრ რამდენიმე დღეში დავასაფლავეთ საცოდავი მამიდაჩემი და დავიწყე ფიქრი თუ რა მითხრა სიკვდილის წინ და გავშიფრე: შ. გ, _ შვილო, გივი, რ. კ. ც. ჩ. _ რა კარგია ცოცხალს რომ ჩამომისწარი, გ. მ. _ გაიხედე მარჯვნივ, ხ. კ. _ ხედავ კედელს? კ. ფ. შ.-ო კედელში ფულია შენახულიო და მეტი აღარ გავშიფრე, რად მინდოდა, ფული ვიშოვნე და... ვიყიდე დიდი ჩაქუჩი და წავედი კედლის დასანგრევად, არცერთ ძმაკაცს არ ვუთხარი, იმათთვის რომ მეთქვა, მაშინ წილშიც უნდა გამეყვანა და ეს არ მაწყობდა. არადა, ცხოვრებაში ცეკვის გარდა არაფერი მაქვს გაკეთებული. თან იცით, რამხელა აგურის კედლებია? ორი ხელი რომ გაშალო ერთად ვერ გაწვდები. თვენახევარი ვანგრევდი. ხელები აღარ მივარგა უკვე, დავამთავრე ნგრევა და ვხედავ არაფერი არ არის. ვაიმე, ვიფიქრე, ეს რა უბედურება დამემართა, ჩამოვჯექი იქვე დაღონებულმა და უცებ მომაგონდა, გ. მ. გაიხედე მარჯვნივ, კაცო მარცხენაც ხომ მ.-ზე იწყება და ახლა მივადექი მარცხენა კედელს. ზუსტად 27 დღე მოვანდომე მარცხენა კედლის დანგრევას. ახლა უკვე ვიცოდი, სად უნდა დამერტყა, დავანგრიე ისიც და იქაც არაფერი, ვზივარ მოწყენილი და მესმის გადმოხტი, გადმოხტიო. თურმე ცენტრალური კედელი ჩამინგრევია და დაინგრა სახლიც. მოვარდა სასწრაფო, პოლიცია, მამაჩემიც მოვიდა და ჰგონია, რომ გავაფრინე. მითხრა, შვილო, ავლიპ ზურაბაშვილი და გობრონიძე ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ წამყევი, გაგსინჯავენ და საავადმყოფოში არ დაგაწვენ, სახლში გიწამლებო. სანამ საგიჟეში წამიყვან, გამოდი აქეთ, რაღაცა უნდა გითხრა-მეთქი და ვუთხარი, რატომაც დავანგრიე კედლები. კაცი კინაღამ მოკვდა სიცილისგან: შე შობელძაღლო, თუ ანდერძზე ფიქრობდი, ვერ მითხარი მეო, გეოგრაფიის მასწავლებლებს რომ გალაქული ჯოხები აქვთ რუკაზე მოსახაზად, ის დაგიტოვა და თქვა, თუ მასწავლებლობა მოინდომოს ჯოხი ექნებაო. ლამის, გული გამისკდა. 1500 მანეთი დაგვიჯდა იმ კედლების ხელახლა აშენება, სახელმწიფო ქონება იყო და ვინ შემარჩენდა? დამიჭერდნენ. ხოდა გაგრაში ვარ და არ მასვენებს იმაზე ფიქრი თუ რა მითხრა მამიდაჩემმა სიკვდილის წინ, რაც მხოლოდ სიტყვების წინა ასოებს განსაზღვრავდა, უცებ მოვედი აზრზე მე დურაკი. ნუ, შვილო გივი, რა კაია ცოცხალს რომ ჩამომისწარი, გაიხედე მარჯვნივ, ხედავ კედელს? ეს ჩვეულებრივ ისევ ისე გავშიფრე, დანარჩენი რაც არ გავშიფრე იყო ასე, ი. კ. ძ _ იყავი კედელივით ძლიერი, ა. ი. ფ _ არ იფიქრო ფულზე, ფ. ა. ა. _ ფული აფუჭებს ადამიანს, მ. ი. შ. გ. მ. ც. დ. _ მთავარია იმეგობრო შევარდნაძის გვართან, მაგათი ცხოვრება დგებაო. მართლაც, დღესაც ვმეგობრობ შევარდნაძის ძმისშვილებთან, მაგათ ენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე, მერე შევარდნაძემ რომ დაანგრია მთელი ქვეყანა, გააუბედურა, გააცამტვერა და მიწასთან გაასწორა წავედი მამიდაჩემის საფლავზე და ჩავძახე, მამიდა ბრძენი იყავი ყოველთვის და მითხარი ერთი, როდისმე წავა ეს კაცი-მეთქი? ხოდა მისმა სულმა ამომძახა, უვადოა, უვადოო და მართლაც, სანამ არ გადააგდეს, მანამ არ წავიდა.

_ გურიასთან დაკავშირებითაც ხომ ვერ გაიხსენებდით კურიოზს?

_ ერთხელ ჩემს ცეზარ შევარდნაძესთან ერთად ჩავედი მამათში, მივდივართ ლაპარაკ-ლაპარაკით, ჰყვება ამბებს, როგორ უყვარს გურია, როგორ თამაშობდა მთელი ბავშვობა აქ და არ გასცდა თავის სახლს? ვიღაცასთან მიმაყენა. არადა, რომ გეკითხა, იქ გაიზარდა. ზამთარი იყო, შემოიხვია კაშნე, თვალები უჩანს მარტო. "ბიძია სიმონია" დაუძახა ვიღაც კაცს, რომელიც ეზოში იდგა და რაღაცას აკეთებდა. "შევარდნაძის სახლს ვერ მიმასწავლიო?", გურულმა ამოხედა და უთხრა, "ცეზარია, დურაკო, ათი კაშნი რომ შემეიხვიო, მაინც გიცნობ, რა დღეში ჩავარდნილხარ, საკუთარ სახლს ვეღარ აგნებო". აი, მაშინ გავგიჟდი გურულების იუმორზე და მიხვედრილობაზე, ხმით იცნო კაცი.

_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

_ბატონი თემურ ბაბლუანი საფრანგეთში იღებს ფილმს, მუნჯ ემიგრანტზე, სადაც მთავარ როლს ვთამაშობ მე. უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს გადაღება და წავალ, საქართველოში არსად არ მაჩენენ, იმიტომ, რომ არ აწყობთ სიმართლის მთქმელი კაცი, მიცემული აქვთ კულტურის თუ კინოს მესვეურებს, არაოფიციალური, არაწერილობითი, ჩვეულებრივი სიტყვიერი ბრძანება, რომ არ გააკაროთ არსად, არ უნდათ ჩემი წინსვლა. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ “რუსთავი-2“-ის, ყოველთვის მიწვევს გადაცემებში, მზეც ძალიან მეფერება, იმედზეც ასე თუ ისე, ვარ ხოლმე, პირველი არხი ხომ ცდილობს საერთოდ არ გამომაჩინოს არსად, მაგრამ რაც არ უნდა ეცადონ, მაინც არაფერი გამოუვათ. მე ჩემს ხალხს ვუყვარვარ, ამას ღმერთი მახერხებინებს, ჩემით არაფერს ვაკეთებ, ღვთის ნებით ხდება ყველაფერი, უფალმა გადაწყვიტა ასე და ამიტომაც არის, რომ ხალხმა "თბილისის კოლორიტი" მიწოდა.



არქივი