ინტელექტუალების ექსკურსია

gurianews.com

21-ს ქვევით

ინტელექტუალების ექსკურსია

ივლის 04
09:17:53 2011
ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სეზონის სამი ფინალისტის პრიზი ვარძიაში ექსკურსია გახლდათ. სეზონის ჩემპიონი „ლოგოსი“ და მეორე ადგილზე გასული გუნდი „მთიები“ ვარძიაში გასულ კვირას იმყოფებოდა. ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდი "ცარიელი თავები" ნატანების "ფესვებმა" ჩაანაცვლა, რადგან ჩოხატაურელი ინტელექტუალები მესტიაში იყვნენ წასულები.

თამაშების ორგანიზატორის, ავთანდილ სირბილაშვილის თქმით ექსკურსიამ საინტერესოდ ჩაიარა

_ როგორც შევპირდით გამარჯვებული გუნდები ორი დღიან ექსკურსიაზე წავიყვანეთ. დავათვალიერეთ 6 ისტორიული ძეგლი: "ვარძია", "ხერთვისის ციხესიმაგრე", "მწვანე ეკლესია" (ბორჯომის ხეობა) "გელათი", "მოწამეთა" და "ბაგრატის ტაძარი". გუნდები ისეთივე ნიჭიერები და საინტერესონი იყვნენ, როგორებიც თამაშების დროს. მათ მომზადებული ჰქონდათ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ისტორიულ ძეგლებზე და ექსკურსია მძღოლობაც კი გაგვიწიეს. მაგ: გელათში გიდის ამპლუაში მოგვევლინა შემოქმედელი გვანცა საჯაია, ხოლო ბაგრატის ტაძარში "მთიების" წევრი მარიამ კვირჩილაძე. ძალიან კარგი დღეები გამოვიდა.

გვანცა საჯაია, შემოქმედის "ლოგოსი": ვიცი რა არის ჩვენი გუნდის _ "ლოგოსის" წარმატების საიდუმლო _ გაუნელებელი ინტერესი ცოდნისადმი, დაუღალავი შრომა და გამარჯვების სურვილი. მინდა გულწრფელად ავღნიშნო _ გამარჯვებაზე არანაკლებ სასიამოვნო აღმოჩნდა სიურპრიზი, რომელიც მოგვიმზადა ინტელექტუალური თამაშების ორგანიზატორებმა.

ციალა ხომერიკი, ზემო ნატანების გუნდი "ფესვები": ქუთაისში არსებული ისტორიული ძეგლების ნახვა არ გაგვკვირვებია. ჩვენ ხომ ხშირად ვყოფილვართ ამ ძველი ქალაქის სტუმრები, ხშირად აგვინთია გელათში სანთლები, კრძალვით შევხებივართ უდიდესი მეფის განსასვენებელს. გვინახავს დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები "მოწამეთაში." ვნახეთ ხერთვისი (სამცხე_ჯავახეთი), ყველაზე მეტად მაინც "ვარძიამ" მოგვხიბლა. თვალებს ვერ ვუჯერებდით... უამრავი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფოტოებია, ჩვენმა თვალებმა და მეხსიერებამ, რომ აღბეჭდა სამუდამოდ.

მარიამ კვირჩილაძე, წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის გუნდი "მთიები": თითქოს რაღაც ამოუხსნელი, ღვთაებრივი სიხარული მეუფლება, როცა შევცქერი მეფურად, მედიდურად აღმართულ კიდეებს და მასში გამოკვეთილ ციხე_ქალაქს. საოცარია, რამდენი შესძლებია ადამიანის ხელს. უდიდეს პატივისცემიას ვგრძნობ ყოველი ადამიანის მიმართ, რომლებსაც ამ ბუმბერაზი ძეგლის მშენებლობაში მონაწილეობა მიუღია. თითქოს ყოველი კენჭი მიყვარს და ყოველ ნაბიჯზე ჩამესმის ბავშვის ყვირილი "აქა ვარ ძია."



არქივი