15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

gurianews.com

21-ს ქვევით

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

ივლისი 22
17:27:16 2020

"გურიაში ბევრი-ბევრი ლეკვი ჩუქდება კარგ ოჯახებში! _ ვინც მოუვლის, მიხედავს, მოეფერება და თავის ოჯახის წევრად მიიღებს... ბევრნი არიან _ ისეთი ტკბილები და ცუნცულები. 

ყველა სხვადასხვანაირი. ორი ბიჭია და დანარჩენი გოგოები (ოღონდ გაჩუქდებიან სტერილიზაციის გარანტიით, ანუ აღარ ეყოლებათ ლეკვები).

ვინც იქ ახლოს ხართ, ან წაყვანა შეგიძლიათ, აირჩიეთ და მოიტაცეთ, როგორც განძი, თქვენი ახალი მეგობარი და მცველი...

ნახეთ რა სიცოცხლეები არიან... და წარმოიდგინეთ _ რა საოცრებები გაიზრდებიან თქვენს ხელში. თქვენს სახლში და თქვენს ეზოში..." _ სოციალურ ქსელში დაწერილი ეს პოსტი ცხოველთა უფლებების დამცველს, 15 წლის ნიკოლოზ რუსიეშვილს ეკუთვნის.

ნიკოლოზ რუსიეშვილი ოზურგეთში ცხოვრობს. იგი ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საჯარო სკოლის მეათეკლასელია.

ნიკოლოზი "გურია ნიუსის" ოფისში გვესტუმრა და ინტერვიუც ჩვენი ახალგაზრდული გაზეთისთვის იქ ჩავწერეთ.

_ ნიკოლოზ, როდის დაიწყე ცხოველების უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა?

_ ბავშვობიდან მიყვარდა შინაური ცხოველების მოვლა და თამაში. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს კატებთან და ძაღლებთან. მათი მოვლა-პატრონობა, დაახლოებით, სამი წლის წინ დავიწყე. მანამდეც ვაქცევდი უპატრონოდ დარჩენილ შინაურ ცხოველებს ყურადღებას, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა. ვაჭმევდი და ვუვლიდი, შეძლებისდაგვარად. გავწევრიანდი ფეისბუქის ჯგუფებში, გავიცანი სამოქალაქო აქტივისტები და ასე ნელ-ნელა მივყვები ჩემს საყვარელ საქმეს.

_ რამდენ ძაღლს უვლი?

_ ადრე 4-5 ძაღლს ვუვლიდი ახლა კი, საცხოვრებელი ბინის ეზოში 15 ძაღლს ვპატრონობ.


_ მხოლოდ კვებავ ძაღლებს?

_ არა, აცრებსაც ვუკეთებ. მოკლედ რომ ვთქვა, რაც შეიძლება ყველაფერს ვაკეთებ, რომ დიდხანს იყვნენ მშვიდად და დაცულად.
_ ფინანსურად ვინ გეხმარება?

_ ძირითადად, ჩემი ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს. ასევე, რამდენჯერმე დამეხმარნენ მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები, როგორც ფინანსურად, ასევე, ძაღლების საკვებით. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ცოფზე აცრები, სამწუხაროდ, ეს არ ვრცელდება კომპლექსურ აცრებზე.

_ როგორ ფიქრობ, რა პრობლემების წინაშე არიან უპატრონო ძაღლები ოზურგეთში?

_ პირველ რიგში, თითოეული ძაღლი უნდა აღირიცხოს, ოჯახიდან დაწყებული ქალაქის ქუჩებით დამთავრებული. აუცილებლად უნდა "დაიჩიპოს", რის მეშვეობითაც ოჯახებიდან სხვადასხვა ადგილას გადაგდებული ძაღლები ამოიცნობა. ამის გამკეთებელი აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს. აუცილებლად უნდა დაიწყონ მასობრივი სტერილიზაცია და კასტრაცია, რომ შემცირდეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა.

_ ოჯახის წევრები ხომ არ გიშლიან შინაურ ცხოველებთან ურთიერთობას?

_ თავიდან იყო ამაზე საუბარი ოჯახის წევრებთან, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი აღარ არის.

_ სახლში გყავს შინაური ცხოველები?

_ რადგან კორპუსის ბინაში ვცხოვრობ, ამიტომ არ მყავს. რთულია შინაური ცხოველის მოვლა. კერძო სახლი რომ მქონდეს, აუცილებლად მეყოლებოდა საკუთარი ძაღლები და კატები.

_ როგორც ვიცი, ოზურგეთში არაერთი ადამიანი ზრუნავს უპატრონოდ მიტოვებულ ცხოველებზე...

_ მე, პირადად, თამარ მდინარაძეს და გულო ფუტკარაძეს გამოვარჩევდი, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ისინი უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების დიდი გულშემატკივრები არიან. აქტიურები არიან და ყოველთვის ცდილობენ, მეტი ყურადღება მიაქციონ ქუჩაში დარჩენილ ძაღლებს. ადრე უკვირდა ხალხს, რატომ უვლიდნენ, მაგრამ ახლა ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ ამ ძაღლებს პატრონობა უნდა და არა ცემა, სახლიდან გაგდება. ცნობიერება ამაღლდა საზოგადოებაში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დაუჩაგრავთ ცხოველები. ასევე, მაღაზიების და რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთხელ მინახავს, როგორ კვებავდნენ ძაღლებს და კატებს. ეს ჩვენი მოვალეობაა!

ცემას და გადაგდებას, ჯობია, ცოტა მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ!



არქივი