მე მინდა მქონდეს, ანუ კეთილი ტყუილი

gurianews.com

21-ს ქვევით

მე მინდა მქონდეს, ანუ კეთილი ტყუილი

იანვარი 01
04:00:00 1970

მე ბევრი რამ მინდა მქონდეს. მაგალითად კარგი ლეპტოპი, აგარაკი ზღვაზე და მთაში, ეზოში აუზი, ბევრი ფული _ ერთი სიტყვით მინდა, მინდა, მინდა... თუმცა, ჩემმა „მინდამ" არსებობა გასულ კვირას დაასრულა... არა იმიტომ, რომ ოცნებები აღარ მაქვს და მშობლებმა პრეტენზიებისთვის მკაცრად დამსაჯეს. ამის მიზეზი პატარა ნიკა გახდა, რომელსაც სრულიად შემთხვევით შევხვდი.

_ მე საჭმელი და დედა მინდა, _ მითხრა 12 წლის ბავშვმა.

ამ სიტყვებმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში კი, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩემს „მინდას" არსებობა აუკრძალა.

ნიკას თქმით, დედამ ძალიან პატარა, ბაღის ასაკისას მიატოვა. მამა გალოთდა და პატარა ბავშვის მოვლა 70 წლის ნათელა ბებოს დაეკისრა.

_ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბებოს პენსიაა, რომელსაც მამა ხშირად დასალევისთვის ართმევს. ამის გამო, ბევრჯერ, დღეების ისე გადის, რომ პურს ვერ ვყიდულობთ. რამდენჯერ დამძინებია მშიერს აღარც კი მახსოვს. ნათელა ბებო ამის გამო ძალიან ნერვიულობს და მე ვეუბნები, რომ მეზობელთან საჭმელი ვჭამე. ვიცი, რომ ტყუილი ცუდია, მაგრამ ეს კეთილი ტყუილია, _ მითხრა ნიკამ.

პატარამ დედის შესახებ არაფერი იცის.

_ მამა რომ დალევს, სულ მეჩხუბება და მეუბნება, რომ დედაჩემივით უზნეო და ხელიდან წასული ვარ. არადა, არც მე ვარ უზნეო და არც დედაჩემი. ვიცი, რომ დედა ავად არის, თორემ აუცილებლად მოვიდოდა ჩემს სანახავად, _ მარწმუნებს ბავშვი.

ნიკას სხვა პრობლემებიც აწუხებს.

_ ხანდახან ავად ვხდები. გულზე მიმდის. მე არაფერი მახსოვს შემდეგ, მაგრამ ამ ავადმყოფობის გამო ჩემს თანატოლებს ჩემთან ყოფნა არ უნდათ. სულ გამირბიან. ერთხელ, კლასელმა მითხრა ავადმყოფი დედასაც არ უნდიხარო და მე რატომ უნდა გეთამაშოო, _ სწუხს ბავშვი.

ნიკას ბებია, ნათელა ოჯახის გასაჭირზე ხმამაღლა საუბარი უჭირს:

_ იყო დრო, ჩემი ოჯახის სიძლიერე ბევრს შურდა. სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება უკუღმა წავიდა. მრცხვენია ჩემს პრობლემებზე საუბარი. მაგრამ როცა საქმე ბავშვს ეხება, სირცხვილი და სხვა დანარჩენიც უკანა პლანზე გადადის. ნიკა ეპილეფსიით არის დაავადებული. ჯერ კიდევ არ ააქვს გააზრებული რა სჭირს, თუმცა ბოლო დროს ძალზედ გულჩათხრობილი გახდა. არ იმჩნევს, მაგრამ კარგად ვხდები რომ ამ ყველაფერს განიცდის. ბევრჯერ მკითხა, ბებო რა მჭირს, რატომ ვხდები ცუდადო, მაგრამ ვერ ვუხსნი. როგორ ვუთხრა განუკურნებელი დაავადება გჭირს და მთელი ცხოვრება უნდა იტანჯო მეთქი. 12 წლის ბავშვია და ერთი ბედნიერი დღე არ ჰქონია. სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით დადის, სხვისი გატეხილი სათამაშოთი თამაშობს. ბოლო პერიოდში ცუდად რამდენჯერმე გახდა. სათამაშოდ იყო გასული. ბუნებრივი, ამის გამო ბავშვების შეშინდნენ. მას შემდეგ ვატყობ რომ მეგობრები გაურბიან, მასთან ყოფნას ერიდებიან. როცა წამლებს სისტემატიურად სვამდა, შეტევები ასე ხშირად არ ემართებოდა. წამლებს ფასდაკლებით, პოლისით ვყიდულობდი. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი პოლისი გვქონდა, თუმცა, რამდენიმე თვეა შეგვიჩერეს. ხელახლა უნდა გადაგამოწმოთო. ამ წლების განმავლობაში არაფერი მომატებია, პირიქით, დამაკლდა. სოციალურ სამსახურში მითხრეს, რომ პოლისი ქულების ხელახალი მინიჭებიდან 4 თვის შემდეგ ჩამოდის. არ ვიცი ეს პერიოდი როგორ უნდა გავატარო. ნიკას მუდმივად სჭირდება წამლები.

ნათელა ბებოს თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით ერთხელ მიმართა და წამლების თანხა, 100 ლარი აფთიაქის ანგარიშზე ჩაურიცხეს, თუმცა მას შემდეგ 2 თვე გავიდა. შესაბამისად, წამლები დაუმთავრდათ. სოციალურ სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახის ქულა ამ ეტაპზე 60 000, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პოლისი ისევ ჩამოუვათ, თუმცა დააგვიანდება.

_ ეს სოციალური სამსახურის დებულებაშიც არის გაწერილი, _ გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.

ვერავინ გვპასუხობს კითხვაზე, რა უნდა ქნას ამ ოჯახმა პოლისის ჩამოსვლამდე და რა სახსრებით უნდა უზრუნველყოს მოხუცმა ბებიამ ბავშვი მედიკამენტებით.

_ სახლიდან ყველაფერს ვყიდი. რად მინდა სახლი და კარი თუ ნიკა არ მეყოლება. სანამ პირში სული შედგება, შეუძლებელს შევძლებ ჩემი ნიკუშასთვის, თუმცა, არ ვიცი მეგობრებთან დაკავშირებული პრობლემა როგორ მოვუგვარო. თავად ძლიერ განიცდის, რომ მეგობრები კეთროვანივით გაურბიან. არ მეუბნება, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმემ დასცინა კიდეც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნათელა ბებომ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკას ავადმყოფობის გახმაურება ბებიას არ სურს. ფიქრობს, რომ ამით ბავშვს დააზარალებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ პრობლემის დამალვა არ შეიძლება და ეს ბავშვის ფსიქიკაზე მკვეთრად აისახება. მათი თქმით, ნიკასთვის სპეციალისტთან კონსულტაციები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ შესაბამისი სწავლება იმ ბავშვებსაც სჭირდება, რომელთა ირგვლივაც ეპილეფსიით თუ სხვა სახით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან. იმ სკოლაში, სადაც ნიკა სწავლობს ფსიქოლოგი არ ჰყავთ. ფსიქოლოგის პრობლემა მთლიანად გურიაშია.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე, მარინა თოფურია ამბობს, რომ ნიკას ისტორია პრობლემის რამდენიმე ეტაპს შეიცავს:

_ მარინა თოფურია, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თავმჯდომარე _ ნიკას შესახებ ისტორიის მოსმენის საფუძველზე შეიძლება რამდენიმე პრობლემაზე აქცენტის გაკეთება. პირველი _ როგორც ჩანს, ბავშვი გარიყულია მეგობრებიდან ანუ თანატოლების საზოგადოებიდან მისი ავადმყოფობის გამო. (დასაზუსტებელია, არის თუ არა ის გარიყული სასწავლო პროცესიდანაც სკოლაში).მეორე _ მის ოჯახს არ აქვს საშუალება აუცილებელი მედიკამენტით უზრუნველყოს ბავშვი, სამწუხაროდ პოლისით სარგებლობის უფლებაც დროებით შეჩერებული აქვს. მამა ჰყავს ალკოჰოლზე დამოკიდებული და ის ნიკაზე ემოციურად ძალადობს _ მუდამ ეჩხუბება (ასევე დასაზუსტებელია ფიზიკურად ძალადობს თუ არა მასზე). მეოთხე _ ნიკა ამბობს, რომ საკვებიც ენატრება. აღნიშნული მიზეზების გამო, შესაძლებელია ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში გაურთულდეს და იმავდროულად მას დაემატოს ფსიქოლოგიური პრობლემები. კერძოდ: ჩამოუყალიბდეს (როგორც ვხედავთ უკვე აქვს კიდეც) არასრულფასოვნების კომპლექსი, ჩაიკეტოს საკუთარ თავში და მოახდინოს თვით იზოლაცია საზოგადოებიდან ან პირიქით მისი ქცევა გახდეს აგრესიული. ზემო ჩამოთვლილიდან დარღვეულია ბავშვის საბაზისო უფლებები ჰქონდეს საკვები და უზრუნველყოფილი ჯანმრთელობა, ფუნდამენტალური უფლება ცხოვრობდეს მისთვის უსაფრთხო გარემოში, მიიღოს სრულყოფილი განათლება, ანუ ნიკასთვის მინიმუმამდე არის დაყვანილი ცხოვრებისა და განვითარების პირობები. სამწუხაროდ, ის გართულებული სიტუაციების მსხვერპლია.

როგორც ბავშვის ბებია ამბობს, ის იბრძვის შვილიშვილის ბიოლოგიური და სოციალური გადარჩენისათვის, თუმცა მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერ უმკლავდება. ჩემი აზრით სრულყოფილად ვერც პირველ და მეორე პრობლემას შველის სათანადოდ. ნიკას პრობლემების საფუძვლიანად შესწავლისათვის და მასზე სათანადო რეაგირების მოსახდენად სასურველია ნიკას ბებია მოვიდეს ჩვენთან, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში" ან შეგვატყობინოს მისამართი. თუ ეს წინადადება მისთვის მისაღები არ იქნება, მაშინ უნდა მიმართოს რამდენიმე ინსტანციას; კერძოდ: 1) სოციალური პროგრამების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის განყოფილებას (სოც.მუშაკს. თუ აქამდე არ მიუმართავს), რომელიც მოახდენს ბავშვის ბიო-ფსიქო- სოციალური მდგომარეობის შეფასებას. მათ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში (ვიდრე არ განახლდება ბავშვისთვის მედიკამენტებზე პოლისით სარგებლობა), უნდა უზრუნველყონ ბავშვის მედიკამენტების თანხის დამფინანსებლის და არა მარტო მისი, მოძიება სამთავრობო სტრუქტურებსა თუ სხვადასხვა ქსელების საშუალებით. (აქვე აღვნიშნავ, რომ სოციალური სააგენტოს მიერ ქულების გადამოწმების უფრო სწრაფი მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რადგან ვხედავთ თუ რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ერთ კონკრეტულ ოჯახს დაფინანსებისა და პოლისით სარგებლობის თუნდაც დროებითმა შეწყვეტამ); 2) აუცილებელია ნიკას ბებიამ მიმართოს იმ სკოლის დირექციას, უთხრას ბავშვის თანატოლებთან გარიყულობის შესახებ და მოსთხოვოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, რაც სკოლის დირექციის ვალდებულებაა; 3) ასევე შეატყობინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურიის მულტიდისციპლინურ გუნდს, რათა სათანადოდ იყოს შეფასებული რამდენად არის ჩართული ბავშვი საგანმანათლებლო სასკოლო სივრცეში, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე. შეფასების შემდეგ მულტიდისციპლინური გუნდი უნდა დაეხმაროს ნიკას ადეკვატური მომსახურება შესთავაზონ საკუთარ სკოლაში; დაბოლოს ასეთი პრობლემების დროს მოქალაქეებმა (ან თვითონ იმ ადამიანებმა ვისაც ეს სჭირდება, ან გულშემატკივარმა, თუნდაც მეზობელმა) უნდა მიმართონ სოფლის რწმუნებულებს (პასუხისმგებლობა შეახსენონ), რათა მან ოჯახის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომელიც ვალდებულნი არიან ნებისმიერი მოქალაქის, განსაკუთრებით კი ბავშვის, პრობლემის მოგვარებაში, _ აღნიშნა თოფურიამ.



არქივი