"მე ვარ ქართველი, ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე"

gurianews.com

21-ს ქვევით

"მე ვარ ქართველი, ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე"

აგვისტო 17
16:18:47 2011
ოთარ მამარდაშვილი 1991 წლის 11 იანვარს, ჩოხატაურში დაიბადა. დაამთავრა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა. ერთ წელზე მეტია, ჩოხატაურში "ქრისტიან-დემოკრატების" ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს. ოთარი წიგნებს წერს და როგორც თავად ამბობს, მისი სფერო პუბლიცისტიკაა.

_ მე ვარ ერთი უბრალო ადამიანი, ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც გული სტკივა იმის გამო, რაც ხდება ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა წიგნი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტე წავსულიყავი პოლიტიკაში, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ახალბედა პოლიტიკოსი.

ოთარის თქმით, ოპოზიციაში წასვლა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულმა მოვლენებმა გადააწყვეტინა.

_ თავიდან მეც ამ ხელისუფლების დიდი ქომაგი ვიყავი, სანამ ის არ დავინახე, რაც მოხდა 7 ნოემბერს _ მაშინ ამ ხელისუფლებამ მისი ნამდვილი სახე გამოავლინა. სწორედ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა. მე ვარ "ქრისტიან დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს უნდა გვადარდებდეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რადგან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი. არ მინდა, ის ნახოს ჩემმა შვილმა, რაც მე ვნახე 7 ნოემბერს, აგვისტოს ომის დროს და ახლა, 26 მაისს. არ მინდა ნიღაბამოფარებულ ქვეყანაში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, _ ამბობს ოთარი.

მისი თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლების სატელიტი პარტიაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი რესპონდენტი არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პარტიის ერთ-ერთმა ჩოხატაურელმა სახემ, გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, "ნაციონალების" კანდიდატს მისცა. მამარდაშვილი ამბობს, რომ პარტიის ხმების დასაცავად ყველაფერი გააკეთეს:

_ ჩვენ ნამდვილად არ ვართ სატელიტი პარტია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ "ქრისტიან დემოკრატებმა" უთხრეს პირში სიმართლე, დებატების დროს, საქართველოს პრეზიდენტს. უთხრეს, რომ ის არის პირველი კორუმპირებული ჩინოვნიკი.

როგორც აღვნიშნეთ, ოთარი წიგნებს წერს. მისი პირველი ნაშრომი, რომლის პრეზენტაციასაც ჩოხატაურში გეგმავს სულ მალე იხილავს დღის სინათლეს:

_ ჩემი წიგნი თანამედროვე პუბლიცისტიკაა, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება. ეს ჩემი პირველი ნაშრომია და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებ წერის გაგრძელებას. ამ წიგნის დაწერა აგვისტოს ომის შემდეგ გადავწყვიტე. ვწერდი დაახლოებით ერთი წელი _ ვაგროვებდი მასალებს. მიმაჩნია, რომ ამ ჟანრში ყველაზე ადვილია წერო იმაზე, რაც ხდება შენ თვალწინ. უახლოეს მომავალში გაიმართება ამ წიგნის პრეზენტაცია და იმედი მაქვს, იგი მკითხველის მოწონებას დაიმსახურებს. ამ წიგნით მინდა ვუთხრა თითოეულ ქართველს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა, რომ ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი, რომ თითოეულ ნაბიჯს, რომელსაც გადავდგამთ, უნდა დაუფიქრდეთ.

მამარდაშვილს სათქმელი პოლიტიკური ელიტისთვისაც აქვს შემონახული. ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას ამბიციები დაასამარებს.

_ მინდა ვუთხრა პოლიტიკურ ელიტას: გაგაჩნიათ ამბიციები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ _ თქვენ პასუხისმგებლობაც გაქვთ აღებული თავზე და უნდა ემსახუროთ ხალხს. გვეყო რადიკალიზმი, რევოლუციები, სწორედ ამან მიგვიყვანა დღევანდელ სიტუაციამდე. ახლა ერთმანეთთან დაპირისპირების დრო არ არის. არ არის საკმარისი რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს?! თუკი აფხაზებს და ოსებს ამას დავანახებთ, ისინი მოისურვებენ ამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდნენ? ძალით ვერაფერს შევცვლით _ ეს დავიმახსოვროთ!

ოთარი მეორე წიგნის გამოსაცემადაც ემზადება, რომლის სათაურადაც პოლიტიკურად აქტიური თარიღები შეარჩია:

_ უახლოეს მომავალში ვაპირებ, კიდევ გამოვცე წიგნი, რომლის სათაური იქნება "9-7-26" ეს ის სამი თარიღია, რომელმაც ძალიან ბევრი რამე დაგვანახა. 9 აპრილის წყალობით ჩამოვიშორეთ საბჭოთა მარწუხები; 7 ნოემბერს ამ ხელისუფლებამ ნიღაბი მოიხსნა და მისი ნამდვილი სახე დაგვანახა; 2011 წლის 26 მაისს კი რაც მოხდა, ამაზე კომენტარიც ზედმეტია _ ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა განსაჯოს. არ ვიცი, რა მოხდება უახლოეს მომავალში, ვიცი მხოლოდ ერთი _ ვაპირებ ბრძოლას, რათა ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ ერთიან და დემოკრატიულ ქვეყანაში. და ბოლოს, მინდა ვთქვა და ვუთხრა ყველა ქართველს, მათ შორის ჩემ თავსაც, რომ "მე ვარ ქართველი ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე" და მე მაკისრია ვალი, ამ ქვეყნისთვის ბოლომდე დავიხარჯო!



არქივი