ასუანის კაშხლის მშენებლობისთვის სოფელ მთისპირში მოპოვებული ბენტონიტური თიხები გამოიყენეს

gurianews.com

21-ს ქვევით

ასუანის კაშხლის მშენებლობისთვის სოფელ მთისპირში მოპოვებული ბენტონიტური თიხები გამოიყენეს

თებერვალი 19
13:28:08 2014

ვიკიპედიას მასალების მიხედვით, ამ საინჟინრო გამაგრებების გარეშე მდინარე ნილოსი ყოველწლიურად წყალდიდობებს იწვევდა ზაფხულობით, ვინაიდან ადიდებული წყლები აღმოსავლეთ აფრიკიდან ნილოსში ჩაედინებოდა. ამ დატბორვებს მიწის გამამდიდრებელი მინერალები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ჩამოჰქონდა, რაც ნილოსის გარშემო მიწას ნაყოფიერსა და იდეალურს ხდიდა სოფლის მეურნეობისთვის.
მდინარის გასწვრივ მოსახლეობის ზრდის გამო აუცილებელი გახდა წყლის დატბორვის კონტროლი სახნავ-სათესი მიწებისა და ბამბის პლანტაციების დასაცავად. ამ პროექტის მიზანი მდინარის მოზღვავებული წყლის შეჩერება იყო, ელექტროენერგიის წარმოებასა და ირიგაციასთან ერთად.
ნილოსზე ასუანის კაშხლის მშენებლობის დროს ჰიდროსაიზოლაციო მასალად სოფელ მთისპირში მოპოვებული ბენტონიტური თიხებია გამოყენებული.
მთისპირი _ სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 400 მ. ოზურგეთიდან 16 კმ-ზე. მთისპირის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იწყება მესხეთის ქედის განშტოებები. სახელწოდება სოფელს გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა. მთისპირი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დადასტურებულია ჯერ კიდევ 2000-3000 წლის წინათ აქ დასახლების არსებობა.
სოფელ მთისპირის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. ის მოიცავს სხვადასხვა დახრილობის მქონე ფერდობებს, შლეიფებს, წყალგამყოფებს, გორაკ-ბორცვებსა და ძლიერ დახრილ გორებს. ტერიტორია აგებულია თიხა-ფილაქნებისგან, მეგელებისა და ქვა-ქვიშების ნაფენებისაგან. ნიადაგებიდან აქ ვხვდებით წითელმიწების, ყვითელმიწების, ნეშომპალა-კარბონატული და ალვანური ტიპის ნიადაგებს თავისი სახესხვაობით. მცენარეული საფარი ძირითადად კოლხური ტიპისაა.
კლიმატური პირობების მიხედვით მთისპირი მიეკუთვნება შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონას, ნოტიო და თბილი ზამთრითა და ზომიერი ცხელი ზაფხულით. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 18°-25°-ია. ზამთარში თოვლის საფარი 20- 40 სმ-მდეა. ნალექიანობის სიუხვით გამოირჩევა შემოდგომა _ ზამთარი.

თიხის საბადო
60 მილიონი წლის წინ, პალეოგენურ პერიოდში (კაინოზოური ჯგუფი) წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სოფლის მოსახლეობა თიხას თავის დასაბანად იყენებდა და ბაზარში გასაყიდად დაჰქონდა. 1916 წელს გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ ნახა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა, რომ ძვირფას რამეს წააწყდა. თიხას "ასკანიტი“ უწოდეს, რადგანაც მაშინ მთისპირი ასკანის სასოფლო საზოგადოებაში შემადგენლობაში შედიოდა. 1932 წელს აღმოჩნდა ასკანის ბენტონიტური თიხის საბადო. საბადო ჰიდროთერმული წარმოშობისაა და მასში მოიპოვება ასკანიტი და ასკანგელი. საბადო შედგება ორი უბნისაგან: ციხისუბნის და ვანისქედის უბნები.
საბჭოთა ხელისუფლება სოფელ მთისპირში არსებული საბადოთი 1943 წლიდან დაინტერესდა. საბადოს დამუშავება დაიწყო 1946 წელს. 1952 წლიდან უკვე საწარმომ დაიწყო დაიწყო ფუნქციონირება. მალე თიხებზე მოთხოვნა გაიზარდა და 1959 წელს ოზურგეთში აშენდა თიხის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა ორი სახის პროდუქციას: ბენტონიტი ღვინის მრეწველობისათვის და საყალიბე თიხა. გამოშვებული პროდუქცია მიეწოდებოდა ყოფილი სსრკ-ს წამყვან საწარმოებს ავტოვაზი (ტოლიატი), იაროსლავლის მანქანათმშენებლობის ქარხანა, კამაზის ავტოქარხანა, გორკის ავტოქარხანა, კრაზის ავტოქარხანა და ბელორუსის მანქანათმშენებელი ქარხნები და ასევე, იგზავნებოდა საზღვარგარეთ. მას იყენებდნენ სსრკ-ში არსებული ღვინის ქარხნები, ზეთებისა და ცხიმების გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა საწარმოები. ასკანის ბენტონიტი გამოყენებული იქნა ეგვიპტეში, ასუანის კაშხლის მშენებლობაში, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა.
1996 წელს ის შეისყიდა ბერძნულმა კომპანიამ "სილვერ ენდ მაინინგ კომპანიმ“. ასკანიტის საბადოს მარაგი თავიდან შეადგენდა 10 მლნ. ტონას, დღეს დარჩენილია 4,800 მლნ. ტონა. საბადოს ამოქმედებამ სოფლის რელიეფში ცვლილებები შეიტანა. საბადოს ამუშავების გამო დაიცალა ყოფილი სოფელი ციხისუბანი. 1982 წელს კარიერის ერთ-ერთ ფრთაზე წარმოიშვა მეწყერი. საბადოს ტერიტორიაზე 1986 წელს აღმოაჩინეს სასარგებლო წიაღისეული _ ტრაქტიტები, მაგრამ მისი მოპოვება არ ხდება. 2010 წლიდან წიაღისეულის მოპოვებას აწარმოებს, აგრეთვე, კომპანია "მთისპირი 2010“.

მოსახლეობა
2002 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში ცხოვრობდა 262 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 285 კაცი. მოსახლეობის 100% ქართველია, ძირითადად, გურულები და ეკომიგრანტი აჭარლები. შესაბამისად, ნაწილი მართლმადიდებლელი ქრისტიანია, ნაწილი _ მუსლიმანი. სოფლის განაპირას დგას 2009 წელს აშენებული მეჩეთი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის 11% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 10%. თვითდასაქმებული მოსახლეობა, ძირითადად, ნატურალური მეურნეობითაა დაკავებული. საბჭოთა ხელისუფლების დროს გავრცელებული კულტურები იყო ჩაი და ტუნგი, ამჟამად კი _ სიმინდი, ლობიო და თხილი.

ღირსშესანიშნაობები
სოფელთან ახლოს, ნასოფლარ ციხისუბანში დგას ასკანის ციხე, განვითარებული ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე. ციხე მდებარეობს დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ციხის ადრინდელი ფენები IX საუკუნეს მიეკუთვნება. იგი მოქმედი იყო XIX საუკუნემდე. სამეცნიერო ექსპედიცია ასკანის ციხეზე არასდროს ჩატარებულა.
მთისპირში დგას, ასევე, გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ინწკირველების საგვარეულო ეკლესიის ნანგრევები.

ფოტოები:google.ge



არქივი