"ეს არის ცხოვრება ერთ წელიწადში"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ეს არის ცხოვრება ერთ წელიწადში"

ივლის 16
18:31:21 2014

ნინო სირაძე ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის 12-ე კლასის წარჩინებული მოსწავლეა.

ნინომ, გასულ წელს Flex-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
გავიარე ინგლისურის ცოდნის შესამოწმებელი ტესტები, დავწერე თემები, ვიყავი გასაუბრებაზე, რის შედეგადაც ამ პროგრამის ფინალისტად ამირჩიეს და ერთი სასწავლო წლით მივემგზავრები აშშ-ში ინგლისური ენის შესასწავლად. ვფიქრობ, ეს ერთი წელი დამეხმარება, გავხდე მეტად დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, განათლებული. მომეცემა საშუალება, გავიცნო სხვა ქვეყნის კულტურა, ვიმოგზაურო სხვა ქვეყანაში და შევიძინო ახალი მეგობრები. ვფიქრობ, ეს პროგრამა მომავალში საშუალებას მომცემს, უფრო წარმატებული გავხდე. მართლაც, როგორც ამბობენ, ეს არის ცხოვრება ერთ წელიწადში. მეც შევეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი აგვისტოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს და ინგლისურის მასწავლებლებს _ მაკა კილასონიას და ია სიხარულიძეს, რომ გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ. ასევე, ნინიკო და თამუნა ჯიბუტებს, მათგან დიდი გამოცდილება შევიძინე, _ ამბობს ნინო ჩვენთან საუბრისას.
ნინო ძალიან კომუნიკაბელურია. მის დადებით მხარეებზე მისი მეგობრები ბევრს ყვებიან. ჩვენ შევეცადეთ ნინო სირაძე მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო და მასთან ბლიც ინტერვიუ ჩავწერეთ.
_ ვინ გინდა გამოხვიდე?
_  დიპლომატი.
_ დედამიწას რა ატრიალებს?
_  დოჩანაშვილს რომ დავესესხო, დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მაგრამ სიყვარულთან ერთად ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, რწმენა.
_ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?
_ საქართველოში.
_ რა რჩევას მისცემდი განათლების მინისტრს?
_ არ ვარ კომპეტენტური პირი ამ სფეროში და, შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვურჩევ, მაგრამ, როგორც ბავშვს მაქვს სურვილები ბავშვების სასარგებლოდ.
_ ჯეკპოტი რომ მოიგო, როგორ განკარგავდი?
_ თუ მოვიგე, მერე გეტყვით.
_ ყველაზე დიდი ნატვრა?
_  ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა უკვე ამიხდა.
_ საიდან მოდიხარ?
_ როგორც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამაზე ერთი პასუხი მაქვს, მოვდივარ აღმაშენებლის, რუსთველის, თამარის, ვაჟას, ილიას, გალაკტიონის საქართველოდან.



არქივი