ყველაზე ახალგაზრდა გამგებლის პოლიტიკური და არაპოლიტიკური პროფილი

gurianews.com

21-ს ქვევით

ყველაზე ახალგაზრდა გამგებლის პოლიტიკური და არაპოლიტიკური პროფილი

ოქტომბერი 23
13:41:34 2014

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე გურიის ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკია. წლებია, პოლიტიკაშია. ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში საკუთარი სოფლის, შემოქმედის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა. გამგებლად არჩევამდე გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ამბობს, რომ ადვილი არ არის, თუმცა, მიაჩნია, რომ მთავარი მონდომებაა.

_  ბატონო მერაბ, როგორ მოირგეთ 32 წლის ასაკში გამგებლის სკამი?

_ ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა და ეს ასეცაა. პოლიტიკური თანამდებობისთვის ასაკი და გამოცდილება საჭიროა, თუმცა,  მთავარი მონდომება და საქმის კეთების სურვილია.

_ 2 აგვისტოდან გამგებლის მოვალეობის შესრულებას შეუდექით, რა იყო ის საქმე, რომელიც წარმატებულად განახორციელეთ და ასევე, საქმე, რომელიც ვერ მიიყვანეთ ბოლომდე?

_ წარმატებულად გახორცილებულ საქმიანობაზე ჩემგან საუბარი უხერხულიცაა და ნაადრევიც. ძალიან ბევრი საქმეა წამოწყებული, რასაც  გარკვეული დრო და  პროცედურები სჭირდება. ყველა წამოწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.

_ ჩვენი გაზეთი ხშირად წერს ახალგაზრდების პრობლემების შესახებ.  პრობლემები ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აწუხებს... სოფლებში არც გასართობი და არც საგანმანათლებლო ცენტრებია, რისი აუცილებლობის შესახებ ახალგაზრდები  ბევრს საუბრობენ.  ვფიქრობთ, ეს პრობლემა თქვენთვისაც არ უნდა იყოს უცხო.

_ ეს პრობლემა სოფლებში განსაკუთრებულად მწვავედ დგას. ჩემი ასაკიდან გამომდინარე,  კარგად მესმის ახალგაზრდების. ვიცი, რას ნიშნავს ცხოვრობდე სოფელში და ვერ ახდენდე საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. არ იცოდე, როგორ გაანაწილო დრო ისე, რომ იყო დაკავებული და თავისუფალ დროს გაერთო კიდეც.  მოგეხსენებათ, სოფლის მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. ამდენად, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, დაამყარონ  ახალი კონტაქტები, მოიძიონ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციები,  ამიტომ ჩემი მიზანი სოფლების ინტერნეტიზაცია იქნება. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მე ვპირდებოდი ახალგაზრდებს, რომ მათგან წამოსული ინიციატივების დანახვა და მხარდაჭერა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება. იგეგმება სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი აქტიურად იმუშავებს.

_ როგორ მოხდება ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება?

_ მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფუნქციონირებს  განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური, რომლის სამიანობის ძირითადი კომპონენტი სოფლებში განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდების აღმოჩენაა. მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ ასეთი ბავშვების შესაძლებლობების მუნიციპალიტეტს გარეთ გატანას. სოციალურად დაუცველ კატეგორიას კი ფინანსურად დავეხმარებით.

_  რა არის თქვენთვის წუთისოფელი?

_  ეს არის მუდმივად ცვალებადი  პროცესი, რომელსაც ხან ფეხი უნდა აუწყო, ხან _ შეეწინააღმდეგო. მთავარია, არ მოდუნდე, იმედი არ დაკარგო. ცხოვრება ბრძოლაა და ბრძოლაში მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ.

_ როგორ გამოხატავთ  სიხარულს?

_ ნებისმიერი სხვა ადამიანის მსგავსად...

_ როგორ გამოხატავთ წყენას?

_  მირჩევნია, გავარკვიო წყენის მიზეზი. არ მომწონს გაურკვევლობა.

_ დღე, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეულია?

_ ყოველი პოზიტიურად დატვირთული დღე გამორჩეული და საინტერესოა ჩემთვის.

_  სამაგიდო წიგნი?

_ კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი".

_ პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, გურიაში, ერთ-ერთი  სასურველი სასიძო ხართ...  თქვენი გული დაკავებულია?

_ არა!

_ როგორ გამოხატავთ სიყვარულს?

_ სიყვარულის გამოხატულებად ადამიანების მიმართ პატივისცემა მიმაჩნია.

ასეთია გურიის ყველაზე ახალგაზრდა გამგებლის, გურიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოს პოლიტიკური და არაპოლიტიკური პროფილი.



არქივი