ვანო ფიფიამ ოზურგეთელი მეგობრები გაახარა

gurianews.com

21-ს ქვევით

ვანო ფიფიამ ოზურგეთელი მეგობრები გაახარა

ოქტომბერი 18
09:43:03 2011
ვანო ფიფია რამდენიმე დღის წინ ოზურგეთს სტუმრობდა. აქ მან გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის წევრებთან ერთად, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში კონცერტი გამართა. აღსანიშნავია, რომ ვანო ფიფიას დაბადების დღე 13 ოქტომბერს აქვს და, როგორც თვითონ თქვა, ეს იუბილე განსაკუთრებით უხარია.

როცა ჩვენ ვეწვიეთ, იგი მასპინძლებთან ერთად, ჩვეული უბრალოებით იჯდა და სადილს შეექცეოდა. ბენეფიციარებისთვის, როგორც არაერთმა მათგანმა აღნიშნა, ვანოს სტუმრობა გამორჩეულად სასიხარულო იყო და ეს დღეც მუდამ დაამახსოვრდებათ.

_ ჩვენთვის ყოველი დღე კარგია, არაფერი არ გვიჭირს, თუმცა დღევანდელი დღე მაინც გამორჩეულია, რადგან კიდევ ერთი მეგობარი შევიძინეთ ვანოს სახით. ის დღეს ჩვენთანაა, სულმოუთქმელად ველოდით, უზომოდ გვიხარია, რომ გვესტუმრა, _ აღნიშნეს ბავშვებმა ჩვენთან საუბარში.

ვანო ფიფია: ეს იყო სიურპრიზი ოზურგეთელებისთვის, ჩემი სურვილით ჩამოვედი. მე შევასრულე "ლალე", "შენმა სურვილმა დამლია", "ნუ გიყვარს, ქალაო", ჩვენი მხარდამჭერი რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. დღეს ჩემთან ერთად ამ ბავშვებმაც იმღერეს. საათნახევრიანი კონცერტი გავმართეთ.

_ ვანო, შენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს, თუ გაქვს რაიმე ბარიერი საზოგადოებაში ინტეგრაციისთის?

_ვისაც უჭირს და უნარშეზღუდულია, შეუძლია, ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. ვისაც არაფერი უჭირს, უფრო პასიურია. მე არანაირი ბარიერი არ მექმნება საზოგადოებაში, ვარ ჩვეულებრივი ბავშვი.

_ როგორ გხვდებოდნენ ადრე, სანამ "ნიჭიერის" გამარჯვებული გახდებოდი და როგორ გხვდებიან ახლა? რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

_ არაფერი არ შეცვლილა. როგორც ადრე იყო, ყველაფერი ახლაც ისეა, ისევ ისე მხვდებიან.

_ შენი ერთი ყველაზე გამორჩეული დღე?

_ ჩემთვის არცერთი დღე არ იყო გამორჩეული. თუმცა ის დღე, ეს ბავშვები რომ გავიცანი, ნამდვილად გამორჩეულია. ძალიან მიყვარს ისინი.

_ სხვაგან თუ გამართე ასეთი კონცერტები?

_ მხოლოდ გურჯაანში და ოზურგეთში.

გურიის რეგიონული ინვალიდთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომან ლომაძე ახალგაზრდულ გაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და მით უმეტეს _ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების.

_ თქვენ ხართ მომსწრენი და ხედავთ, რა შეუძლიათ მათ. დღევანდელი ღონისძიების მიზანიც მათი წარმოჩენაა. ჩვენ ხშირად ვახსენებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ეს კონცერტი არის დასტური, რომ ისინი ჩვენ გვერდით არიან და ჩვენ მათ გვერდით ვართ.

იცით, ჩვენთან ცოტა ხნის წინ იყო სტუმრად ვანო ფიფია. მაშინ ისე შეიყვარეს ამ ბავშვებმა ერთმანეთი, იქვე წარმოიშვა იდეა, რომ ჩვენს ბენეფიციარებსა და ვანოს ერთობლივი კონცერტი ჩაეტარებინათ. ეს ბავშვი ძალიან ნიჭირია, მან მთელ საქართველოს და მსოფლიოს დაანახა საკუთარი ნიჭი.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი იყოს საზოგადოებისთვის?

_ ყველა იმ კანონების გატარება, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მაშინ ყველა თანაბრად იგრძნობს თავს. ვანო ძალიან მიზანდასახულია და მან მიაღწია კიდეც მიზანს. ჩვენც დავისახოთ მიზანი და ყველაფერს მივაღწევთ. ვანო ჩვენი ხშირი სტუმარი იქნება, ის რამდენიმე დღეა ჩვენთან ცხოვრობ. ეს შეხვედრა ბიზნესმენ ბეგი სიორიძის მხარდაჭერით კეთდება, მე მინდა მივმართო სხვა ბიზნესმენებსაც, რომ მიიღონ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ქალბატონი ნანა ვიბლიანი, ვანოს ფიფიას დედა ჩვენს გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.

_ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში "ნიჭიერის" შემდეგ?

_ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ვიყავით შეუმჩნეველნი და ახლა კი ყველა გვამჩნევს. ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას თუ შეიძლება. ჩვენთან, რეგიონში ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, როცა ვანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვაწუხებდი, თავიდან მიშორებდა, ყურადღებას არ მაქცევდა. ადამიანი ტყუილად რომ შემეწუხებინა, არ ვარ ისეთი. რას ვითხოვდი, იცით? პოლისი მქონდა, მიმართვა უნდა გაეკეთებინა და ამაში არ მეხმარებოდა. ვანოს პოპულარობის შემდეგ კი ქუჩაში რომ მხვდებიან, ქალბატონოო, ასე მომმართავენ. მეც ვუთხარი ერთხელაც, აქამდე თუ არ ვიყავი ქალბატონი, ახლა როგორ გავხდი-მეთქი? დიახ, მე ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი, ასეა ჩემი შვილიც.



არქივი