"26 მაისის სისხლიანი კალო"

gurianews.com

21-ს ქვევით

"26 მაისის სისხლიანი კალო"

ნოემბერი 19
06:58:11 2011
თენგიზ ცეცხლაშვილი პროფესიით პედაგოგია. სამწერლო ასპარეზზე 2002 წელს გამოჩნდა და წარმატებაც მალე მოიპოვა. ზედიზედ გამოსცა ისტორიულ-ჰეროიკული პოემები _ "გვირგვინოსანნი", "ჩემი ღელედღურდანი" და "უმეფობის ჟამს", რომლებიც ავტორმა ქველმოქმედების წესით საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ჩამოარიგა.

თენგიზ ცეცხლაშვილი ჰიმნებისა და ლირიკული ლექსების ავტორიცაა. მის კალამს ეკუთვნის ლიბრეტო "დაკარგული ალმასი" და "მუშტაიდი", გარდა ამისა, გამოცემული აქვს წიგნები: "მამულო, ჩემო საუნჯევ", "ჩემი სიმდიდრე", "ხმა", ორ წიგნად გამოცემული "ჩვენი დროის დეკამერონი", "მამულისთვის თავდადებული", "ქართული ცირკი", "გულის ნადები", "კინოს კლდე", "სიყვარულის ძალა", "სასიკვდილოდ გამეტებულნი".

ნაწარმოები, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, რეალობას ასახავს და ცეცხლაშვილის მეთხუთმეტე ნაწარმოებია. წიგნს "26 მაისის სისხლიანი კალო" ჰქვია. ნაწარმოების მთავარი გმირი ავტორია, რომელიც "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ერთ-ერთი აქტივისტია. "26 მაისის სისხლიანი კალოში" თანმიმდევრულად არის აღწერილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, ფორმირება, მიზნები და ბრძოლის დეტალები. ამასთან ერთად, ავტორმა ნაწარმოებში აღწერა თანამებრძოლების თავგადასავლები, რომლებიც მონაწილეობდნენ 21 და 26 მაისის მოვლენებში.

_ "მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა აჭარის ტელევიზიასთან. ჩვენ გვსურდა, ეს ყველაფერი ობიექტურად გაშუქებულიყო, თუმცა, პროვოკატორებმა მოახდინეს სიტუაციის არევა, რის შედეგადაც მივიღეთ დარბევა. ეს იყო სისასტიკე და მარაზმი! ლევან ვარშალომიძე აჭარაში ვერაფერს წყვეტს, ის ბრძანებებს თბილისიდან იღებს. არავითარი კეტები ჩვენ არ გვქონდა. მე პირადად კატეგორიულად განვაცხადე: "თუ ვინმე ტელევიზიაში შეჭრას აპირებთ, ჯერ მე გადამიარეთ!" ტელევიზიის დაკავებით შედეგს ვერ მივაღწევდით, პირიქით, თავიდანვე გონივრულ მოქმედებებზე ვიყავით ორიენტირებულნი.

მოიქცნენ არაადამიანურად. "სახალხო კრების" ოფისში შეცვივდნენ, ძირს დაყარეს ადამიანები, სცემეს, ერთ-ერთი ფანჯრიდან გადახტა და ფეხი მოიტეხა. დაამსხვრიეს ავეჯი. დამტვრეული სკამებით უსწორდებოდნენ იქ მყოფებს. წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით აპატიმრებდნენ ადამიანებს. დროა, ეს უღირსობა დასრულდეს. ხალხი არ მოითმენს ამდენ სიმწარეს და მაინც თავისას გაიტანს, ვინაიდან ძალა ხალხშია. სიმართლე ერის მხარესაა და ერის ნება აღსრულდება! უკვე რამდენიმე თვეა, სახალხო კრების აჭარის ორგანიზაციის წევრები: ანზორ სოლომონიძე, გოჩა მუხაშავრია, დიმიტრი ჭეიშვილი, ცოტნე ანანიძე, დავით ფარტენაძე, ხვიჩა გამარჯვებაძე და ვახტანგ სიორიძე (ეს უკანასკნელი გურიის რეგიონიდანაა) დაპატიმრებული არიან და განაჩენს ელოდებიან. მათ წაყენებული აქვთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდება. შესაბამისად, ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. სახალხო კრება არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მას ასეთი ამბიციები არ გააჩნია. თუმცა არც ამის აღიარება სურს ხელისუფლებას" _ ასე იხსენებს მაისის მოვლენებს ცეცხლაშვილი.

_"ხელისუფლება უნდა მართავდეს ქვეყანას მაღალი ზნეობისა და მორალის პრინციპებით და არა ძალის გამოყენებით", _ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნის დიდი ჩინელი მოაზროვნის კონფუცის შეგონებაა ეს.

"მე შეიძლება არ ვემხრობოდე შენს აზრებს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი გამოთქმის უფლება არავინ წაგართვას", _ წერდა მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი მწერალი და მოაზროვნე შარლ არუე, იგივე ვოლტერი, _ აღნიშნავს ავტორი და ამბობს: _ მე შეგნებულად და მიზანმიმართულად მოვიტანე აქ დიდ მოაზროვნეთა გამონათქვამები. გენიოსები ყველა დროში თანამედროვენი არიან! მხოლოდ თავისუფალ აზრს შეუძლია ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს განვითარება. სადაც აზრთა ჭიდილია, იქ იბადება ჭეშმარიტებაც. ხალხი გრძნობს, ხედავს და განიცდის, რომ ქვეყანა ხელიდან ეცლება. საუკუნეობით ჭირსა და ვარამში გამოტარებული და დღევანდლამდე სიმწრით მოტანილი მამული იყიდება, ჩანაგდება და იძარცვება. ენა ქართული, ენა რუსთაველის, ილიას, აკაკის, იაკობის, ვაჟას და გალაკტიონის, ხელისუფლებაში მოსული საეჭვო წარმომავლობის ჩინოსნებისაგან უღვთოდ იდევნება, ირყვნება, მცირდება, კნინდება... ინერგება ჩასაფრების, დასმენის, დაბეზღების, ჩაშვების, დაშინების და დევნის უსინდისო და უზნეო პოლიტიკა"

ცეცხლაშვილი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას გენიალური მწერლების ცნობილ გამონათქვამებთან ავლებს პარალელს.

_ "მიეცით ადამიანებს იმდენი, რამდენიც მათ საარსებოდ ეყოფათ და ისინი პირუტყვებად გადაიქცევიან", _ წერდა შექსპირი. დღეს მოსახლეობის 70% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. როგორ არ მინდა, რომ მართალი იყოს გენიალური ინგლისელი დრამატურგი ჩვენთან მიმართებაში... უკიდურესმა გაჭირვებამ და პროტესტმა გამოიყვანა ხალხი. მაგრამ, როცა ერი და ბერი ერთად უნდა დავმდგარიყავით ქვეყანაში გამეფებული უმსგავსობის წინააღმდეგ, ბათუმშიცა და თბილისშიც ხალხის უმნიშვნელო რაოდენობა გამოვიდა. იქნებ, სახალხო კრებაა ამაში დამნაშავე? იქნებ, რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე?"

სახალხო წარმომადგენლობითი კრების ინიციატორები იყვნენ: ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, რობერტ სტურუა, ელიზბარ ჯაველიძე, სოსო ცისკარიშვილი, გოგი ქავთარაძე, მერაბ ჯიბლაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, მინდია სალუქვაძე.

_ ისინი ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქესთან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 2010 წლის 29 სექტემბერს, თბილისში, სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოსამზადებელ კონფერენციაზე შეიკრიბნენ და საჯაროდ განაცხადეს, რომ ბოლომდე იბრძოლებდნენ სამშობლოს გადასარჩენად. მიიღეს დეკლარაცია და გაკეთდა მიმართვა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს მოსახლეობისადმი, _ ამბობს ცეცხლაშვილი.

"26 მაისის სისხლიანი კალოს" ავტორი თანმიმდევრულად აღწერს 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს.

_ "იქ საქართველოს ყველა კუთხის შეფიცულთა რაზმის მეთაურები ვიყავით თავშეყრილნი და ჩვენივე ქართველებიდან თავდასხმას ველოდებოდით... იქ მისვლამდე, რაღაც საშიშროების მოახლოების უცნაური შეგრძნება დამეუფლა... ბატონმა ავთომ მოკლედ შეგვახსენა ჩვენი მოვალეობა და განგვიმარტა, თუ რისთვის ვიდექით იქ, რომ მოსალოდნელ დარბევისგან უნდა დაგვეცვა აქციის მონაწილეები, მოსული იყო შეტყობინება სპეცრაზმელების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ჩემი ეიფორია მოსალოდნელი შიშის სინდრომით შეიცვალა... მე მათ ათი ბრგე ვაჟკაცის გამოყვანა აღვუთქვი, რადგან ვგრძნობდი, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა... თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა, ვერ ვხდებოდი, რა უნდა მეთქვა ჩვენი ბიჭებისთვის... ჩვენ პარლამენტისა და სკოლას შორის ჩამომავალი გზა უნდა გადაგვეკეტა, კახელებთან და თბილისის რაიონების შეფიცულებთან ერთად. საწყის პერიმეტრზე მობილიზებისათვის ნახევარი საათი მოგვცეს, ჩვენი პერიმეტრის დაცვის მეთაურად ვინმე ემზარი დაინიშნა, ორმოც წლამდე მიახლოებული, საშუალო ტანის ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური მამაკაცი. მას ძალზედ კეთილი სახე ჰქონდა. ჩვენ ერთმანეთს ტელეფონის ნომრები გავუცვალეთ. მას პატარა შავგვრემანი ბიჭი ახლდა, სახელად ვასკა, რომელიც თავისი ჩაცმულობით იაპონელ მებრძოლ "ნინძას" მაგონებდა. ჩემებს მივაშურე. ფეხები დამძიმებული მქონდა, გადაადგილება საშინლად მიჭირდა. დავით რობაქიძის სიტყვები გამახსენდა ჩემდა უნებურად,

"მიშა ისვრის და კიდევაც დახოცავს ხალხს, მისი დამქაშები კი იმიტომ ისვრიან, რომ ისინი კრიმინალები არიან და სხვა გზა არ დარჩენიათ... სადღაც ათი საათისკენ ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა თბილისის ცის თავზე და მალე კოკისპირული წვიმა წამოვიდა. თავიდან ფეხებამდე დავსველდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ თითქოს წვიმამ გადაიღო. არემარეს გადავხედე, ხალხის მასამ მკვეთრად იკლო... ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაწვიმდა კოკისპირულად. ხალხი ჯგუფებად აფარებდა თავს გაშლილ ცელოფნებს, რომელიც თითქმის არ შველოდათ. მიტინგი გრძელდებოდა, მაგრამ ხალხის ჩოჩქოლის გამო სმენადობა ცუდი იყო... ამასობაში წვიმამ ოდნავ გადაიღო. გაკეთდა განცხადება, ვისაც სურვილი ჰქონდა, ან ვინც შეუძლოდ გრძნობდა თავს, დაეტოვებინა მიტინგი, რადგან იქ მდგომთ 9 აპრილის ღამე გველოდა... ხალხმა შეძახილებით და კიჟინით უარი განაცხადა! ამ დროისათვის ჩვენს პოზიციაზე ჩოჩქოლი ატყდა. ზემოდან ჩამომავალ ქუჩაზე _ 50 მეტრის მოშორებით სპეცრაზელები პოზიციებს იკავებდნენ... ამის დანახვაზე მივიღე გადაწყვეტილება, პოზიციიდან ქალები დამეთხოვა. სპეცრაზმელები ფსიქოლოგიურ შეტევაზე გადმოვიდნენ, ისინი ფარებს აბრახუნებდნენ, რასაც ჩვენი ბიჭები ჯოხების ბრახუნით პასუხობდნენ. ჩვენი მეთაური _ ემზარი ცარიელი ხელებით იდგა მათკენ შემართული, მის უკან კი _ დანარჩენები. მან ამ დროისთვის სათანადო ბრძანებები გასცა, ერთ ჯგუფს კი საპირისპირო მიმართულებით დგომა მიუთითა, რათა რუსთაველის გამზირიდან მომავალი სპეცრაზმის შემოსვლა აღეკვეთათ... ამ დროისთვის ისევ წამოვიდა თავსხმა. მალე რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მხრიდან სპეცრაზმელთა მანქანები გამოჩნდნენ. ამ დროისათვის სცენაზე ირაკლი ბათიაშვილმა _ "მამაო ჩვენო" _ ლოცვა დაიწყო დანთებულ სანთლების ფონზე სხვა დანარჩენ ლიდერებთან ერთად. მე მათ უკვე ვერ ვხედავდი. ცოტა ხანში რკინის დარტყმის ხმასთან ერთად ჰაერში ორივე მხრიდან წყლის ჭავლმაც იფეთქა. ქაშუეთის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მდგარმა პირჯვარი გადავიწერე და უფალს მივანდე ჩემი და იქ მყოფი მეგობრების ბედიც...

მალე გაზისაგან სული მეხუთებოდა. მანქანებმა შემოლეწეს რკინის კონსტრუქციის ბარიერები. წყლის და გაზის ჭავლის თეთრი კორიანტელი ტრიალებდა ჩვენ ირგვლივ. უცებ გადაშავდა იქაურობა. თითქმის ვერაფერს ვარჩევდი იმ წყვდიადში, მხედველობა ძალზედ გამიჭირდა. ჩვენ უკან დახევა დავიწყეთ, ჟივილ-კივილისა და გინების ორომტრიალი დატრიალდა... კბილებამდის შეიარაღებულ და გაწვრთნილ სპეცნაზელებთან აბა რას გააწყობდი უიარაღო კაცი... მალე ახლო მანძილიდან დავინახე, როგორ მორბოდნენ ჩემკენ ნიღბიანი შავოსნები ხელკეტების ქნევით. რა გზა მქონდა, მეც პარლამენტის შენობას მივაშურე ერთ ჯგუფთან ერთად. აღლუმისთვის გამზადებული ფიცარნაგის მეშვეობით პარლამენტის შენობის წინა კედელთან აღმოვჩნდით ალყაში მოქცეულნი. გზა გავაგრძელეთ პარლამენტის ცენტრალური შესასვლელისკენ. ჩემ გვერდით საშუალო ტანის ქერათმიანი ქალბატონი დახმარებას გვევედრებოდა... მას ხელი მივაშველე და მასთან ერთად განვაგრძე სირბილი. ის ფეხებს ძლივს ათრევდა, ფეხსაცმელი გამძვრაო, _ მითხრა, მაგრამ მაგის დრო სადღა იყო, ანდა ვინ მოგაბრუნებდა. ხალხი მჭიდროდ, მხარი-მხარს მიბჯენილი გარბოდა... რამდენიმე ნაბიჯიც არ გვქონდა გადადგმული, რომ საპირისპირო მხრიდან ხალხის ჯგუფი შეგვეჯახა, ქალბატონმა წაიბორძიკა და წაიქცა. მე წინ ხის პოდიუმზე წავიქეცი წინა ხელებით, მაგრამ უცებ წამოვდექი, იმის შიშით, რომ არ გავეთელე აზვირთებულ და გაბოროტებულ ადამიანებს და მიტინგის მიმართულებით დავიწყე სირბილი. ზიგზაგებით მივრბოდით, რათა მოქნეული ხელკეტები აგვეცილებინა... იმ მომენტისთვის ვერაფერს ვგრძნობდი, მხედველობაში მაქვს ხელკეტების დარტყმები. თავი ხელებში მქონდა ჩარგული და პირზე _ ცხვირსახოცი აფარებული. გაზი და ტყვიები რომ არ მომხვედროდა... მივაღწიე რა ცხრა აპრილის მემორიალს, იქიდან ჩიტაძის ქუჩისკენ პიონერთა სახლისკენ გავიქეცი სხვებთან ერთად. არაქათი გამომელია, საცა იქნებოდა წავიქცეოდი, რომ ერთმა დალოცვილმა ადამიანმა მოგვაძახა _ კედელთან ახლოს იარეთ! რომ წაიქცეთ, ხალხი გადაგთელავთო! და მეც პიონერთა სახლის პერიმეტრს გავყევი სხვებთან ერთად. ჩემ გვერდით ქალი კიოდა და დახმარებას ითხოვდა, შავი "პლაშის" მოსასხამი ეცვა. მუხლებში მოვიხარე მის ასაყვანად, მაგრამ ამ დროს ვიღაც კაცის ფეხი მომხვდა თავში, დამაწვა და ქვემოთ დამაგდო, მეორე ფეხი კი ქალის მხრებზე მოვლანდე. მან ჩვენი "დახმარებით" შენობაში შეაღწია... ამ დროს ვიგრძენი ხელკეტების დარტყმა. წამოვდექი, ძალა მოვიკრიბე და სხვებთან ერთად გეზი "თავისუფლების" მეტროსკენ ავიღე. წინ ხელკეტებით შეიარაღებული ნიღბიანები გადაგვეღობა, დაიწყეს უმოწყალოდ ჩვენი ცემა და გინება... სადღაც ოც კაცამდე ვიყავით, დაახლოებით. მიწაზე დაწოლა გვიბრძანეს, მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით... კბილებამდის შეიარაღებულ ვამპირებთან რას გააწყობდი. გინებით, ფურთხით და ხელკეტებით გვებრძოდნენ... ერთმა მათგანმა დაიძახა ჩემი მისამართით: _ "ეს რუსების აგენტია, ოცდაათი ლარი გადაუხადა ნინომ!" _ ტყუილია, ვუპასუხე მე. ამის შემდეგ მან მიზანმიმართულად ამომიჩემა და დამიწყო ხელკეტით ცემა და სახეში ფურთხება. ამ დროს დაჩოქილ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, თავში დარტყმას მარცხენა ხელით ვიგერიებდი. ხელმა ამდენ დარტყმას ვერ გაუძლო და ძალაუნებურად ძირს ჩამომეწია. თავის არეში ვიგრძენი ხელკეტის წვერის დარტყმა. სასოწარკვეთილი, არაადამიანური მოპყრობისგან ღირსება შელახული და საშინლად დამცირებული ხმამაღლა ვღრიალებდი, ვიგინებოდი და ვაგინებდი ყველა იმათ, ვინც ასე გაგვწირა და სასიკვდილოდ გაგვიმეტა. ეს ეხებოდა იმათაც, ვინც დაგვპირდა იქ მოსვლას და არ მოვიდა, ვინც იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო და სამარცხვინოდ გვიღალატა და მიგვატოვა, ვინც ტელევიზორით, მხართეძოზე წამოწოლილი ჩვენ დარბევას უყურებდა... უცებ ხელბორკილები დაყარეს და მიწაზე დაწოლილებს დაუწყეს ზურგს უკან ხელების შეკვრა. ჩემი ჯალათი უცებ მოწყდა ადგილიდან და სადღაც გაუჩინარდა, გავიფიქრე მეშველა-მეთქი, მაგრამ ამაოდ, იგი ჩემ წინ აღიმართა და ჩემზე მიუთითა თოფიან ნიღბიანს _ "ესროლე ამ რუსის აგენტსო!" _ ამის გამგონემ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი... ამ დროს გამოჩნდა ვიღაც ახოვანი ნიღბიანი. მან ხელი აღმართა მის წინ მოღრიალე ჯალათთან და შეჩერება უბრძანა. შემდეგ მე მომიბრუნდა და ფეხზე ადგომა მიბრძანა. მე ავდექი და ცემისაგან გასივებული ხელები უკან ძლივს გავიტანე, უკანა გვერდიდან ჯალათი მომიახლოვდა, ჩემზე ბორკილების დადების ჯერი იყო დამდგარი. მან ხელბორკილების დამდებ ჯალათს შეჩერება უბრძანა. შემდეგ მოგვმართა, იმყოფებოდა თუ არა ჩვენ შორის ქალი, ამ დროს ერთი პატარა აღნაგობის გოგონა აღმოჩნდა ჩემ უკან. სწრაფად წამოდგა, პულოვერი და მოკლე შავი "კურტკა" ეცვა, რომელზეც "ტვ" ეწერა ინგლისურად. იგი ჯალათს ქართულად გამოელაპარაკა. ნიღბიანმა ქალს წასვლა უბრძანა. გზად მიმავალს ვიღაც შავოსანმა ორჯერ შემოკრა ხელკეტი, ქალმა შეჰკივლა, მაგრამ გზა ჩქარი ნაბიჯებით გააგრძელა. ისე, რომ უკან არ მოუხედავს. შემდეგ იმავე ნიღბიანმა მშვიდად მიმართა ჩემ უკან მდგომ ნიღბიანს, ხელები შეეხსნა ჩემთან მდგომი ხანში შესულ კაცისთვის. შემდეგ ჩემსკენ მობრუნდა ხელკეტით ხელები ჩამომაწევინა და უკან გამომყევითო გვიბრძანა მე და ხანში შესულ მამაკაცს. ის წინ მიგვიძღოდა. ჩიტაძის ქუჩისკენ წავიდა, ყველას აფრთხილებდა _ ხელი არ ეხლოთ ჩვენთვის. მიწა გამსკდომოდა და ჩავარდნილიყავი, ის მერჩია, იქ წოლა ვინატრე, დარჩენილებთან... ჩემს აზრებში "შპიონაჟის" ახალმა ვარიანტებმა გაიელვეს... და მომავალ წამებაზე ვფიქრობდი, წინ რომ მელოდა... ასე ვიარეთ ჩიტაძის ქუჩამდე. როცა ჩიტაძეზე გავედით, იქ მხოლოდ ჭავლსასროლი მანქანა იდგა, მე თვალებით მანქანებს ვეძებდი, რითაც უნდა წავეყვანეთ... ახოვანი ნიღბიანი უცებ შეჩერდა, წინ გაგვატარა და მოულოდნელად მოგვმართა _ ზემოთ წადით და რიყეთით გადადითო! ამ სიტყვების გამგონე სახტად დავრჩი, ჯერ იმის ფიქრში ვიყავი, საპყრობილეში რა მეშველება-მეთქი და ახლა უცებ თავისუფლება მაჩუქეს... მისკენ მივბრუნდი, ორი ნაბიჯი გადავდგი, ფარზე მარჯვენა ხელი მივადე და ვუთხარი _ სახელი რა გქვია-მეთქი. მან მოულოდნელად გამიღიმა და დაუფიქრებლად წარმოთქვა _ კახა მქვია, წადით ახლა მშვიდობიანადო, _ მიგვაძახა და უკან წავიდა. მისი საქციელით გაგულიანებულმა მივაძახე _ იქაც ჩვენისთანა ქართველები არიან და არაფერი დაუშავო-თქო.

როცა თავისუფალი აღმოვჩნდი, შემდეგ გავითავისე ყოველივე... ზემოთ ავედი, წვიმდა კოკისპირულად, ტაქსი გავაჩერე და დაბრკოლების გარეშე სადღაც ორი საათისთვის მივედი შვილთან ბინაში", _ იხსენებს ცეცხლაშვილი.

ავტორს წიგნში აქციის სხვა მონაწილეთა მოგონებებიც აქვს თავმოყრილი:

ლუკა კურტანიძე: "ვინც 26 მაისს პარლამენტთან იდგა, ყველა გმირია. ხალხმა იცოდა არსებული საფრთხის შესახებ, მაგრამ ფეხი არავის მოუცვლია! სააკაშვილისგან თავს დაგვატყდა ისეთი სისასტიკე, რომელიც მომავალ თაობებს შავ ლაქად გაჰყვება. ცხოვრებაში პირველად მოვხვდი მსგავს სისხლიან კალოზე, მეგონა, მტერი შემოგვესია და ამოწყვეტას გვიპირებდა. სპეცრაზმმა შემოანგრია კედელი, მეძახდნენ _ კურტანიძე, გამოდი, გამოეთრიე... დამიმიზნეს იარაღი, მითხრეს, კანონს დავმორჩილებულიყავი. ისინი ვერ იმორჩილებდნენ აგრესიას. უამრავი სპეცრაზმელი წამოვიდა იერიშზე. ადგილი არ დამრჩა სხეულზე, სადაც ხელკეტის კვალი არ იგრძნობოდა. რამდენიმე ხელბორკილი დამადეს. ენით აუწერელი სისასტიკით გამისწორდნენ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე სპეცრაზმელის თანადგომა რომ არა, უარესს დამმართებდნენ! სახე რომ მთელი მაქვს, მათი დამსახურებაა და არ მინდა, იმ ადამიანებს სიკეთე დავუკარგო. თავისუფლების მოედანზე ჩამიყვანეს, სადაც დამესივნენ და გამისწორდნენ. არ ვიცი, ასეთი აგრესია რითი დავიმსახურე, მე ხომ მთელი ცხოვრება ქართველებს და საქართველოს ვემსახურე! ამ სისასტიკემ ტყვიაზე მეტად იმოქმედა. იმ შეურაცხყოფამ, დაუცველობამ და ხალხის დასისხლიანებულმა, გაუბედურებულმა, უმწეო სახეებმა შემძრა. ისევ სპეცრაზმელებმა იმარჯვეს, ვიღაცის ბრძანება მოიშველიეს და დანარჩენებს ეუბნებოდნენ, არ შემხებოდნენ... ისინი რომ არა, ან მტკვარში მიპოვიდნენ გარდაცვლილს, ან ტყეში და ან სახურავზე! პოლიციასა და ხალხს შორის ხიდი ჩატყდა! სამმართველოშიც ზღვარგადასული სისასტიკე ვიხილე. სისხლში ამოსვრილ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ისმოდა სასიკვდილოდ განწირული ადამიანების ბღავილი. ნამდვილი კოშმარი იყო. კედლის მეორე მხრიდან საშინელებები მესმოდა. ვიდრე სასამართლოში წამიყვანდნენ, ვიღაცები მოვიდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს... მოვიდა ერთი ახალგაზრდა, ჩამომახია ტანსაცმელი, ხელებშეკრულს ჯერ ერთ მხარეს გამილაწუნა, მერე მეორე მხარეს გამარტყა! ეს იყო ტიპიური მუწუკი, რომელსაც აგური აგურზე არ აქვს დადებული. სხვათა დასანახად დამამცირა, დამჩაგრა, მაგინა, მერე კი სურათები გადამიღო. წარმოიდგინეთ ასეთი არსების ფსიქოლოგია! ასეთები ფსიქიატრიულში უნდა მკურნალობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ"

მურმან დუმბაძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე: "როდესაც აქციის დაშლა დაიწყო, სპეცრაზმელებმა ე.წ. კორიდორი გააკეთეს მიტინგის სცენიდან კინოთეატრ "რუსთაველამდე". კინოთეატრის დარბაზში სპეცრაზმელებმა რამდენიმე გაზის ბალონი შემოაგდეს. თან ჰყავდათ ადამიანებზე დაგეშილი ძაღლებიც. მე ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა თავში ხელჯოხი ჩამარტყა და თავი გამიტეხა. შემდეგ ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადამიყვანეს. იქ არა მარტო მცემდნენ, არამედ მაწამებდნენ კიდეც. სასამართლო პროცესიც რამდენიმე წუთში ჩატარდა და ათეულობით ადამიანთან ერთად თელავის დროებითი დაკავების დაწესებულებაში გადამიყვანეს",

პოლიციელებმა თავზე ტრავმის მიყენების გარდა, რამდენჯერმე მცემეს, ხელებზე სქელძირიანი ფეხსაცმელებით მაწამებდნენ,

"უამრავი ტრავმა მომაყენეს, ცხვირი გამიტეხეს, როდესაც პოლიციის სამმართველოში გადავყავდი, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მეორეს უთხრა: _ "მურმან დუმბაძე საჭირო კაცია ბათუმში და არ შემოგვაკვდესო, იგი ბათუმში მეჩეთების მშენებლობას ეწინააღმდეგებაო".

ნუგზარ ჟორდანია, ჟურნალისტი: "დღეს საქართველო დემოკრატიისაგან ისე შორსაა, როგორც მონღოლეთი... ვისაც არ სჯერა, კარგად გადაავლოს თვალი იმ ფოტო და ვიდეო მასალებს, სადაც 26 მაისის პერიპეტიები, სისასტიკის და მხეცობის, საკუთარი ხალხის სამაგალითოდ დასჯის პერიმეტრებია აღბეჭდილი და დასკვნა მერე გააკეთოს. თუ ესეც არაა საკმარისი, ეს უკვე სხვა მოვლენაა და მათ სხვა "ინფოთერაპია" სჭირდებათ. მე კი ამაში 2007 წლის 7 ნოემბერმაც დამარწმუნა, 21 მაისის ბათუმმაც და 26 მაისის თბილისურმა "ბელა ჩაოს" ფონზე დათენებულმა "ბართლომეს ღამემაც". ამ სამივე მოვლენის უშუალო მონაწილე ვიყავი, როგორც ჟურნალისტი ისეც ვაშუქებდი და მოვლენათა "ეპიცენტრში" გახლდით, ვინმეს მონაყოლს ან გაგონილს კი არ გიყვებით, არამედ თავად ვნახე, როგორი სისხლიანი სასაკლაო მოუწყვეს საკუთარ ხალხს დამოუკიდებლობის ოცი წლისთავზე. დარბევაც არის და დარბევაც, მაგრამ ის ცინიზმი, სადიზმი, სისასტიკე და არაადამიანურობა ვერც კი წარმომედგინა. იმ დღეს "კალიგულიზმის" გამოვლინებაც დავინახე, ისიც დიქტატორი იყო და თავს დემოკრატად თვლიდა, მისთვის ადამიანის არც ღირსება არსებობდა და არც სიცოცხლე ღირდა რამედ. ახირებებისა და მანიაკური სურვილების დასაკმაყოფილებლად სისხლიან სანახაობებს აწყობდა. თანაც ყოველდღე ამას ამადლიდა ხალხს, ყველაფერს თქვენივე კეთილდღეობისთვის, რომის იმპერიის დიდებისთვის და ნათელი მომავლისთვის ზრუნვით ვაკეთებო, არ გჯერათ? _ შეგიძლიათ, გაეცნოთ კალიგულას მოღვაწეობის ქრონიკას და დარწმუნდებით, თუ რა შეუძლია დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის სინდრომს".

ცეცხლაშვილი წიგნს ლუკა კურტანიძის სიტყვებით ასრულებს:

_ "შენ გეუბნები, ტელევიზორთან რომ ზიხარ, სამზარეულოში რომ ზიხარ და არ იბრძვი! არ მოგწონს პოლიტიკოსები? გამოდი და შენი ღირსება დაიცავი, უმსგავსობას არ შეეგუო! ვის აქვს უფლება, დემოკრატიისთვის ბრძოლაში წინ გადაგვეღობოს? ნიღბიანებო, თქვე უბედურებო, მოგეკითხებათ! ინგლისელმა იცის, რომ თუ პოლიცია უფლებას დაარღვევს, ეს ცუდია. მისთვის უფლების დარღვევა უფრო ცუდია, ვიდრე ვიტრინის ჩამსხვრევა და მანქანის დაწვა. თუ ხმას არ ამოიღებს, ხვალ უარესი ელის, ამიტომ გამოვიდა ინგლისი. აქ კი ხალხი დახოცეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიცოცხლის ხელყოფას ასე მშვიდად რატომ შეხვდა საზოგადოება? ერო, ხმა ამოიღე. გადარჩენაზეა საუბარი. ხალხი დახოცეს, ხალხი!!! სხვა რა უნდა დაგვმართონ?! ღობეზე უნდა გადაგაყუდონ და საქვეყნოდ შეგარცხვინონ თუ რა უნდა გიქნან? წმიდა სინოდის გადაწყვეტილებებში ჩაერივნენ უკვე. გამოიღვიძეთ, დროა, დრო!!! მე ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, უკან არ დავიხევ, შანსი არაა, ვერ გამტეხენ. ჩემი ცოდვილი ხმით მინდა შევძახო მთაში, აი, ფერისცვალებამაც ჩაიარა, გისურვებთ, თქვენც ბრძოლის ჟინმორეულები დაბრუნებულიყავით!"



არქივი