სკოლა ბევრი წარმატებით და შენობით, რომელიც არავინ იცის, როდის ჩამოინგრევა

gurianews.com

21-ს ქვევით

სკოლა ბევრი წარმატებით და შენობით, რომელიც არავინ იცის, როდის ჩამოინგრევა

დეკემბერი 22
10:39:27 2011
სოფლის შესასვლელში ყურადღებას იქცევს მიტოვებული სახლები, რომლებსაც დრო-ჟამის ხელი უფრო ატყვია, ვიდრე მშრომელი გურული გლეხისა. არაფრისმთქმელი სიცარიელე იხედება ჩაბნელებული ფანჯრებიდან, სადაც ერთ დროს დიასახლისები ფუსფუსებდნენ _ ეს სოფელი წიფნარია, ლამაზი და მოხდენილი სოფელი. სკოლისკენ მივუყვებით გზას და ბავშვური სილაღით გვიცემს გული.

ბავშვების მხიარული ჟივილ-ხივილით ავსებულა ეზო. გულგრილი ვერ დარჩება ამ სკოლის მნახველი _ ხის კედლები ხავსს და სუროს სანახევროდ დაუფარავს. დაზიანებულია სასკოლო ინვენტარი. თითქმის ყველა ოთახში წყალი ჩამოდის, გახსნილია კედლები. გათბობას შეშის პატარა ღუმელები "უზრუნველყოფენ". ბუფეტი და სველი წერტილები არ არსებობს. ძალიან დაგვაინტერესა ბიბლიოთეკის საკითხმაც, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს და ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის უნიკალური ნიმუშები ლპება და ინაცრება.

 

სკოლის დირექტორი, ნუნუ ანდღულაძე, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ სკოლის დღემდე არსებობაში, იმ წერილებსა და მიმართვებს გვაჩვენებს, რომლის ადრესატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი დიმიტრი შაშკინი და პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში, ვალერი ჩიტაიშვილი არიან. ყველა წერილში ერთი უდიდესი პრობლემის _ ავარიული სკოლის შესახებ არის საუბარი.

_ იმედის მომცემი პასუხიც მივიღეთ და ახლა, ველოდებით, როდის ასრულდება ჩვენი პატარა სოფლის დიდი ოცნება და როდის შევძლებთ ახალ შენობაში, ახალი შემართებით ვაზიაროთ მოსწავლეები ცოდნის სამყაროს, _ გვითხრეს წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგებმა.

ამ სკოლის თითქმის ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდებში. გადიან ტრენინგებს, ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ და არაფერს იშურებენ თავიანთი მოსწავლეებისთვის. მათი უანგარო შრომის შედეგია, რომ ასეთ პირობებში ბევრი წარმატებული მოსწავლე აღზარდეს, რომლებიც ასევე წარმატებით აგრძელებენ სწავლას რაიონის სხვადასხვა სკოლებში, რადგან წიფნარში მხოლოდ საბაზო საფეხურია.

_ გეოგრაფიაში რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გახდა, რის გამოც დიმიტრი შაშკინმა ჩვენს სკოლას პრემიის სახით 3000 ლარი გადმოსცა, _ გვითხრა ნუნუ ანდღულაძემ.

მართლაც, რომ ძნელია, ასეთ პირობებში წარმატებებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, ცოდნის წყურვილს ვერაფერი ახშობს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "მასწავლებლებად დაბადებული" ადამიანები ემსახურებიან სოფელს, ემსახურებიან თავდადებით. მართავენ შემოქმედებით საღამოებს, ღია გაკვეთილებს, მღერიან, ცეკვავენ.

სამუშაო საათები დასრულდა... ეზო დაცარიელდა. ჩვენ კი უკვე ცარიელ კედლებს გავცქერით, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაცივებულა... ხვალ ისევ აივსება ჟრიამულით ეზო, ბავშვების ლაღი სიცილი გაათბობს ხავსიან კედლებს, რომელიც არავინ იცის, როდის ჩამოინგრევა.



არქივი