რას ითხოვენ ჩაისუბნელი მოსწავლეები გამგებლისგან და რა აწუხებთ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს

gurianews.com

21-ს ქვევით

რას ითხოვენ ჩაისუბნელი მოსწავლეები გამგებლისგან და რა აწუხებთ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს

დეკემბერი 22
10:44:12 2011
გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე, მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებმა ჩოხატაურის გამგებელს, ლელა იმედაშვილს რამდენიმე პროექტი წარუდგინეს და დახმარება სთხოვეს.

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათ არ ააქვთ საშუალება გააკეთონ სკოლის ვებ გვერდი და თავიანთი წარმატებების შესახებ უფრო დიდ აუდიტორიას ესაუბრონ. გარდა ამისა, ბავშვებმა, გამგებელს სკოლაში გაზის შეყვანა და სპორტული დარბაზის მოწყობაც სთხოვეს.

 

ლელა იმედაშვილის თქმით, სკოლის ვებ გვერდის მომზადება შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, განათლების ხელშეწყობის მუხლიდან დაფინანსდეს. რაც შეეხება გაზს და სპორტულ დარბაზს, მსგავსი ტიპის სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხიდან უნდა განხორციელდეს.

ამავე შეხვედრას პირველი საჯარო სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც ჰქონდათ გამგებელთან თხოვნა:

_ ჩვენს გვაქვს პროექტი _ უსაფრთხო გადასასვლელი. ჩვენი სკოლა გზის პირზეა და გვინდა, რომ იქ ბარდიურები და სანიშნეები გაკეთდეს, _ აღნიშნეს მოსწავლეებმა

ლელა იმედაშვილის განმარტებით, ტროტუარები დაბის მთელი ტერიტორიისთვის უნდა მოეწყოს და ეს გზის რეაბილიტაციას აუცილებლად მოჰყვება. რაც შეეხება მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით სკოლასთან სპეციალური გადასასვლელის მოწყობას, ამ საკითხს შესაბამის ინსტანციებში მაქსიმალურად მოკლე დროში დააყენებს.

ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე დაისვა პირველი საჯარო სკოლის ავტობუსის ამუშავების საკითხი:

_ ჩვენს სკოლაში ბავშვები ბურნათიდან, გორადაბ, გოგოლესუბნიდან დადიან. იმის გამო, რომ სკოლის ავტობუსის ფუნქციონირება უფინანსობის გამო ვერ ხერხდება, დაფიქსირდა ამ მოსწავლეების დაგვიანების შემთხვევები. ამიტომ, თუ ბიუჯეტიდან სასკოლო ავტობუსის თანადაფინანსება მოხდება, ეს პრობლემა მოგვარდება, _ აღნიშნა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ხათუნა წილოსანმა.

ამ საკითხმა კამათი გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ როდესაც ეს ავტობუსი მუშაობდა, იყო შემთხვევები, როდესაც სხვა სკოლის ბავშვები არ წამოიყვანეს (ამის შესახებ ჩვენი გაზეთიც წერდა) და იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, ასეთი ფაქტები არ უნდა განმეორდეს. ამავდროულად, სასკოლო ავტობუსის ამუშავებამ, პრობლემები არ უნდა შეუქმნას სოფლის სკოლებს:

_ სასკოლო ავტობუსის საკითხი ბურნათში შეხვედრისას მოსახლეობამ მწვავედ დააყენა და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. ბურნათის მოსწავლეთა მომსახურება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოიწვია იქ დაწყებითი სკოლის ფუნქციონირების შეჩერებამ და სწორედ ამის გამო გამოეყო ავტობუსი პირველ საჯარო სკოლას. მთავარია, დაცული იქნას ავტობუსის გადაადგილების აქამდე არსებული მარშუტი და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბიუჯეტში ასახული იქნება ავტობუსის მომსახურეობის თანადაფინანსების საკითხი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმედაშვილმა.



არქივი