საჯარო სივრცის პრობლემა სკოლებში

gurianews.com

21-ს ქვევით

საჯარო სივრცის პრობლემა სკოლებში

თებერვალი 04
15:39:22 2016

ერთხელ ჩემს მეგობარს ვესტუმრე სკოლაში, უნდა გვესაუბრა, თუმცა ვერ ვნახეთ ადგილი,  სადაც გავისაუბრებდით.  ვკითხე _ სად არის შენი საყვარელი ადგილი სკოლაში, სადაც  ყოფნა გსიამოვნებს?! მან პასუხი ვერ გამცა, თუმცა ბოლოს თავისი საკლასო კაბინეტი დამისახელა. 

ამ შემთხვევის შემდეგ ჩემს თანატოლებს ხშირად ვუსვამ კითხვას, რომელია მათი საყვარელი ადგილი სკოლაში. ზოგი სკოლის დერეფანს ასახელებს, ზოგიც _ საკლასო ოთახს, ფოიეს, ბუფეტს, მოკლედ, იმას, რაც შენობის შიგნით არის.

რეალობის გასარკვევად ლანჩხუთის სხვადასხვა სკოლებში გამოკითხვაც კი ჩავატარე და მოსწავლეებს ერთი კითხვით მივმართე _ "თქვენი საყვარელი ადგილი სკოლაში?" 

ჩოჩხათის საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე ავთო ლეჟავა ამბობს, რომ ის მეტ დროს საკლასო ოთახში ატარებს. 

მისგან განსხვავებით, აჩიკო სურმანიძეს, რომელიც ჩიბათის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლეა, თავისუფალ დროს სკოლის დერეფანში არჩევს ყოფნას.

ანი მესტვირიშვილი, ჩიბათის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: გამათბობელთან, დერეფანში.

სოფო კუნჭულია, ლესის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე _ ბიბლიოთეკა.

ნინი კუნჭულია, ლესის საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლე _ ტენისის ოთახი.

ილია ხუხუნაიშვილი, ლანჩხუთის  იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის 11 კლასის მოსწავლე _ ჩემი საკლასო ოთახი.

თამთა ბზეკალავა, #2 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე _ ლოცვისთვის განკუთვნილი ოთახი.

ბექა ბერიძე, სუფსის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე _ სკოლის შიდა კიბეებთან.

გოჩა ჯიბლაძე, #1 საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე _ ბოლო მერხზე ნებისმიერ კაბინეტში.

მაკა ჩუბინიძე, სუფსის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე _ საკლასო ოთახი.

ლუკა მანია, წყალწმინდის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე _ საკლასო ოთახი.

ლევანი ჩერქეზია, _ #3 საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე, საკლასო ოთახი.  

ანა მურვანიძე, ნიგვზიანის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე _ ალბათ, დერეფანი.

მოკლედ, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა სკოლის დერეფანს ან  საკლასო ოთახს ანიჭებს უპირატესობას, არც ერთ მათგანს არაფერი უთქვამს სკოლის ეზოზე, ბაღზე ან სკვერზე. 

 რატომ? _ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს სკოლებში მოსწავლეთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რეალურად, რა არის საჯარო სივრცე. არადა, ევროპულ ქვეყნებში საჯარო სივრცეების მოწყობას სკოლებში, საბავშო ბაღებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში  დიდ ყურადღებას აქცევენ და აუცილებელიცაა.

სხვათა შორის, საჯარო სივრცის მოსაწყობად ზოგიერთმა სკოლამ ლანჩხუთში უკვე დაიწყო  სამზადისი, რომელთა შორისაა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაც.

ის, რაც აქ კეთდება, ამ სკოლის მოსწავლეების უშუალო დამსახურებაა. ისინი ამრავლებენ და აფესვიანებენ მცენარეებს, რათა თავისი სკოლის ეზო ლამაზი და მიმზიდველი გახადონ. როგორც იქაურმა მოსწავლეებმა გვითხრეს, უკვე  საკმაო ჯიშის მცენარეები მოაგროვეს და ამ ზაფხულს დაიწყებენ სკოლის ეზოს გალამაზებას.

იმედია, ჩიბათის სკოლის ამ ინიციატივას გამოხმაურება სხვა სკოლებიდანაც მოჰყვება და სხვებიც შეეცდებიან  მსგავსი ტიპის პროექტი თავიანთ  სკოლაშიც განახორციელონ, რადგან   ინიციატივა, ჩვენ, მოსწავლეებმა უნდა გამოვიჩინოთ და ამ ყველაფერში ჩავრთოთ უფროსებიც.



არქივი