ხელისუფლების დაპირებები და გეგმები _ 2012

gurianews.com

21-ს ქვევით

ხელისუფლების დაპირებები და გეგმები _ 2012

იანვარი 01
04:00:00 1970
სოციალური ქსელ ფეისბუქში, ჩოხატაურელი ჩონოვნიკების პერსონალურ გვერდებზე, ხშირად იდება სხვადასხვა მაკეტები, რომლებზეც გაკეთებული წარწერებით ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურში 2012 წელს ინფრასტრუქტურული ცვლილებები გველის.

ხელისუფლების განმარტებით 2012-2013 წლისთვის მთავარი სამიზნე ჩოხატაური და კურორტი ბახმაროა, რომლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ზაფხულში უნდა დაიწყოს. ამავე დროისთვის უნდა დაიწყოს, დაბა ჩოხატაურში ახალი სკვერის მშენებლობა და ძველის განახლება.

იმის გასარკვევად თუ რა პროექტებია დაგეგმილი 2012-2013 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლელა იმედაშვილს ვესტუმრეთ.

_ 2012 წელს ჩოხატაურში ნამდვილად გველის ახალი ინფრასტრუქურული პროექტები. მაკეტები, რომლებიც საჯარო ხდება, ბუნებრივია, რეალურია და მისი განხორციელება წელსვე იწყება. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს კურორტი ბახმარო და დაბის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია. დამეთანხმებით კურორტ ბახმაროს განახლება ყველა გურულის და რა თქმა უნდა, ყველა ჩოხატაურელის ოცნება იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბაში არსებული, ნოდარ დუმბაძის სკვერის განახლება და ანა კალანდაძის ხეივნის გახსნაც. ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობა ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აშკარად დაგვანახა. თუმცა ეს ინფრასტრუქტურული პროექტების სრული ნუსხა არ არის. წელსვე დაბის, განათების გარეშე დარჩენილი ყველა ქუჩა განათდება, გაკეთდება სასაფლოსკენ მიმავალი გზა, მოეწყობა მუნიციპალიტეტის შემოსასვლელების აღმნიშვნელი ნიშნულები, მოხდება გამგეობის გვერდით მდებარე ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბის საბავშვო ბაღებს, დამატებით შევიძენთ დაბის ქუჩებისთვის აუცილებელ სანაგვე ურნებს. ეს ის პროექტებია, რომლის ხორცშესხმისა და განხორციელების მომსწრე ამ ზაფხულს ყველა ერთად გავხდებით, _ ამბობს გამგებელი.

_ როდის იწყება მათი მშენებლობა?

_ როგორც გითხარით, ეს პროექტები წელსვე იწყება.

_ კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ბახმაროში?

_ კურორტ ბახმაროში წელს დამსვენებლებს საინტერესო სიურპრიზები ელოდებათ. აქ ახალი მშენებლობები გაიშლება და თანამედროვედ მოეწყობა გართობისა და დასვენების ადგილები. ამ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. იგეგმება ახალი, თანამედროვე ტიპის ამფითეატრის მშენებლობა, მოეწყობა ულამაზესი პარკი, აშენდება სასტუმროები და სხვა ახალი ობიექტები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, მაგრამ რაც ჩამოგითვალეთ, ეს პირველი რიგის პროექტებია. დღეს ეს პროექტები საჯაროა და მისი გაცნობა ჩვენი შენობის პირველ სართულზეც შეგიძლიათ.

_ არის თუ არა დაგეგმილი ჩოხატაურის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია?

_ დაგეგმილია ბევრი ახალი და საინტერესო პროექტი. ვფიქრობ, მოზარდებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩოხატაურში არსებობდეს სპორტული დარბაზი, სადაც ისინი უკეთეს პირობებში შეძლებენ ივარჯიშონ და აჩვენონ საუკეთესო შედეგები. ჩვენი ახალგაზრდები ამას ნამდვილად იმსახურებენ. ამ პროექტზეც ვმუშაობთ და იმედი მაქვს, განვახორციელებთ კიდეც.

_ ცენტრალური სტადიონის ინფრასტუქტურის მოწესრიგებაზე წინა წლებში სოლიდური თანხაა დახარჯული, თუმცა დღეს იქ არც ნორმალური სკამებია და არც ფეხბურთელების გასახდელია მოწესრიგებული

_ ჩვენთვის, როგორც გითხარით, ჩოხატაურში სპორტული მიმართულებების განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. საამისოდ ადამიანური რესურსი აქ ნამდვილად არის. მათ შორის მნიშვნელოვანია ცენტრალური სტადიონის მოწყობაც. ის, რაც გაკეთდა 2010 წელს, არ მოიცავდა სტადიონის სრულ რეაბილიტაციას. ამისთვის სერიოზული დაფინანსებაა საჭირო და იმედი მაქვს, მას პრიორიტეტულად მალევე დავიწყებთ.

_ მინი საფეხბურთო სტადიონებზეც გვინდა გკითხოთ... რამდენიმე გაკეთდა, მათ შორის სოფლებშიც, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ეს სტადიონები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ზოგს კარები არ ააქვს, ზოგს ღობე. ბენდელიანის ქუჩაზე არსებული მინი სპორტული კომპლექსი, რომელზეც 52 000 ლარია დახარჯული თითქმის გამოუსადეგარია და ამის შესახებ ბევრჯერ დაიწერა. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მომავალშიც დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს იგივე ბედი არ ეწევა?

_ სიტყვა "სტადიონის მოწყობა" სასოფლო მოედნებს ნამდვილად არ შეესაბამება. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები ითხოვენ მხოლოდ კარების, მხოლოდ ბადის ან ნაწილობრივ შემოღობვას ბუნებრივ საფარზე (მინდორზე). ეს ისე არ უნდა წარმოვუდგინოთ საზოგადოებას, თითქოს სოფლებში ცენტრალური სტადიონები ეწყობა. რაც შეეხება მომავალში დაგეგმილ პროექტებს, ჩვენ ყოველი მათგანის ხარჯთაღრიცხვას და შესრულებას ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებთან ერთად ვიბარებთ და მასზე მკაცრი კონტროლი დაწესდება.

_ როგორც ვიცით, დაბაში საკმაოდ ძვირადღირებული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ფესიბუქში გამოქვეყნებული მაკეთის თანახმად, ანა კალანდაძის ხეივანი უნდა გაკეთდეს... რას გვეტყვით ამ პროექტზე და რა ბედი ელის ნოდარ დუმბაძის სკვერს?

_ ნოდარ დუმბაძის სკვერის რეაბილიტაცია და ანა კალანდაძის ხეივნის გახსნა – ეს ერთი პროექტია და თქვენ თუ ნახეთ საჯაროდ გამოტანილი მაკეტი, იქ ეს კარგად ჩანს კიდეც. როცა ჩვენ ამ იდეაზე დავიწყეთ ფიქრი, ბუნებრივია საჭირო გახდა მომზადებულიყო საინტერესო და ახალი პროექტი. ჩვენ დავუკავშირდით უნიჭიერეს ახალგაზრდა ჩოხატაურელ არქიტექტორს, ნოე სიხარულიძეს. ის ამჟამად თბილისში ცხოვრობს და საქმიანობს. ნოე ახალი წლის დღეებში ჩოხატაურში იყო. ერთად დავათვალიერეთ ეს სკვერი და მან პროექტზე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე თვეში წარმოადგინა ის, რაც საჯარო გავხადეთ კიდეც. თუ მიღებული გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, საზოგადოება მას დიდი მოწონებით შეხვდა. მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნოეს ამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. იმედი მაქვს ნოეს მსგავსად ბევრი ღირსეული ჩოხატაურელი ამოუდგება გვერდით თავის მშობლიურ კუთხეს.

_ ქალბატონო ლელა, გავრცელებული ინფორმაციით კულტურის სახლი მშენებლობა უნდა დაიწყოს...

_ კულტურის სახლის მშენებლობა ჩოხატაურისთვის ფუფუნება ნამდვილად არ არის. ის გადაუდებელი აუცილებლობაა და მისი საჭიროება ჩოხატაურის აქტიურმა კულტურულმა ცხოვრებამ განაპირობა. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მშენებლობაც დაიწყება და ძალიან მალე განხორციელდება კიდეც.

_ ეს მშენებლობები როდის უნდა დასრულდეს?

_ თუ კულტურის სახლს გულისხმობთ, მოდით, ჯერ მის დაწყებას დაველოდოთ და დასრულებაზე შემდეგ ვისაუბროთ.



არქივი