დღეს დედაენის დღეა

gurianews.com

21-ს ქვევით

დღეს დედაენის დღეა

აპრილი 14
13:17:07 2016

დედაენის დღე საქართველოში  1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა საბჭოთა კავშირს, საქართველოში სახელმწიფო ენად რუსულის ენის გამოცხადება უნდოდა.

1977 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის ახალი გეგმა, რომელშიც ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული და იგი რუსულს უნდა ჩაენაცვლებინა.

ახალი რედაქცია უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა, რაც ქართველმა ხალხმა არ დაუშვა.

თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო _  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა იდგა. ისინი საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად ითხოვდნენ. თბილისში დაწყებულ აქციებს ბათუმშიც გამოეხმაურენენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდნენ.

"გაზეთ "კომუნისტში" ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. 78-ე მუხლში შედიოდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოკავშირე რესპუბლიკების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდათ. მუხლი, რომლითაც საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, კონსტიტუციიდან გააქრეს. ამან არა მხოლოდ ეროვნულ-დისიდენტურ მოძრაობაში ჩართული ადამიანების, არამედ სტუდენტების, ინტელიგენციის პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია. ასე დაიწყო ყველაფერი.

ჩემს ბინაში ხშირად ვიკრიბებოდით ადამიანები, რომლებსაც დისიდენტებს გვიწოდებდნენ, ჩემი თანაკურსელები: გელა ნიკოლაიშვილი, გია ჩხიკვიშვილი, ბადრი ბანძელაძე. პირველივე დღეს, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, ავთანდილ იმნაძემ, რომელიც ჩვენზე უფროსი იყო, გვითხრა, ამას აუცილებლად მოჰყვება დიდი დემონსტრაციაო.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოქვეყნების შემდეგ, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში იმართებოდა შეკრებები და კონსტიტუციის პროექტს განიხილავდნენ. ამ საკითხზე ადამიანები არ მოერიდნენ უარყოფითი დამოკიდებულების, საკუთარი თვალსაზრისის თამამად გამოხატვას, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მივმართეთ პეტიციით, რომელშიც კატეგორიულად ვითხოვდით, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შენარჩუნებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობდა უშიშროების სამსახური, გვიბარებდნენ იმ სტუდენტებს, ვინც პეტიციაზე ხელმოწერებს ვაგროვებდით, 11 აპრილს ჩემს ბინაში ჩხრეკაც კი ჩატარდა...

თბილისში ყველამ იცოდა, რომ ეს საკითხი 14 აპრილს, დილიდან უნდა განეხილა საქართველოს უზენაეს საბჭოს და რაკი დრო და ადგილი ცნობილი იყო, ხელისუფლებას ხალხის შეკრებისა შეეშინდა, თუმცა, აქტიურობით უკურეაქცია მიიღო: ყველა დაწესებულების, განსაკუთრებით სკოლის დირექტორებს აფრთხილებდნენ, _ ამ დროს ქუჩაში არავინ ვნახოთო, მაგრამ ახალგაზრდობა ხომ აკრძალული ხილისკენ მეტად ისწრაფვის და გარეთ ისინიც კი გამოვიდნენ, ვისაც დემონსტრაციაზე წასვლა არც კი უფიქრია.

14 აპრილს, დილის 10 საათზე, სტუდენტები უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ, შემდეგ რუსთაველისკენ დაიძრა მსვლელობა, გზადაგზა სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები გვიერთდებოდნენ.

რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი, რაც იმ დროისთვის უნიკალური მოვლენა იყო, დღემდე მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ: ზოგი _ 50 ათასს, ზოგი _ 70 ათასს. შეკრებილი ხალხი გამოირჩეოდა წესრიგით, აგრესიას არ ამჟღავნებდა, ამასთანავე, ყველას გადაწყვეტილი გვქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაგვეტოვებინა.

ლიდერებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს იმითაც, როცა თქვეს: გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები, თუნდაც პოლიტპატიმრების საკითხი (იმხანად მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაპატიმრებულები იყვნენ _ ნ.კ.), მაგრამ ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა გაქვს: ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენაო. და ამ გათვლამ გაამართლა. იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ დიდი გონიერება გამოიჩინა, თუმცა, ცხადია, ვიცოდით, რომ შეიძლება ესროლათ კიდეც _ უფროს თაობას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტი.

უმაღლესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომიტინგეების წინაშე ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და 78-ე მუხლის შუალედური ვარიანტი შემოგვთავაზა, რაც იქ მდგომი ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ნათელი იყო, რომ ხალხი კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. როგორც ჩანს, ამან მოსკოვი დააფიქრა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ყველამ იცის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საბოლოო ვერდიქტს თბილისში ვერც შევარდნაძე გამოიტანდა და ვერც სხვა. მოსკოვმა დაინახა, რომ შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებდა, სისხლისღვრა კი მის ინტერესში არ შედიოდა და წავიდა დათმობაზე. ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, 14 აპრილის აქციაში არ ერია არც ერთი წვეთი ძალაუფლებისთვის ბრძოლისა...

ბევრმა არ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გავბედეთ. ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში: "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"... _ ასე გაიხსენა 1978 წლის მოვლენები "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარემ, ყოფილმა დისიდენტმა, მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ თამარ ჩხეიძემ ITV.GE-სთან საუბრისას.



არქივი