ნატოს დატვირთული კვირეული

gurianews.com

21-ს ქვევით

ნატოს დატვირთული კვირეული

აპრილი 14
13:19:13 2016

ნატოს კვირეული 4 აპრილს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.  სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ბენჟამენ ზიფმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელი და სხვა უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა. ფორუმზე სახალხო დიპლომატიის და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ოზურგეთში ნატო-ს კვირეული ინტელექტუალური თამაშით _ "რა? სად? როდის?” გაიხსნა, რომელიც " ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა" და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.    

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მიიღეს. ღონისძიების თემატიკა NATO, NATO და საქართველოს ურთიერთობა იყო.

დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შემდეგ გამარჯვება სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მესამე ადგილი კი #4 საჯარო სკოლის გუნდს ერგო.

ინტელექტუალური ღონისძიების ჩატარების მიზანი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდებისთვის ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

კვირეულის ფარგლებში, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ გურიის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სოფელ ლიხაურში დასუფთავების აქცია მოეწყო. ეკალბარდებისგან გასუფთავდა "ლიხაურის ციხის’’ ( შუა საუკუნეების ძეგლი) გალავანი, კარიბჭე, ციხესიმაგრის შიგნითა და მიმდებარე ტერიტორია.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა, "ევროკლუბის" უცხოელმა მოხალისეებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებმა მიიღეს.

ნატოს კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელი ნინო ვაშალომიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა "გურია ნიუსის" ოფისში,  "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების  50-მდე  მოსწავლე  ესწრებოდა.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროპული ღირებულებები და მითები დისკუსიის მთავარ თემებს წარმოადგენდა. 

შეხვედრის ბოლოს "ივლიტას ბიბლიოთეკას" ნინო ვაშალომიძემ საჩუქრად სხვადასხვა შემეცნებითი, ისტორიული თუ ეთნოგრაფიული წიგნი გადასცა.

ნატოს კვირეულის ფარგლებში, სპორტული ღონისძიება გარბენი "ნატოს თასი" ოზურგეთშიც გაიმართა.

გარბენში მონაწილეობა "ევროკლუბის" უცხოელმა მოხალისეებმა  და ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

მარათონი, რომლის დისტანცია  კილომეტრნახევარი იყო დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

გარბენში ბიჭებს შორის პირველი ადგილი და ნატო-ს თასი, რომელიც ქ.ოზურგეთის მერიამ და გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრმა დააწესეს,  #4 საჯარო სკოლის მოსწავლეს ამირან თავართქილაძეს ერგო.   მეორე ადგილზე  კი,  სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი დეკანოიძე გავიდა.

კილომეტრნახევრიანი მანძილი სირბილით, გოგონათა შორის პირველმა  N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ კანთელიძემ  დაფარა.

კვირეულის ფარგლებში ესეების კონკურსის - "NATO და საქართველო" გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვებაც შედგა.

კონკურსში მონაწილეობა ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა საინტერსო ნამუშევრები წარმოადგინეს NATO - საქართველოს ურთიერთობებზე.

ესეების კონკურსის გამარჯვებული  #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ხომერიკი გახდა. მეორე ადგილი #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს  ნატა ჩიტაიშვილს ერგო, ხოლო მესამე  ადგილზე #5 საჯარო სკოლის მოსწავლე  დავით ქუთათელაძე გავიდა.

კონკურსის  ყველა მონაწილეს შემეცნებითი თემატიკის წიგნები და სიგელები გადაეცათ.  ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა  კი  თითოეულ მონაწილეს   მეხსიერების ბარათები უსახსოვრა.

ამავე ღონისძიებების ფარგლებში ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის შეხვედრათა ციკლი გაიმართა. ხუთშაბათს, 7 აპრილს მოსწავლეები დავით აღმაშენებლის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვივნენ, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ აკადემიის ინფრასტრუქტურა და სასწავლო სამმართველოს უფროსის, მარიამ დარბაიძისა და იუნკრების დახმარებით, გაცნობოდნენ ინფორმაციას საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების პირობებისა და არსებული გაცვლითი პირობების შესახებ. ამავე დღეს, საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ "ოკუპაციის მუზეუმსა" და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს", სადაც იხილეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი _ "მოგზაურობა ევროპაში".

8 აპრილს, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები NATO-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ, სადაც შეხვედრა გამართეს ოფისის ხელმძღვანელთან _ უილიამ ლაჰიუსთან. შეხვედრის დასასრულს, რუმინეთის ელჩის მოადგილემ, რადუ გორინჩოიმ უფროსკლასელებს სიტყვით მიმართა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ რუმინეთის გამოცდილებაზე უამბო. დღის ბოლოს, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა.

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვიზიტს ორგანიზება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა", ხოლო ფინანსური მხარდაჭერა, NATO-ს საკონტაქტო საელჩომ საქართველოში, რუმინეთის საელჩომ გასწია.

ნატოს კვირეული 2016 წლის 19 აპრილს სრულდება.



არქივი