გურული ჩინოვნიკები სიყვარულზე _ "ურთიერთობა სამარშუტო ტაქსში გაცნობით დაიწყო"

gurianews.com

21-ს ქვევით

გურული ჩინოვნიკები სიყვარულზე _ "ურთიერთობა სამარშუტო ტაქსში გაცნობით დაიწყო"

აპრილი 15
14:38:21 2016

როგორც ამბობენ, ყოველი დღე სიყვარულისაა, თუმცა, ადამიანები კონკრეტულ თარიღებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მსოფლიო სიყვარულის დღეს 14 თებერვალს _ ვალენტინობას აღნიშნავს! საქართველოში კი სიყვარულის დღედ, 1994 წლიდან, ბესო ჩუბინიძის ინიციატივით 15 აპრილს მიიჩნევენ.

საჩუქრები, თბილი სიტყვები, სიყვარულის საჯარო ახსნები _ სოციალურ ქსელში დღევანდელ ძალიან აქტუალურია.

ჩვენი გაზეთი დაინტერესდა გურული ჩინოვნიკების სიყვარულის ისტორიებით, მაგრამ უმრავლესობამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. თუმცა, აღმოჩდნენ გამონაკლისები, რომლებმაც სიყვარულზე თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს:

გია სალუქვაძე, გურიის გუბერნატორი: "უკვე მივულოცე ჩემს მეუღლეს, ქეთის სიყვარულის დღე ფეისბუქით.

სიყვარულის გარეშე არაფერი არ იქმნება. ადამიანებს უნდა უყვარდეს ერთმანეთი და თუ ეს სიყვარული იქნება ის სიყვარული, რომელსაც ღვთიური სიყვარული ჰქვია, მაშინ აღარც ომები იქნება, აღარც დაძაბულობა, აღარც მტრობა და სიტუაცია დამშვიდება ქვეყანაში. ყველა ადამიანს ვულოცავ ამ დღეს ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ოჯახი, შვილები, ქვეყანა, ადამიანები"

დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:უბედურია ის კაცი, ვინც  ამ გრძნობის გარეშე წავა ქვეყნიდან“ _ ბრძანა ნოდარ დუმბაძემ და მეც სრულიად ვიზიარებ. თუ არ გიყვარს, ვერაფერ სასიკეთოს ვერ შექმნი, როგორც თავისთვის,  ისე ქვეყნისთვის. ბედნიერება, _   გიყვარდეს ღმერთმა მეც მარგუნა წილად და  ოჯახიც ამ დიდი გრძნობით შევქმენი.

ურთიერთობა კი ერთ ლამაზ დღეს, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით,  სამარშუტო ტაქსში  გაცნობით, ურთიერთ სიმპატიით, სამომავლოდ გაგრძელებული ურთიერთობის სურვილით დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა.  გვყავს ორი შვილი, რომლებიც ჩვენი ერთობლივი სიყვარულით გავზარდეთ და დღეს  ისინი, მშობლების საამაყოდ წარმატებული სტუდენტები არიან.

წარმატება  გარდაუვალია თუ სიყვარულით იცხოვრებ. ახალგაზრდებს, მათ შორის ჩემს შვილებს  სწორედ ეს მინდა ვუთხრა: ოჯახის შექმნა  უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ნებისმიერ სირთულეს მხოლოდ სიყვარულის ძალით გაუმკლავდებით. დაე, ამ დიდი გრძნობით გეშენებინოთ როგორც თქვენი ,ისე ქვეყნის მომავალი.

გელა კობალაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:სანამ კაცობრიობა იარსებებს მანამ იქნება სიყვარული. სიყვარულის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. ბედნიერია ადამიანი რომელიც შეყვარებულია ოჯახზე, მეგობრებზე და გარემოზე სადაც ის ყოველდღიურად მოღვაწეობს.

პირადად მე მთელი ცხოვრება სიყვარულით მოვდივარ და სიყვარული გამყვება სიცოცხლის ბოლომდე. ჩემი სიყვარულის ისტორია დაიწყო როცა გავიცანი ჩემი მეუღლე და დღემდე ერთად ვატარებთ ამ გრძნობას.“

გოგი ხელაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: პირველ სიყვარულს  განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.  ის ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი გრძნობაა, რომელიც  მთელი ცხოვრების მანძილზე წარუშლელია.

სიყვარული მუდმივად ჩვენში უნდა იყოს.  არამხოლოდ დადგენილ დღეებში   გავიხსენოთ,  არამედ ყოველი დღე სიყვარულის დღედ უნდა ვაქციოთ. 
ეს ის გრძნობაა, რომელიც გულს გვითბობს, ღიმილს გვგვრის და ბედნიერებას გვანიჭებს.  ყოველთვის უნდა ვეცადოთ,  რომ    საყვარელ ადამიანს  ყოველდღიური  ურთიერთობით და ქმედებით    ვაგრძნობინოთ სითბო და სიყვარული.  

ვულოცავ ყველას, ახალგაზრდას თუ უფროს თაობას  ამ განსაკუთრებულ დღეს.“ 

ქვეცნოებირი მზაობა თავგანწირვისთვის ეს არის სიყვარული“ _ ამ სიტყვებით შემოიფარგლა სიყვარულზე საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, რომელიც მეუღლეს ლექსებსაც უწერს და საჯაროდაც უკითხავს, თუმცა, ამჯერად თავი შეიკავა.

სიყვარულზე საუბრისას სიტყვაძუნწი აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც, რომელიც გურიაში ერთ-ერთ პოპულარულ სასიძოდ ითვლება. ჭანუყვაძე ამბობს, რომ სიყვარული მისთვის ყველაზე დიდი გრძნობაა, რომელიც ძალიან პირადია და ამაზე საჯაროდ საუბარი არასწორია. კითხვაზე _ დაკავებულია თუ არა მისი გული, არც კის გვპასუხობს და არც _ არას.



არქივი