ჩოხატაურს "პლაგიატი" ხელისუფლება ჰყავს

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურს "პლაგიატი" ხელისუფლება ჰყავს

იანვარი 01
04:00:00 1970
გასული წლის მაისის პირველ კვირას, ჩოხატაურში ახალგაზრდული დღეები ჩატარდა. ინტელექტუალური თამაშები, საჯარო სკოლების შეჯიბრი, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და ბოლოს, დედაქალაქიდან ჩამოსული მომღერლები ერთი კვირის განმავლობაში ჩოხატაურელი ახალგაზრდებისთვის კარგი გასართობი იყო. ამას ის ფოტოები და კომენტარები მოწმობს, რომელიც ჩვენი გაზეთის არქივშია დაცული.

ამ დღეების პროექტის ავტორი ჩვენი გაზეთი გახლდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ შარშან ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირა და სწორედ მისი მხარდაჭერით შედგა ახალგაზრდული დღეები. მანვე პირობა დადო, რომ ეს დღეები ტრადიციად იქცეოდა.

როგორც ვიცით, ახალგაზრდული დღეებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა წელსაც ემზადებოდა, თუმცა, დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ღონისძიებების კვირეულს ახალგაზრდული დღეები არ დაერქმეოდა.

შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი არ იცვლება, ეს დამტკიცებული ფაქტია. ასე ხდება ამჯერადაც _ ახალგაზრდული დღეების ნაცვლად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ატარებენ, თუმცა, თითქმის იგივე პროგრამით და იგივე პროექტით, როგორითაც შარშანდელი ახალგაზრდული დღეები ჩატარდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის პლაგიატობა ახალი არ არის _ რამდენიმე თვის წინ, "გურია ნიუსი" ვებ-გვერდიდან, ჩვენს მიერ გაღებული ვიდეოები დაუკითხავად ჩამოტვირთეს და მუნიციპალიტეტის გვერდზე საკუთარი სახელით ატვირთეს! იგივე ხდება ახლაც _ ჩვენს პროექტს მხოლოდ სახელი შეუცვალეს და მიითვისეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობიდან ჩვენ იმის გარკვევას შევეცადეთ, რატომ არ ჩატარდა ახალგაზრდული დღეები და რატომ ტარდება ჩვენი პროექტის ანალოგი შეცვლილი სახელით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი ჩვენ კითხვაზე, რატომ არ ჩატარდა ახალგაზრდული დღეები, ჩვეულებისამებრ, კითხვითვე პასუხობს:

_ ვინ თქვა, რომ არ ტარდება? რამე განსაზღვრული დრო აქვს ამას?

_ გასულ წელს, საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ახალგაზრდული დღეები ყოველ წელს, მაისში ჩატარდებოდა. თან ახლანდელი კვირეული ძალიან ჰგავს "ახალგაზრდული დღეების" პროექტს...

_ ჩვენ ახლა ვატარებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

_ რომელიც "ახალგაზრდული დღეების" ანალოგია... სწორედ ეს გვაინტერესებს, რატომ მოხდა რომ კვირეული ახალგაზრდული დღეების პროექტის ანალოგია _ მხოლოდ სახელი აქვს შეცვლილი. იმიტომ ხომ არა, რომ ახალგაზრდული დღეების პროექტის ავტორი ჩვენი გაზეთი იყო?

_ ვფიქრობ, ჩვენ უკვე უსაგნო საუბარში გადავედით და ეს სიტყვების თამაშს ჰგავს(?!). მე არ ვაპირებ "თავის მართლების" რეჟიმში ყოფნას იმიტომ, რომ 26 მაისის ღონისძიებებს ვატარებთ და არა "ახალგაზრდულ დღეებს" _ ეს ერთი. მეორე _ "ახალგაზრდული დღეები" არ არის "სეზონური" ღონისძიება _ ის შეიძლება ჩატარდეს მაისში, ივნისში ან სულაც დეკემბერში. ახლა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებია და ის მთელ ქვეყანაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. გამონაკლისი არც ჩოხატაურია.

_ და თუ ასეა, რატომ არის "ახალგაზრდული დღეების" პროექტის ანალოგი?

_ უკომენტაროდ, _ გვითხრა იმედაშვილმა.

ჩვენ ვეცადეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძესაც დავკავშირებოდით და კიდევ ერთხელ გაგვეგო, რა ფასი აქვს მის სიტყვას, თუმცა, უშედეგოდ _ მუნიციპალიტეტში ჩინით პირველი ხუნდაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს დაემალა.

ასეა თუ ისე, დღეები თუ კვირეული ტარდება. რამდენად წარმატებით, ეს კარგად გამოჩნდა ქუჩაში ბავშვების ყვირილ-ყვირილით ჩატარება-ამოტარებაში პოლიციის მანქანების თანხლებით!

საარჩევნოდ ხმების მიტაცება, უნიჭო და ხშირად გროტესკული პიარი სასურველ გაზეთებსა და სოციალურ ქსელებში _ ეს ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი სახეა, რომელსაც პლაგიატობაც "ამშვენებს"!

თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი საქციელი სულაც არ არის გასაკვირი _ ეს მათი ჩვეულებრივი, "უფროსობაზე" მონური დამოკიდებულებით გათენებულ-დაღამებული ყოველდღიურობაა დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან, დამთავრებული დღემდე!

დარწმუნებული ვართ მომავალშიც _ ხელისუფლებაში სხვა, ნებისმიერი ძალის მოსვლის შემთხვევაში, ისინი ყველანაირი გზებით ეცდებიან დარჩნენ თბილ სკამებზე ისე, რომ სინდისის ქენჯნა სულაც არ შეაწუხებთ!

 



არქივი