"კალმოსნების" ხმა _ "გიჯობს, იფიქრო შენს თავზე ხოლმე..."

gurianews.com

21-ს ქვევით

"კალმოსნების" ხმა _ "გიჯობს, იფიქრო შენს თავზე ხოლმე..."

მაისი 19
14:18:56 2016

თბილისში, მოსწავლეთა სასახლის სარკეებიან დარბაზში  პროექტ  "კალმოსანთა" მონაწილეების მორიგი შეხვედრა შედგა. ეს კონკურსი ყოველ წელს ტარდება და განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ  მოსწავლეებს ავლენს.

არავის გაკვირვებია, რომ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლიდან ამ პროექტით გათვალისწინებულ  კონკურსზე წარდგნენ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: ნიკოლოზ შაფაქიძე და ერეკლე ვახრამოვი.

ერეკლე შაფაქიძე უკვე სერიოზული ლექსების ავტორია, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. ერეკლე ვახრამოვის პროზა ახალი სიტყვაა, გამორჩეული ნიჭიერების და ძიების კვალი რომ აზის. ამ და კიდევ არაერთი ღირსების გამო, მათ შეხვედრაზე  განსაკუთრებული ინტერესით მოუსმინეს და მრავალი აპლოდისმენტიც გაისმა,  საბოლოოდ კი  სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ჩვენი ახალგაზრდა მკითხველებიდან, ბევრი იცნობს ნიკოლოზისა და ერეკლეს შემოქმედებას. ბევრი კი აწი უსათუოდ მოიწონებს და უკეთ გაცნობის სურვილიც გაუჩნდება. 

მოვუსმინოთ ერეკლე ვახრამოვს.  აქ არის სადა და ამავე დროს მაღალმხატვრული აზროვნება, არსად იგრძნობა ძალდატანების და ხელოვნურობის კვალი, სამაგიეროდ რეალობის შეგრძნება და თავისუფლად მოსმული კალმის სინატიფე გულს ათბობს.

ნაწყვეტი ნოველიდან: "მე, ვიოლინო, მთვარის ძაფები":

"...მოვდიოდი და მთვარის ძაფებს ვარღვევდი, ჩემს ფეხებთან გართხმულს. მე მათ მელოდიას ვწყვეტდი და მთვრალი ვიოლინოს ოქროსფერ დალალებზე ვაწყობდი და აქ გავჩერდი. აღარსად მქონდა წასასვლელი, ღამის დარაბის მცველს დავუდარაჯდი და ხეზე მოკალათებულს ჩამეძინა კიდევაც. ვერაფერი ვიპოვე მძვინვარე გიშერში, თუმცა კი საკრავს შევმატე ერთი მელოდია. ესეც საქმეა, პურის ფულს მაშოვნინებს. შუადღისთვის გავალ ბაზარში და დაღამებამდე როგორმე გავიტან თავს..."

ნიკოლოზ შაფაქიძემ კონკურსზე მრავალი ლექსი წარადგინა და  ყველამ მოწონება დაიმსახურა. მან, საუკეთესოდ რომელიც მიაჩნდა, ის წაიკითხა სარკეებიან დარბაზში... მიუხედავად იმისა, რომ მის პოეზიაში აშკარად იგრძნობა ოცნებითა და ფერებით დატვირთული ახალგაზრდული სულის ძახილი, აზროვნების სიღრმე და პოეტურ ხელოვნებასთან წილნაყარი რეალობის განცდა მაინც ღიად  იკითხება:
"...მეხი კი, როგორც ზეცამდე ხიდი,
დატკეპნილ ლანდებს გაურბის მუდამ,
და გულში ყველა ვიგროვებთ იმას,
რაც უსათუოდ გაჟღერდეს უნდა."  

და კიდევ:

"ესკულაპეზე ფიქრობ და ნატრობ,
შენს სიცოცხლეზე გიჭირს ოცნება.
გიჯობს, იფიქრო შენს თავზე ხოლმე,
აბა, შენ გამო სხვა ვინ მოცდება?"

მოთხოვნა თუ რჩევა თანატოლებისადმი, სრულიად კაცთა მოდგმისადმი!

თვითონ  ეს ბიჭები მართლაც ფიქრობენ საკუთარ თავზე _ განსაკუთრებით კარგად სწავლობენ, განსაკუთრებით კარგად წერენ, განსაკუთრებით უყვართ მეგობრები, მშობლები, სკოლა, საკუთარი მომავალი! ამიტომაც უყვართ ისინი ასე გამორჩეულად მშობლიურ სკოლაში.

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე ამბობს,  რომ სკოლას ამ ახალგაზრდების სახით გამორჩეულად ნიჭიერი და მუყაითი მოსწავლეები ჰყავს. ეჭვს არ იწვევს მათი დიდი მომავალი. ერეკლე ვახრამოვმა კიდევ ერთი ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, _ ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია და მალე ამერიკაში გაემგზავრება, აიდაჰოს შტატში. 

ქალაქ მერიდიანისში იცხოვრებს ამერიკულ ოჯახში და  მეთორმეტე კლასს აიდაჰოს უმაღლეს სკოლაში გაივლის!

ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს ერეკლეს და ამ უნიჭიერეს ახალგაზრდებს  გამარჯვების გზებით სიარულს უსურვებს!



არქივი