...დიახ, ჩვენ ვირჩევთ ევროპას!

gurianews.com

21-ს ქვევით

...დიახ, ჩვენ ვირჩევთ ევროპას!

ივნისი 03
15:27:13 2016

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით,  არასამთავრობო  ორგანიზაცია სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბიროსა და ოზურგეთის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით,  ევროპის დღეების  ფარგლებში ესეების კონკურსში  "ჩვენ ვირჩევთ ევროპას"  გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება შედგა.

კონკურსში მონაწილეობდნენ  ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების  მოსწავლეები. ახალგაზრდებმა საინტერსო ნამუშევრები წარმოადგინეს  ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და მისწრაფებებზე.

ესეების კონკურსის გამარჯვებული  N1  საჯარო სკოლის მოსწავლე, აკაკი ზღულაძე გახდა.  მეორე ადგილი სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეს  ქრისტინე გორდელაძეს ერგო,  ხოლო მესამე  ადგილზე N 1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნინო ფასიეშვილი  გავიდა.

მეცხრეკლასელი აკაკი ზღულაძის ნამუშევარი იმდენად საინტერესო იყო, რომ ჩვენი გაზეთი მას უცვლელად გთავაზობთ:

"აღდგომის დილა თენდება, გურიიდან იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უნდა გავემგზავროთ მთელი ოჯახი, წინ გრძელი გზაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრისთვის დიდი დრო მაქვს. საფიქრალი რა მაქვს? კონკურსისთვის ესე მაქვს დასაწერი თემაზე: "ჩვენ ვირჩევთ ევროპას", ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე, მაგრამ სათქმელის ჩამოყალიბებას ფიქრი და დრო სჭირდება...

2 მაისი ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადაა და რა თქმა უნდა, ბოლო დღეს უნდა გავაგზავნო. ესეც ჩვენი, ქართული "ტრადიციაა", ხანდახან ევროპელებისგან განსხვავებით თავისუფლებას უსაქმურობაში ვურევთ... ჩნდება კითხვები: რატომ გვსურს ევროპულ ოჯახში შესვლა? რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან? რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაცია?

ევროკავშირი მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობის და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი მოქალაქეებისათვის. ევროპა ჩემთვის არის სამყარო, სადაც არავინ გეჩხუბება განსხვავებული შეხედულების გამო, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ვისი ნათესავი ხარ და რა თანამდებობის პირი ხარ, სადაც ყველა ადამიანი ერთნაირად დაცულია, ერთნაირად ბედნიერია განურჩევლად სქესისა, რასისა და რელიგიისა. თითოეული ჩვენგანის მიზანია, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ყველაზე მთავარია კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებების დაცვა და წესრიგი. აი, მაშინ იქნება საქართველო ნამდვილი ევროპული სახელმწიფო.

ფიქრმა გამიტაცა, გზად საოცარი ხედები იშლება, ამწვანებული და აყვავებულია ყველაფერი, ალაგ-ალაგ მიწები დამუშავებულია, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც აუთვისებელია. არადა ევროკავშირს სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა აქვს შემუშავებული, "სოფლური ცხოვრების წესის" ანუ მიწასთან ჰარმონიაში ცხოვრების აღიარება ევროპული იდენტობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

ევროპის სოფლის მეურნეობა ველური ბუნების დაცვაზეც არის ორიენტირებული. ამ დროს ჭაობი გამოჩნდა, ვცდილობ, წერო დავინახო, რომელსაც ყოველთვის ვხედავდი, ცალ ფეხზე დაყრდნობილს, სასაცილოდ მომზირალს შორს, უკიდეგანო სივრცეში... სამწუხაროდ, წელს არ ჩანს, იქნებ ბრაკონიერებმა მოუღეს ბოლო? როგორც ჩანს, კარგად ვერ დავიცავით საბრალო.

ამასობაში სოფელ ნოღაში აღმოვჩნდი, სადაც გზის პირას წყაროა. უცხო ადამიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გვილოცავენ, ჩვენც ვულოცავთ, მაგრამ წყაროსთან მიახლოებისას ყველა ჩქარობს, ერთმანეთს ჭიქა წყლის დალევას არ აცდიან, რიგისა და წესრიგის დაცვა რატომღაც გვიჭირს ქართველებს ევროპელებისგან განსხვავებით. წყაროსთან ჩურჩხელები იყიდება, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებიან, მაგრამ რამდენად სანდოა?

აი, "ევროკავშირის სამომხმარებლო პოლიტიკა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, მშვიდად იყიდონ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქონელი, რომელსაც თქვენ შეიძენთ და საკვები პროდუქტები, რომლითაც თქვენ იკვებებით, შემოწმებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება". მხოლოდ მოვაჭრე ქალების სიტყვებზე ნდობით ვიძენთ ჩურჩხელებს და ვაგრძელებთ გზას... 

გზადაგზა სოფლის სასაფლაოები გვხვდება, ყველგან ხალხმრავლობა, მანქანები უწესრიგოდ მოძრაობენ, ზოგი გაუმართავიც ჩანს, საჯავახოს უღელტეხილზე ავტოავარიის მოწმენიც გავხდით, ვრწმუნდები, რომ ავტომანქანის სათანადო ტექნიკურ მდგომარეობაში შენარჩუნება აუცილებელი პირობაა, რასაც ევროკავშირში დიდ ყურადღებას აქცევენ...გზად მდინარე რიონი შევნიშნე, საქართველო მდინარეების რაოდენობით ნამდვილად გამოირჩევა, თუმცა ამ რესურსსაც ვერ ვიყენებთ სათანადოდ, ენერგეტიკის სფეროში კვლევა და განვითარება ევროპაში კონცენტრირებულია მზის, ქარის, წყლის ენერგიაზე. ევროპა მიზნად ისახავს ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, ამ მხრივ საქართველო ძალიან პერსპექტიულია. 

გამოჩნდა რკინიგზის სადგური და მოძველებული, დაჟანგული სატვირთო მატარებლის ვაგონები, რომლებიც საკმაოდ ნელა გადაადგილდებიან. ფულადისახსრები ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხები გამოიყენება ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, ავტომაგისტრალების და ჩქაროსნული რკინიგზის გასაფართოებლად). ეს მოშორებულ რეგიონებში ადვილად მისვლისა და ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს ქმნის. ეკონომიკის გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია...

გზად სოფელ ჭყვიშში გავიარეთ, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, ეს არის არაამქვეყნიური სილამაზე, წარსულიდან გადმოსული პატარა ოდა-სახლი, რიონიდან მონაბერი საუცხოო ჰაერი და ჩიტების ორკესტრი... ტურიზმის განვითარებისთვის უდიდეს პოტენციალს ფლობს საქართველო.ბევრი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ტრადიციები, კულტურა და ენა განადგურდება, პირიქით, ევროკავშირი სხვადასხვა საქმიანობით ხელს უწყობს ტრადიციებისა და კულტურის მდიდარი მრავალფეროვნების შენარჩუნებას. 

როგორც იქნა მივაღწიე ჩემს სოფელს, ვხედავ 9-კლასიან გაურემონტებელ სკოლას, სადაც, ალბათ, ისევ შეშის ღუმელით თბებიან... ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა განათლებას, მართალია, ევროკავშირი არ ადგენს, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლებისა და ზოგადად განათლების სისტემების ორგანიზება ან როგორი უნდა იყოს სასწავლო პროგრამები, (ეს საკითხები სახელმწიფო დონეზე წყდება) თუმცა, ევროკავშირი ასრულებს უამრავ გაცვლით პროგრამას, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს.

ბუნებრივია, განათლების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად ქვეყანაც ვერ განვითარდება. ქვეყნის განვითარება ხომ განათლებაზეა დამყარებული.ევროკავშირი აქტიურად ატარებს ინოვაციის პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ინერგება უახლესი ტექნოლოგიები სხვადასხვა სფეროში, ესენია: გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და ენერგეტიკა. 

როგორც ხედავთ, ევროკავშირს უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, თუმცა სანამ მასში გავწევრიანდებით, უნდა ვაკმაყოფილებდეთ ელემენტარულ სტანდარტებს, რომელიც საჭიროა ევროინტეგრაციისათვის: ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, თუკი იგი იცავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.ჩვენმა ქვეყანამ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადადგას ნაბიჯი ევროპისაკენ, საქართელომ უნდა შეძლოს და დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს, რათა გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ფაქტია, ევროკავშირი შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, გახადოს ადამიანები თანასწორი, უზრუნველყოს მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, დაიცვას თითოეული ქვეყნის კულტურა, ხელი შეუწყოს განათლებას, დაიცვას გარემო მავნე ზემოქმედებებისაგან, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მშვიდობას და მეგობრულ დამოკიდებულებას. ეს იმ დადებითი მხარეების მოკლე ჩამონათვალია, რაც გააჩნია ევროკავშირს.

ამიტომაც, მე ვირჩევ ევროპას! რადგანაც მსურს ვიცხოვრო ისეთ სამართლიან და თავისუფალ გარემოში, როგორიც ევროპაშია, მინდა ამაღლდეს განათლების ხარისხი, მსურს შემეძლოს მარტივად გადაადგილება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მინდა შენარჩუნდეს ქართული ენა და კულტურა, რის გარანტიასაც გვაძლევს ევრეოკავშირი, მინდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, გვქონდეს მეგობრული დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან და რაც მთავარია, დამყარდეს მშვიდობა!



არქივი