როგორ მოხვდნენ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ოზურგეთელი მსახიობები

gurianews.com

21-ს ქვევით

როგორ მოხვდნენ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ოზურგეთელი მსახიობები

იანვარი 10
10:55:09 2011

ქართულ ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" საახალწლოდ ოზურგეთელი მსახიობები ბელა კიკვაძე და ომარ ურუშაძე გამოჩნდნენ. ორივე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობებია. როგორც მათ გვითხრეს, სერიალში თურმე თეატრის მთავარი ადმინისტრატორის ბახუტა ოთხმეზურის მეშვეობით მოხვდნენ. ბატონ ბახუტას უახლოესი ნათესავი დაკავშირებია და უთქვამს ორი მსახიობი სჭირდებოდათ გურიიდან საახალწლო სერიისთვის.
წინა წლების ტრიუმფატორი მსახიობი ქალი მსახიობის, ბელა კიკვაძისთვის  ეს პირველი კინოროლი ყოფილა:
_ არ გაგიკვირდეთ, ეს ჩემი პირველი კინოროლია. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, როდესაც არჩევანი ჩემზე გააკეთეს და გამოვჩნდი სერიალში. მომეწონა ეს ყველაფერი და ამიერიდან თუ მიმიწვევენ, აუცილებლად წავალ და ვითამაშებ. ისე გამიხარდა ეს ყველაფერი, რომ სამი დღით ადრე ჩავედი თბილისში, სანამ გადაღებები დაიწყებოდა. სტუდიაში ადრე მივედი, ძალიან გულთბილად დამხვდნენ, რისთვისაც მადლობელი ვარ, კარგი გუნდია შეკრებილი და ვიმედოვნებ, უფრო წარმატებული აღმოჩნდება ეს პროექტი, ვიდრე ახლა არის. 
_ რამდენად მოგეწონათ ახალი თაობის მსახიობები, როგორია მათი ტანდემი ცნობილ მსახიობებთან მარინა კახიანთან, ზურაბ ცინცქილაძესთან, ია შუღლიაშვილთან და ა.შ.
_ კეთილშობილები, კარგები და ლამაზები არიან. ზურაბ ცინცქილაძეს ადრე ვიცნობდი, ჩემი პედაგოგი იყო, მასთან ერთად ფარიკაობას შოთა სხირტლაძე და კოწო ბადრიძე მასწავლიდა. ბატონი ზურა ჩემთვის ყოველთვის მევლუდად დარჩება. 
_ ქალბატონო ბელა, კალანდას როგორ აღნიშნავთ ოჯახში?
_ სულ ვკამათობთ მე და ჩემი ქმარი, რომ ახალ წელს, შობას და კალანდას 12 საათზე აუცილებლად ფეხზე უნდა დახვდე, მერე უნდა გახვიდე სახლიდან და შემოხვიდე, ცული უნდა გქონდეს კართან, ყუით სამჯერ უნდა შემოარტყა კარს და თქვა:  "პური, სიცოცხლე და ჯანმრთელობა!  მეტი არაფერია სიცოცხლისთვის საჭირო, დანარჩენი ღმერთის ნებაა. გილოცავთ, ჩემო კარგებო და ლამაზებო დამდეგ კალანდას! ძალიან, ძალიან მიყვარხართ! 
ომარ ურუშაძისთვის კინოში ეს მეორე მიწვევაა, პირველი როლი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ფილმი კინოეკრანებზე არ გამოვიდა, რაც შეეხება მეორე როლს _ გურულ თამადას, ცხოვრებაშიც წარმატებულად ახორციელებს.
_ საერთოდ, თეატრის მსახიობებს ძველ დროს არ გვიწევდა კინოში მონაწილეობა, მაგის დრო სად იყო, ამირან ქადეიშვილი ახერხებდა მხოლოდ, ორივე ადგილას ასახიერებდა როლებს.
_ როგორ მოხვდით სერიალში, იქაც გაიგეს, რომ ცნობილი თამადა ხართ?
_ სერიალში ბახუტა ოთხმეზურის მეშვეობით მოვხვდი. მისი ახლობელი მუშაობს "იმედში" და მას უთქვამს ბახუტასთვის, თამადა გვჭირდება სერიალისთვისო. მან კიდევ არჩევანი ჩემზე გააკეთა. ჩავედი თბილისში, ბელა კიკვაძე დამხვდა გადასაღებ პავილიონში, ჩაგვაცვეს, გაგვალამაზეს და ხუთი საათისთვის დაიწყო გადაღებაც. გლდანულაში იყო სეფა გაშლილი, ჩვეულებრივ საქორწინო რიტუალში ამოვყავი თავი, ისეთი ქარი ქროდა, რომ ნიკაპი კინაღამ ჩამომივარდა, გვიანობამდე გაგრძელდა გადაღებები, ვიღაც ლანჩხუთელი იყო იქ, ოჯახაშენებული, რომელსაც არაყი აღმოაჩნდა და ვრეკე ნახევარი ჭიქა, მოვედი ხასიათზე. შემდეგ ვიმღერე, რადგან სად გაგონილა ქორწილი სიმღერის გარეშე, ეს სცენარში არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მოეწონათ და გავიდა.
_ ცოტა გაშარჟებული იყო გურია სერიალში. თქვენ, რას გვეტყვით?
_ ასე მივხვდი მეც. ისე, გურიას არაფერი სჭირს გასაშარჟებელი, უბრალო გლეხი რომ ნახო ჩვენს რეგიონში, ისე გაგესაუბრება, გაგიკვირდება. ქართველი ხალხი თბილი არის, თავისი მობრძანდი და ტრადიციები აქვს, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ნიშნით.
_ რადგან არაყი ახსენეთ, ერთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტს თქვენს მიერ მომზადებული არაყი დაალევინეთ, იქნებ გაიხსენოთ.
_ მე ვხვდიდი არაყს, ნუგზარ ბარამიძე წისქვილში იმყოფებოდა, მარგო ავაქიანი დიასახლისობდა და იყო ერთი მზადება. შემდეგ ითქვა, დადგმული იყო ეს ყველაფერიო, რატომ ატყდა მაგაზე მითქმა-მოთქმა, ვერ ვხვდები. მინისტრებს ველოდებოდით და საქართველოს პრეზიდენტი გვესტუმრა, მოვიდა ჩემთანაც და 70-80-გრადუსიანი არაყიც დალია, ოღონდ ჩემს მერე. ჭიქა ბოლომდე არ შევუვსე და მისაყვედურა, ბევრ ადგილზე იყო მისასვლელი და იმიტომ შევკადრე ნახევარი ჭიქა არაყი, მოკლედ, შევსებული ჭიქით დაგვლოცა და შემდეგ წისქვილისკენ წავიდა.
_ რა არის სიახლე თეატრში? როდის გიხილავთ ახალ როლში?
_ ტრაბახში არ ჩამომართვათ და გურულებს მსახიობები კარგი ჰყავთ, 45 წელია თეატრში ვარ, ყოველთვის კარგი არტისტები გვყავდა და გვყავს, კარგი თეატრი გვაქვს და პრემიერასაც ადრე იხილავთ.
_ გასაგებია, რომ ცნობილი თამადა ხარ, როგორი მეკვლე არის ომარ ურუშაძე?
_ პირველ იანვარს რესტორანში აღმოვჩნდი, გუბერნატორი, თბილისელი სტუმრები და ოზურგეთელები ერთად ხვდებოდნენ ახალ წელს. თოვლის ბაბუა და მეკვლე  მე ვიყავი. დავლოცე ყველანი, კარგი ღონისძიება აღმოჩნდა. ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ ლიხაურიდან, ისეთი ნომრები წარმოადგინეს, ავ თვალს შეშურდებოდა. მტერი გვყავს, მაგრამ, ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ჩვენ ტრადიციებს არ ვივიწყებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, უფრო უკეთესად ვიცხოვროთ. გუბერნატორმა დალია ჩემთან ერთად, სურათიც გადავიღეთ, დამპირდა გამოგიგზავნიო და ველოდები.



არქივი