შვიდი და-ძმის გასაჭირი

gurianews.com

21-ს ქვევით

შვიდი და-ძმის გასაჭირი

იანვარი 10
10:57:22 2011

"მე ია ლაგვილავა ვარ, მყავს ექვსი და-ძმა, ძალიან მინდა, ახალ წელს ბატონი ვალერი ჩიტაიშვილი და გია გიორგაძე მესტუმრნონ, ნახონ ჩვენი ეკონომიკური პირობები და ცოტათი მაინც დაგვეხმარონ. მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მეზობლის ტელეფონით გიგზავნით." _ ამ შინაარსის შეტყობინება მივიღეთ ჩოხატაურიდან ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე. 
დაბა ჩოხატაურში აღმაშენებლის #26-ში, გაშლილ ეზოში პატარა სახლი დგას. მისულებს ოჯახის უფროსი, ბებია ზინა ლაგვილავა სამი შვილიშვილითურთ დაგვხვდა. ბავშვები ალუმინის ჯამში მოთუშულ კომბოსტოს და პურს მიირთმევდნენ.
_ მე ორი შვილის დედა და თერთმეტი შვილიშვილის ბებია ვარ, ქალიშვილი გურიაში არ ცხოვრობს, გათხოვილია და ოთხი შვილის დედაა, ჩემი ვაჟი კი სურებში ცხოვრობს მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად, მათი სამი შვილის გაზრდა მე მიწევს. ერთი სკოლაში დადის, მეორე _ ბაღში, მესამეს კი  სახლში ვზრდი, _ გვეუბნება მზია ლაგვილავა, რომელიც ცნობილი ქართული ფილმის "იმერული ესკიზების" მთავარი გმირის, ბებიას პროტოტიპია.
ცდილობს, რომ თავისი პრობლემით მხარის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გიორგაძე დააინტერესოს. 
_  მე რომ პრობლემები მაქვს, შვილო, ახლა მოყოლას ვერ დავიწყებ, ბევრ დროს წაგართმევთ, პატარა სახლი გვაქვს, სამ ბავშვს ხედავთ, ორი _ დღეს მოვა, გზაში არიან. თქვენ თვითონ ხედავთ, როგორ დღეშიც ვარ, ბავშვებს ამ დილით კომბოსტოს ვაჭმევ. სოციალური დახმარება მქონდა, ისიც მოგვიხსნეს. და იცით, რატომ? ჩემს შვილს პირველი ცოლისგან ჰყავს შვილი და ბავშვმა, როდესაც ბიოლოგიურ დედასთან დაიწყო სიარული, ბებიამისმა თავისთან დააფიქსირა. დახმარებაც ამის გამო შეგვიწყდა. ჩემი შვილი და რძალი, დანარჩენ შვილებთან ერთად, სურებში ცხოვრობს, ძალიან ძვირი გვიჯდება რძლის მკურნალობა, რადგან შეუძლოდ არის,  _ ამბობს ზინა ლაგვილავა.
მისივე თქმით, ლაგვილავების ოჯახი გამგეობისგან 175 ლარს იღებდა, როგორც მრავალშვილიანი. თუმცა ეს დახმარებაც შეუწყდათ.
_ როდესაც სოციალური დახმარება შეწყდა, მეორე დახმარებაც ვეღარ მივიღეთ, რადგან, თურმე, ბიუჯეტი ძალიან გადატვირთული ყოფილა. გამგეობაში ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ ხელფასებს ძლივს ვარიგებთო. დავიღალე, სანამდე უნდა ვიყო ასე? რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვიყავი, ვითხოვე შეშით დამხმარებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, _ თქვა დაღონებულმა თერთმეტი შვილიშვილის ბებიამ.
სოციალური მომსახურების გურიის საკოორდინაციო ცენტრში გვითხრეს, მათ იმის გამო შეუწყდათ დახმარება, რომ ლაგვილავას ოჯახის ერთ-ერთი წევრი სხვა ქალაქში დაფიქსირდა, ახლა ეს ოჯახი გადამოწმების ფაზაშია და მალე გახდება ცნობილი, აღუდგებათ თუ არა დახმარება.
სოფელ შუა სურების რწმუნებულის სულხან ტრაპაიძის თქმით, ოჯახი მუნიციპალიტეტის გამგეობისგან იღებდა დახმარებას, მაგრამ ამ ეტაპზე შეჩერებული აქვთ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ივანე ცინცაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ქალბატონმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნება მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა. რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 100 000 და დაფინანსება იწყება 57 ათასი ქულიდან. ამ შემთხვევაში ზინა ლაგვილავა აუცილებლად, ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს, რომელიც გათვალისიწნებულია 2011 წლის ბიუჯეტით.
ცინცაძის მტკიცებით, ლაგვილავების ოჯახი 2010 წლის დეკემბრის დახმარებას მიიღებენ. მანამდე კი სანამ ლაგვილავების ოჯახს დახმარება აღუდგება, მათ იმედი აქვთ, რომ მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი აუცილებლად დაეხმარებიან მათ ოჯახს.



არქივი