გურული ჩიჩილაკის ნაცვლად, ქსოვილის "ჩინჩილაკი" კოსმოსში

gurianews.com

21-ს ქვევით

გურული ჩიჩილაკის ნაცვლად, ქსოვილის "ჩინჩილაკი" კოსმოსში

იანვარი 16
10:27:23 2011

ჩვენებური ზურიკელა ხომ იცით? ჰო, აი ის, ნოდარ დუმბაძის ცნობილი ზურიკელა. ადგა ეს ჩვენებური კაი ახალგარზრდა თურმე და ამერიკაში გაემგზავრა. იქიდან კი ოზურგეთელ ბავშვებს წერილი გამოუგზავნა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, გეტყვით, რომ ზურიკელას გზავნილი ამერიკიდან კერძო საბავშვო ბაღ "სიმსონებში" მივიდა. თუმცა, მანამდე ამ ბაღის აღსაზრდელებმა სამხარეო და ოზურგეთის ხელისუფლებას წერილები გაუგზავნეს და დამეგობრება სთხოვეს. ირინა საჯაია, მარინა ჯაფარიძე, ალეკო მამეშვილი, თემურ ჯახვა, თამაზ მახარაძე, ისააკ ლომთათიძე _ ეს ის ჩინოვნიკები არიან, რომლებიც ბავშვებმა დაიმეგობრეს.
ღონისძიება ოზურგეთის თეატრის მსახიობს გიორგი დოლიძეს მიჰყავდა, რომელიც ამჯერად სკოლის დირექტორის ამპლუაში გვამცნობდა რომ რუსული ენა არ უნდა ვისწავლოთ, რომ რუსული ცუდია, რომ ჩვენი მეგობრები ამერიკელები არიან და ამიტომაც ინგლისური გვაქვს სასწავლი.
მიუხედავად იმისა, რომ საღამო მართლაც თბილი იყო, პოლიტიკურმა სცენარმა დამსწრე საზოგადოება მეტ-ნაკლებად გააღიზიანა, რადგან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის იმის თქმა, რომ რუსული ენა ცუდია და ამის სწავლა არ შეიძლება, მინიმუმ გაუმართლებელია.
მიუხედავად ზედმეტად პოლიტიზირებული სცენარისა, ღონისძიება პატარებმა თავისუფლად და ლაღად ჩაატარეს.
ბოლოს "სკოლის დირექტორმა" გვამცნო, რომ ჩვენებური ჩიჩილაკი კოსმოსში გაფრენილა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, წარმოდგენილმა გურულმა ჩიჩილაკმა "ჩააფლავა," რადგან ნაჭრებიდან შეკერილი ნაძვის ხის მსგავსი კონსტრუქცია "ჩინჩილაკს" უფრო ჰგავდა. 
საბოლოოდ კი, როგორც იქნა, "დავადგინეთ", რომ დუმბაძის ზურიკელა ამერიკაში პოლიტიკური მოტივაციით გამგზავრებულა და სულაც არ გაგვიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. პოლიციის ახალ ჰიმნში მონაწილე პატარებისა არ იყოს, ზურიკელას ამ გადაწყვეტილებასაც, ალბათ ისევ ბავშვები გვამცნობენ.
არადა, გვეგონა რომ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში პოლიტიკის ადგილი არ იყო...



არქივი