"არტ-გენი" _ პირველად ჩოხატაურში!

gurianews.com

21-ს ქვევით

"არტ-გენი" _ პირველად ჩოხატაურში!

ივლის 14
11:07:39 2012
წელს ჩატარებული ფესტივალის თემა იყო "გაუფრთხილდი ოჯახს!" რაც გულისხმობს ყველა ოჯახური ტრადიციის და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობას.

10 ივლისს, ფესტივალი "არტ-გენი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პირველად, სოფელ გორაბერეჟოულის ტყე-პარკში ჩატარდა. ფესტივალი ზაზა კორინთელმა (ზუმბა) გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ფესტივალის შესახებ ისაუბრა. ფესტივალში მონაწილეობა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ანსამბლებმა მიიღეს. სახალხო დღესასწაულს თბილისიდან ჩამოსული ანსამბლები "სნო" და "შავფაროსნები" სტუმრობდნენ. მონაწილე ანსამბლებისა და ჯგუფების უმეტესობა, სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ამ ფესტივალში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო, როგორც ფარდაგული სტილის ნამუშევრები, ასევე ნახატოვანი და დეკორატიული თექები, ხეზე ნამუშევრები, რელიგიური შინაარსის ნივთები და სხვა.

ორიგინალური სამოსითა და ძველი სტილის იარღებით გამოირჩეოდნენ “შავფაროსნები". როგორც ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჯგუფის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და სისტემატურად მონაწილეობენ ამ ფესტივალში.

ფესტივალის ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს, ზაზა კორინთელს (“ზუმბა") ღონისძიების დაწყებამდე გავესაუბრეთ:

_ ბატონო ზაზა, როგორია მოლოდინი გურულებთან შეხვედრის წინ?

_ მოგესალმებით, ძალიან დიდი სიყვარულითა და მონდომებით მოვეშურებოდით აქეთ. ოზურგეთში ადრე ვიყავით, მაგრამ ჩოხატაურში პირველად ტარდება ეს ფესტივალი. ანსამბლები, რომლებიც დღეს გამოვლენ, უკვე 9 წელია მონაწილეობენ ფესტივალში.

_ ფესტივალის ჩოხატაურში ჩატარება თქვენი სურვილი იყო თუ ადგილობრივი ხელისუფლების?

_ ყველა, ხუთივე რეგიონული გასვლა ჩვენ თვითონ შევარჩიეთ, თავად ვესტუმრეთ ამ რაიონებს.

_ რას ფიქრობთ გურული სიმღერების შესახებ?

_ რა უნდა გითხრათ, აბსოლიტურად განსხვავებულია, არა მარტო მსოფლიო, არამედ ქართულ ფოლკლორშიც _ განსაკუთრებული ჟღერადობა გააჩნია. ყველა კუთხის სიმღერა მიყვარს და ყველა მათგანს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გურული სიმღერა არის ყველაზე დიდი დემოკრატიის მაჩვენებელი მუსიკალურ ხელოვნებაში. ამას დავარქმევდი ალბათ, პირველყოფილ ჯაზურ მუსიკას. სად იყო ჯაზი, როცა გურულები კრიმანჭულს მღეროდნენ?! ასე რომ, გურული ფოლკლორი ერთ-ერთი უძველესი და განსხვავებულია.

ჩვენთან საუბრისას ზაზა კორინთელმა აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ყოველი სტუმრობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.



არქივი