102 წლის ქალბატონის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

gurianews.com

21-ს ქვევით

102 წლის ქალბატონის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

იანვარი 30
20:38:49 2011

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებაში მცხოვრებმა, 102 წლის მარო სიხარულიძემ ჩვენი პროექტის (“ვის სტუმრობას ისურვებდით ახალი წლის დღეებში“) მიმდინარეობისას წერილი გამოგვიგზავნა და შვილიშვილისთვის კომპიუტერი გვთხოვა. კომპიუტერი არა, თუმცა მას 300 ლარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ და გამგებელმა, გია გიორგაძემ 28 იანვარს მიუტანეს.
როგორც მარო ბებომ გვითხრა, ჯანმრთელობას არ უჩივის. ოთხი შვილის გამზრდელი დედა, მეოთხე თაობას კარგა ხანია მოესწრო. მისი ნაგრამი 5 ათეულს კარგა ხანია გასცდა. მეუღლე ომში დაეღუპა. მოგვიანებით, 2 შვილიც დაკარგა. მიუხედავად ამ ტკივილისა, ცხოვრებას თავი არ დაუხარა. ამაყია და საამაყოც ბევრი აქვს. მისი ოჯახის წვერების თქმით, მარო ბებოს თავისი რეჟიმი აქვს. ერთსა და იმავე დროზე დგება, ერთსა და იმავე დროზე წვება. კვების დროსაც განრიგს იცავს. ექიმთან ბოლოს როდის იყო არც კი ახსოვს. 102 წლისაა და სათვალე ჯერ არ გაუკეთებია. ყურთასმენაც მშვენიერი აქვს. ამბობს რომ  სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაკუთრებული რეცეპტი არ აქვს, თუმცა, მიაჩნია რომ დღეგრძელობისთვის უპირველესი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა.
მარო სიხარულიძეს 102 წელი 2 იანვარს შეუსრულდა. იმედს ვიტოვებთ, რომ მას 103 წლის იუბილეს მივულოცავთ და ისევ გავიგებთ მისგან სიტყვებს: “გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა!“

ქალბატონ მარო სიხარულიძის ვიდეომოლოცვა იხილეთ ჩვენს ვიდეოგალერეაში



არქივი