ჩვენ უკვე დავეხმარეთ მას... იყავით შემდეგი!

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩვენ უკვე დავეხმარეთ მას... იყავით შემდეგი!

მარტი 07
10:18:14 2011

ბადრი ჩხიკვაძე 1994 წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში დაიბადა. ფეხბურთის სწავლა 5 წლის ასაკში გადაწყვიტა და 2001 წლიდან ჩოხატაურის სასპორტო სკოლის აღსაზრდელი გახდა. მისი მწვრთნელის, ზურაბ თავბერიძის თქმით ბადრი ბავშვობიდან პრინციპული და მიზანდასახული იყო.

_ ბადრი სასპორტო სკოლაში 10 წლის განმავლობაში დადიოდა. მონაწილეობდა «დუნდუას», «ჟორდანიას» და «კვაჭაძის» სახელობის თასების გათამაშებებზე. მისი ყოველი თამაში გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მასზე სერიოზული იმედები დაგვემყარებინა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა, თამაზ ძნელაძემ.

მისივე თქმით, ბადრიმ თბილისში, «ნორჩ დინამოელში» ვარჯიში სასპორტო სკოლის რეკომენდაციით გასულ წელს დაიწყო და მშობლიური რაიონი და სკოლა ასახელა.

_ ფეხბუთრის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან 15 ახალგაზრდა ფეხბურთელი «ბარსელონას» საფეხბურთო სკოლაში სტაჟირებას გაივლის. ახალგაზრდები უშუალოდ «ბარსელონას» ხელმძღვანელებმა შეარჩიეს, რომლებიც ცოტა ხნის უკან თბილისში იმყოფებოდნენ და სწორედ მათ აარჩიეს 15 საუკეთესოს შორის ბადრი ჩხიკვაძე, _ აღნიშნა ძნელაძემ.

ბადრი ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის და წარმატებისთვის ბევრი შრომა სჭირდება. მით უმეტეს, რომ «ბარსელონაში» სტაჟირების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელები 15 ქართველიდან ორ საუკეთესოს შეარჩევენ და კონტრაქტს გაუფორმებენ. ბადრი და მისი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ორიდან ერთი ჩოხატაურელი ახალგაზრდა იქნება, რომლისგანაც გამოცდილი ფეხბურთელების თქმით, კარგი სპორტსმენი დადგება.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი პრობლემა _ ბარდის ბარსელონაში გასამგზავრებელი თანხა სასწრაფოდ ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ლიბერთი ბანკის ჩოხატაურის ფილიალში გახსნილია ანგარიში ლარში. ჩვენი გაზეთი შეძლებისდაგვარად უკვე დაეხმარა ჩოხატაურელ ახალგაზრდას. ახლა ჯერი თქვენზეა. იყავით შემდეგი და დაეხმარეთ ბადრის ოცნებები რეალობად აქციოს.

გადარიცხეთ თანხა ლიბერთის ბანკის ჩოხატაურის ფილიალში. ბანკის კოდი: LBRTGEG22. ანაგარიშის ნომერი GE680711134937687000



არქივი