"ფლორენციაში გვეუბნებოდნენ, რომ თქვენმა სიმღერამ მიქელანჯელოს შედევრებს გადააჭარბაო"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ფლორენციაში გვეუბნებოდნენ, რომ თქვენმა სიმღერამ მიქელანჯელოს შედევრებს გადააჭარბაო"

მარტი 07
10:22:07 2011

"ქართული ხმების" უმცროსი თაობის წარმომადგენელი, მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე გასულ კვირას ოზურგეთს სტუმრობდა. როგორც მან გვითხრა, თავისი შექმნილი სიმღერები გურულებისთვის პირველად შეასრულა. მოკლედ, დღევანდელი ნომრის სტუმარი თავად მოგვითხრობს, როგორ შეიყვარა ქალაქური სიმღერები, რას ფიქრობს ახალგაზრდა შემსრულებლებზე და რატომ არ საუბრობს იგი პირად ცხოვრებაზე.

_ დათო, მოდით საუბარი ქართული ქალაქურის სიმღერის შესახებ დავიწყოთ, როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს ეს ჟანრი პოპულარული?

_ ყველანაირად ვცდილობდი, საუკეთესო ქართული სიმღერები მომესმინა და მესწავლა, ამ ყველაფერში ხელს, ჩემი ოჯახი მიწყობდა. ახლა ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ, არ იყო ტექნიკური საშუალება, სიმღერები ჩქარ ტემპში მოგვეპოვებინა ინტერნეტის მეშვეობით. არასოდეს არ დამავიწყდება, როდესაც ზაურ ბოლქვაძის, მიშა შენგელიას და მერაბ გამყრელიძის ტრიოს ჩანაწერი მოვიპოვე, მამაჩემის წყალობით. ეს არის უნიკალური შესრულება, მაშინ ეს მონაპოვარი ბევრს არც ჰქონდა და ამით ვამაყობდი. ძალიან ბევრ სიმღერას ვიწერდი და შემდეგ ვსწავლობდი. ორი მაგნიტოფონი მქონდა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ქალაქური სიმღერები ბავშვობიდან მესწავლა.

ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც ყველა მღეროდა. ძალიან დიდი ნაწილი, ახალგაზრდობა მოწადინებული არის, რაც შეიძლება, უფრო მეტი ქალაქური სიმღერა მოისმინოს და შეისწავლოს. პირველ რიგში ფოლკლორს აქვს დაინტერესება, რაც ჩემთვის სასიხარულოა, ასევე სწავლობენ გალობას, მესამე ადგილს მივაკუთნებ საესტრადო მუსიკას და ქალაქურ სიმღერებს. ჩვენი ძირი და მთავარი არის ფოლკლორი, რაც არის ერის საგანძური. ჩვენი გალობა და ხალხური სიმღერები არის ის, რაზეც უნდა გაიზარდოს ადამიანი და შემდეგ ყველა ჟანრს იმღერებს და დაძლევს, თუნდაც იმ ქალაქურ სიმღერასაც. მე, პირადად, თემურ ქევხიშვილის ანსამბლ «დარიალში» ვისწავლე სიმღერა, ასევე ცხოვრება და ზრდილობა, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, ახალ თაობას შევისწავლო ის სიმღერები, რაც ქართულია და ჩვენი ფესვებიდან მოდის. მინდა გავახარო ყველა ქართველი და ვუთხრა ხმამაღლა, რომ ძალიან კარგი თაობა არის, ჭკვიანი და ქართველი სიმღერის ქომაგი.

_ ხშირად ტარდება სატელევიზიო კონკურსები, სადაც ხშირად პროპაგანდას უცხოურ სიმღერებს უწევენ. ამის შესახებ რა აზრის ხართ? ყოფილა შემთხვევა, კონკურსის შესარჩევ ტურზე ქართული სიმღერის ნაცვლად უცხოური სიმღერის შესრულება მოუთხოვიათ.

_ საერთოდ, რატომღაც მუსიკალურ პროექტებში, რაც ყოფილა საქართველოში, ხაზს უსვამენ იმას, რომ უფრო მეტად ითხოვენ უცხოურ სიმღერებს. მაგალითად, ქართული რომანსული სიმღერა, როიალთან მღერა ძალიან რთული შესასრულებელია და ამას სჭირდება რამდენიმე წელი, რომ პროფესიონალურად შეასრულო, სამწუხაროდ ისე ხდება, ეს ტური, რომელსაც ჰქვია ქართული ტრადიციული სიმღერა, არის რაღაც მცირე დოზით, უფრო თანამედროვე (ამერიკულ) სიმღერებს ენიჭება უპირატესობა. სამწუხაროდ, ისიც გამიგია, ვიღაცამ თუ იმღერა სიმღერა გოგი დოლიძის ან ნუგზარ აფხაიძის რეპერტუარიდან, მომენტალურად აჩერებენ და ამბობენ, ჩვენ ეს ფორმატი არ გვჭირდება. თუ ამბობ, რომ ქართული სიმღერა აუცილებელია, მაშინ, რატომ აჩერებ და არ ამღერებ, ისეთ სიმღერებს, რომელიც უნიკალურია და შედევრია?! საინტერესოა, რატომ ითხოვენ მაიკლ ჯექსონის სიმღერას ისე შეასრულონ, როგორც ის მღეროდა და ცეკვავდა, ცოტა ეს გაუგებარია ჩემთვის.

_ დათო, რადგან კონკურსებზე დავიწყეთ საუბარი, ახლახან ჩატარებულ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე მინდა შეგეკითხოთ, რატომღაც იქაც ინგლისურ ენაზე შესრულებულ სიმღერას ანიჭებენ უპირატესობას.

_ არადა, შეგვიძლია, რომ ევროვიზია ან სხვა კონკურსებზე ქართული სიმღერები წარმოვაჩინოთ. ერთხელ გავაგზავნე ევროვიზიის შესარჩევ ტურზე ჩემი სიმღერა, რომელიც ქართული საგალობლების ელემენტებით იყო, თანამედროვე სიმღერა და მუსიკა დავწერე, მაგრამ არ მოიწონეს. ირჩევა ისეთი სიმღერები, სადაც შეიძლება რეპიც აღმოაჩინო. დამიჯერეთ, ევროპას რეპით ვერ გააოგნებ და მოხიბლავ. სხვათაშორის, წელს ვაპირებდი მონაწილეობას, ორი სიმღერა მზადდებოდა, შემდეგ ორივე სიმღერაზე უარი ვთქვით, ერთი შემსრულებელი იყო მომღერალ ლაშას ღლონტის ქალიშვილი, ანი ღლონტი, სამწუხაროდ, ის ავად გახდა და ამის გამო ვერ გავედით, ანრი ჯოხაძეს უნდა შეესრულებინა მეორე სიმღერა, მაგრამ, იქაც პრობლემები შეიქმნა, მოკლედ, არ გაგვიმართლა.

_ მოკლედ, წელს ქართული სიმღერის გარეშე გავდივართ «ევროვიზიაზე».

_ ფაქტია, რომ "ევროვიზიაზე" ქართული სიმღერა არ გასულა, მაგრამ ქართული ელემენტები იყო, მაგალითად, სოფო ხალვაშის სიმღერაში. ისეთი, ძარღვიანი ქართული სიმღერა, სამწუხაროდ არ გასულა.

_ რადგან ძირითადად, ქართული, ქალაქური სიმღერის შესახებ ვსაუბრობთ, მოდით თქვენ ყველაზე მომგებიან და პოპულარულ "პროდუქტს" შევეხოთ. საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, ანსამბლი "თეატრალური კვარტეტი" ძალიან წარმატებულია.

_ ვარ ამაყი პედაგოგი, რომ ეს ოთხი ადამიანი შევკრიბე. ჩემთვის, მართლაც აღმოჩენა არის, ეს კვარტეტი, ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მათ ვეხმარები. ეს ის კვარტეტია, რომელიც საქართველოს ყველგან ასახელებს და ამის ფაქტი მრავლად არის. უკვე მიმდევრებიც ჰყავთ, ბევრი იწერს მათ სიმღერებს, ასევე სწავლობენ. საამაყოა ის ფაქტიც, ქართველი კომპოზიტორები მათთვის სპეციალურად მუსიკას ჰქმნიან და შემდეგ ეს სიმღერები ხალხს უყვარდება. კვარტეტს საქართველოში უკვე ჰქონდა ორი სოლო კონცერტი, ერთ-ერთი წარმატებული გამოსვლა შედგა იტალიაში, მიქელანჯელოს მიერ მოხატულ დარბაზში, ორმოცწუთიანი კონცერტი გამართეს ბიჭებმა ჩემთან ერთად, პირველი პრეცედენტი დაუშვეს, რომ იქ ქართველებს ემღერა, ფლორენციის მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, რომ თქვენმა სიმღერა ამ შედევრებს გადააჭარბაო, ეს იყო ქართული სიმღერის გამარჯვება.

_ რა განცდა გქონდათ მაშინ, როდესაც "ქართული ხმების" ახალი თაობის წარმომადგენლებში მოხვდი და დღესაც ამ ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი ხართ.

_ პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და არის დღემდე, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ის განცდა, რომ ჩვენ მათი გამგრძელებლები ვართ. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ანსამბლია «ქართული ხმები», მეამაყება, როდესაც ამ ანსამბლში ვმღერი. სამწუხაროდ, «ქართული ხმების» უფროსი თაობიდან ბევრი ადამიანი აღარ არის ცოცხალი, რაც ჩვენთვის სამწუხაროა, მათი მეშვეობით გავაგრძელეთ და შევინარჩუნეთ ქართული სიმღერის ხიბლი და შესრულება. მიხარია, რომ უკვე მესამე თაობა იზრდება «ქართული ხმების.» ეს სამი თაობა, სანამდე ცოცხლები ვიქნებით, ყოველთვის ვიდგებით ქართული სიმღერის სადარაჯოზე.

_ ვიცი, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ, მაინც შეგეკითხებით, რატომ არის თქვენი სიმღერების უმეტესობა სიყვარულზე?

_ უბრალოდ, ერთს ვიტყვი, ქართული სიმღერის უმეტესობა შექმნილია სიყვარულზე. ეს, ალბათ, ქართული კაცის ბუნებიდან გამომდინარე, ქართული ხასიათიდან მოდის, რომ ჩვენ მოსიყვარულე ხალხი ვართ ძალიან. ჭარბად გვაქვს ეს გრძნობა მოზღვავებული. რაღაცა პატარა ინტრიგა, ჩემი ახალი სიყვარულის შესახებ ჩააგდო «პროფილმა», რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ახალი სიმღერის ტექსტიდან გამომდინარეობს და მეტი არაფერი.



არქივი