ახალგაზრდა, პროფესიონალი მსახიობები

gurianews.com

21-ს ქვევით

ახალგაზრდა, პროფესიონალი მსახიობები

მარტი 14
08:51:10 2011

იზა ჟღენტი, ტარიელ გოგელია, ალექსანდრე ცომაია, ლევან საღინაძე, უჩა მჟავია, ზაზა მეფარიშვილი _ ეს გურული ახალგაზრდები კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის მიზნობრივი ჯგუფის (ოზურგეთის) სტუდენტები არიან და მალე პროფესიონალ მსახიობებად დაუბრუნდებიან მშობლიურ მხარეს. ჯგუფს დიმა ღვთისიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გურიას ძალიან კარგი და ნიჭიერი სამსახიობო თაობა ეზრდება.

ჩვენი გაზეთი მათ ინსტიტუტში ეწვია. რამდენიმე ლექციასაც დაესწრო და პედაგოგებსაც გაესაუბრა.

ეკა ბაკურაძე, მეტყველების პედაგოგი: მეოთხე კურსის ლექცია სასცენო მეტყველებაში ითვალისწინებს შემაჯამებელ წელს. ჩვენ ასევე გვაქვს მხატვრული კითხვის კათედრა ცალკე, სადაც სურვილის მიხედვით, შეიძლება მომზადდეს სრულიად ახალი მასალა, შემდეგ ამოვირჩოთ საუკეთესო ნომრები და გამოცდაზე ის გავიტანოთ. რაც თქვენ ახლა კონკრეტულად ნახეთ, ეს არის ტექნიკური სავარჯიშოები, რომელიც ჩვენთან პირველი კურსიდან მეოთხე კურსამდე სისტემატურად ისწავლება. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ სამეტყველო აპარატი ყოველთვის იყოს წესრიგში და ჩვენ რომ გავუშვებთ აქედან მომავალ მსახიობს, მას მეტყველების დეფექტი არ ჰქონდეს. ეს სავარჯიშოები, რაც ახლა შეასრულეს სტუდენტებმა, ითვალისწინებს კომპლექსურ ვარჯიშებს, სადაც შედის: ხმა, სუნთქვა, წარმოთქმა და მოძრაობა. დღევანდელი თეატრის მოთხოვნები იმდენად მაღალ დონეზეა განვითარებული და მოითხოვს მრავალფეროვნებას, რომ მსახიობს მეტყველებასთან ერთად უნდა შეეძლოს იმოძრაოს კიდეც, იმღეროს, იცეკვოს, ისე, რომ მეტყველებაზე ხელი არ შეეშალოს. ჩვენ ამის საფუძველს აქ ვაძლევთ სტუდენტებს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გურული სტუდენტები მაღალი პროფესიონალური მეტყველებითა და სასცენო ოსტატობით მრავალ სპექტაკლში მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთი გამართული მეტყველებით მრავალ დასამახსოვრებელ როლს შეასრულებენ.

გიორგი ქანთარია, რეჟისორის ასისტენტი: კარგი ახალგაზრდები არიან, შემიძლია ვთქვა, რომ პროფესია საფუძვლიანად შეისწავლეს. ძალიან ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდები არიან, თავდაუზოგავად მუშაობენ. ყოველ როლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ჩვენ ვიმუშავეთ პიესებზე: დავით კლდიაშვილის "იეინეს ბედნიერება", ჯაბა კოდელიანის "შავი კატა," ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი," ლალი ტოდებას "პრემიერა," ოსტროვკის "უმზითვო," უილიამსის "ორფეოსი ჯოჯოხეთში ეშვება". ამჟამად ვმუშაობთ ჯონ ბიოტონ პრისტლის პიესაზე: "ვერხცლის ქორწილი," რომელიც არის სადიპლომო სპექტაკლი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სტუდენტები თავიანთ სიტყვას იტყვიან ქართული თეატრის ისტორიაში.

ჩვენი გაზეთი მალე უფრო ახლო გაგაცნობთ ამ ახალგაზრდებს და იმ გეგმებს, რომლითაც ისინი გურიაში აპირებენ დაბრუნებას.



არქივი