"ნართი" სოლო კონცერტისთვის ემზადება

gurianews.com

21-ს ქვევით

"ნართი" სოლო კონცერტისთვის ემზადება

მარტი 21
19:50:21 2011

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-საკრავიერული ანსამბლი "ნართი" ჯერ მხოლოდ ორი წლისაა. თუმცა ასაკს ხელი არ შეუშლია წარმატების მოპოვებაში. მათ ყოველთვის ოვაციით და ტაშით ხვდებიან. უსმენენ, უყვართ და პატივს სცემენ.

ერთ-ერთ კონცერტზე ჩემ გვერდით მჯდომ პროფესორს, იური სიხარულიძეს, რომელიც “ნართის" გამოსვლით გამოწვეულ კმაყოფილებას ვერ მალავდა, ვკითხე, რითია ეს ანსამბლი გამორჩეული-მეთქი: მომავალ თაობას ტრადიციულ, ქართულ სიმღერას და ინსტრუმენტებს აყვარებს და არ გვაძლევს საშუალებას დავივიწყოთ ის, რაც ძველია, მაგრამ თანამედროვე ეპოქისთვის მეტისმეტად აუცილებელიო, _ მიპასუხა.

გელა ცინცაძე, ზვიად ბერძენიშვილი, ბაჩო სიხარულიძე, გიორგი ბრეგაძე, ეთო ჯინჭარაძე, გია ხვინჩიაშვილი, ბექა ჯინჭარაძე, ნინო, მანანა და ელზა სიხარულიძეები _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ და სცენაზე ყოველი გამოსვლისას, მსმენელსაც ამისკენ მოუწოდებენ. ანსამბლის ხელმძღვანელი ყველასთვის კარგად ცნობილი ხელოვანი, მრავალი თაობის აღმზრდელი ვარდო თოდრიაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართულ საკრავებზე უფრო ტკბილი და საამო ქვეყნად არაფერი შექმნილა. ჩონგური, ფანდური, ჩანგი, დიპლიპიტო, კლასიკური ფანდური, გიტარა, ტამტამები _ ეს ის ინსტრუმენტებია, რომელიც კვირაში სამჯერ, კულტურის ცენტრის სარეპეტიციო ოთახში ჟღერდება. ჩვენი გაზეთი, ანსამბლს ინტერვიუს ჩასაწერად რეპეტიციაზე მაშინ ეწვია, როცა ანსამბლის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს საოცარი სითბოთი უხსნიდა სიმებიანი ინსტრუმენტის _ ჩანგის შექმნის ისტორიას.

_ ეს ინსტრუმენტი ქალ-ვაჟის სიყვარულის სიმბოლოა, _ გვითხრა ქალბატონმა ვარდიკომ.

_ რეპეტიციაზე ყოველთვის მოგვიხარია. იგი საოცრად ენერგიული და ახალგაზრდული სულისკვეთების ამაგდარი მოღვაწეა, ვისაც მეცადინეობის თავისებური მეთოდი აქვს. თითქმის ყველა სიმღერის შექმნის ისტორია იცის. ჩვენს აზრს ყოველთვის ითვალისწინებს, ისე თანამედროვედ აზროვნებს, რომ ზოგჯერ ჩვენი თანატოლი გვგონია, _ გვითხრეს ანსამბლის წევრებმა.

_ ძალიან მინდოდა კულტურის ცენტრში ასეთი სახის ანსამბლი შექმნილიყო. მახარია, რომ გაამართლა. ასევე სასიხარულოა ისიც, რომ ახალგაზრდების ინტერესი ფოლკლორისადმი დღითიდღე იზრდება. ანსამბლი არა მხოლოდ სარაიონო, თბილისში გამართულ ღონისძიებებშიც წარმატებით მონაწილეობს. მალე კი "ნართი" სოლო კონცერტით გაახარებს თავის თაყვანისმცემლებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორმა თამარ კეკელიძემ.



არქივი