"ფეხბურთი ჩემი ცხოვრების წესად იქცა"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ფეხბურთი ჩემი ცხოვრების წესად იქცა"

მარტი 21
19:52:26 2011

წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ახალგაზრდა ნაკრების თამაში ფეხბურთში, რომელიც რამდენიმე დღის უკან დასრულდა ქალაქ ბაქოში. 14 წლამდე მოზარდებმა, საქართველოს სახელი ღირსეულად დაიცვეს და ფინალში ჰოლანდიის "ვიტესთან" თამაშისას, გამარჯვებას მიაღწიეს. ახალგაზრდა ნაკრების კაპიტანი, სოფელ ბახვის ოზურგეთის სპორტსკოლას დაქვემდებარებული საფეხბურთო ნაკრების და "ოლიმპის" ფეხბურთელი რუსლან ბედიევია. დღეს იგი ჩვენს შეკითხვებს პასუხობს.

_ ვარ სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე. ფეხბურთზე ვარჯიში 5 წლის ასაკიდან დავიწყე. ბავშვობიდანვე ფეხბურთის თამაში და სიყვარული გოჩა კრასოტკინმა ჩამინერგა. ორი წლის უკან ოზურგეთის სასპორტო სკოლას შეუერთდა ჩვენს სკოლასთან არსებული გუნდი, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბედიევმა,

_ რუსლან, რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც რიგის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეთ?

_ პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ბედნიერება, როდესაც საქართველოს სახელით წარმატებას აღწევ. ეს ტურნირი, რომელიც "რიგა ქაფის" სახელით არის ცნობილი, ძალიან პოპულარობით სარგებლობს. 16 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა და ფინალში, დაძაბული თამაშების შემდეგ, პირველობას მივაღწიეთ.

რუსლანის სპორტულ ცხოვრებაში გამარჯვებები ხშირია, მისი წარმატება კი ბახვის საფეხბურთო კლუბიდან იწყება, რომლის მთავარი მწვრთნელი გოჩა კრასოტკინია. კლუბის სპორტსმენები ხშირად იმარჯვებენ სხვადასხვა ტურნირებზე.

_ 14 წლის ასაკში უკვე "ოლიმპის" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხარ. რთული გზა გაიარეთ მიზნის მისაღწევად?

_ მთავარია, მწვრთნელის დარიგებას და სწავლებას მიჰყვე, ასევე, მთელი არსებით უნდა გიყვარდეს ფეხბურთი. ახლა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და იმედები არ უნდა გავუცრუო ჩემს მწვრთნელებს, ჩემს თავს და ოჯახს.

_ როგორი ურთიერთობა გაქვს ახალ გაცნობილ ფეხბურთელებთან?

_ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კარგად მიმიღეს, რაც მთავარია, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვაღწევთ მიზანს.

_ ძნელი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბახვის საფეხბურთო კლუბს წარმოადგენდი, უცებ კი რამდენიმე ფეხბურთელმა სხვა კლუბებში დაიწყეთ თამაში?

_ ჩვენ პარალელურად ბახვის ფეხბურთის კლუბში ვართ, ჩვენთან საკითხი ასე დგას, ერთი თუ წავა, მეორე ავსებს გუნდს.

_ ვინ გიწყობს ხელს მიზნის მიღწევაში?

_ დავიწყოთ იმით, რომ გვეხმარებიან ოზურგეთის სასპორტო სკოლა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ოლიმპი".

იყო ისეთი პერიოდი, ბახვის ფეხბურთელებს და ბატონ გოჩას ჩვენი ფული შეგვიგროვებია და ისე წავსულვართ სათამაშოდ, მაგრამ ეს იყო წინათ, ახლა ყველანაირი პირობები გაუმჯობესდა.

_ რა არის შენთვის ფეხბურთი?

_ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების წესად იქცა, ჩემი სანუკვარი მიზანია, ცხოვრებაში მივაღწიო წარმატებას. მინდა ჩემს ოჯახს და ახლობლებს ეკონომიკურად მყარი და ძლიერი ცხოვრება ვაჩუქო, ისეთი, როგორიც მათ ადრე არ ჰქონიათ.

რუსლამ ბედიევის თქმით, საქართველოს ნაკრები 25 აპრილს საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება, სადაც აუცილებლად წარმატებას უნდა მიაღწიონ.



არქივი