სალომე კიკვაძე ეტალონელი გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

სალომე კიკვაძე ეტალონელი გახდა

მარტი 21
19:56:40 2011

კულულებიანი, შავტუხა გოგონა ჩოხატაურელ მაყურებელს სცენიდან ხშირად ხიბლავდა. ცეკვავდა, მღეროდა... ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა ძალები და არცთუ წარუმატებლად. თუმცა არჩევანის დრო რომ მოვიდა, ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი მშობლების შვილი აუცილებლად “დოხტური" უნდა გამოსულიყო.

_ ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, _ გვითხრა ჩვენი გაზეთის სტუმარმა, სალომე კიკვაძემ, რომელმაც ცოტა ხნის უკან ჩოხატაური ასახელა და ეტალონელის ტიტული მოიპოვა

_ სალომე, დავიწყოთ თავიდან. ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდი. ხშირად მიგყავდა საღამოები, ცეკვავდი, მღეროდი... რამ განაპირობა რადიკალური ცვლილება პროფესიის არჩევისას, რატომ სამედიცინო?

_ გეთანხმები, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მგონი, ბაღიდან დავიწყე აქტიური ცხოვრება. მერე იყო სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, ჩოხატაურის გიმნაზია (ახლანდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა), გაზეთი “21-ს ქვევით", უამრავი ღონისძიება: კონცერტი, კონკურსი თუ თემატური ოლიმპიადა ... მოკლედ, ახლა, როცა ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ასე მგონია, მაქსიმალურად ამოვწურე ის რესურსები, რაც რაიონში იყო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება მაინცადამაინც რადიკალური იყო, იმიტომ, რომ ახლა ძალიან აქტიურად ვცხოვრობ, გაცილებით მეტად, ვიდრე _ მაშინ. ექიმობა სულაც არ არის პასიური და “საკაბინეტო" პროფესია. ვფიქრობ, ეს არის დედამიწაზე ყველაზე აქტიური პროფესია და ყველაზე რთულიც. სულ უნდა სწავლობდე, იზრდებოდე როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. ამ სწავლის და საკუთარ თავთან მუშაობის პროცესში შინაგანად იხვეწები და ნელ-ნელა ექიმად ყალიბდები. მე ჯერ “ჩამოყალიბების"პროცესში ვარ.

მთელი ბავშვობა, განსაკუთრებით ბაღის ასაკი, ჩოხატაურის სამშობიარო სახლში მაქვს გატარებული _ დედა იქ მუშაობდა და მორიგეობაშიც, ღამითაც ვრჩებოდი ხოლმე. მომწონდა თეთრი ხალათი და ექიმების გარემო. ახლაც მახსოვს ჩემი პირველი ბავშვური შთაბეჭდილება, როგორ საოცრად უხდებოდა სამშობიარო სახლის ექიმ-გინეკოლოგს, აწ უკვე გარდაცვლილ დავით გოგიბერიძეს თეთრი ხალათი. როცა სამედიცინოზე ჩავაბარე, მინდოდა მენახა ეს ადამიანი და მეთქვა, თუ როგორი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა კარგად მოხდენილმა თეთრმა ხალათმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი. საერთოდ კარგად მახსენდება სამშობიარო სახლი მისი ექიმებით თუ ექთნებით. ალბათ, ამ ადამიანებმა ითამაშეს რაღაც როლი იმაში, რომ მე სამედიცინოზე ჩავაბარე. მადლობა მათ! თუმცა, თეთრი ხალათი არის მეასე ხარისხოვანი, როცა ექიმობას პროფესიად ირჩევ. მე, უბრალოდ მინდოდა რამე კარგი, საინტერესო და თან რთული მეკეთებინა ცხოვრებაში, ადამიანებს დავხმარებოდი. ამისთვის საუკეთესო გზა მიდის ექიმობისკენ. მეც ამ გზის მგზავრი ვარ.

_ მოგვიყევი როგორ მოხვდი ეტალონში.

_ ძალიან მარტივად. საღამოს მაღვიძებს ტელეფონის ზარი და მეკითხებიან თუ მინდა სტუდენტურ “ეტალონში" მონაწილეობის მიღება მედიცინის ფაკულტეტის სახელით. მეც ვამბობ “კის". როგორც გავიგე, სტუდენტური თვითმმართველობიდან დამასახელეს. ძალიან გამიხარდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამასახელეს და მეორეც, ჩემი სკოლისდროინდელი ოცნება იყო “ეტალონში" მონაწილეობა და იქ გამარჯვება. ოღონდ იცით როგორი ოცნება? რომ აღარ მახსოვდა იმიტომ, რომ 5 წლის უკან ვოცნებობდი მაგაზე და ოცნება ახლა ამიხდა.

_ რთული იყო გამარჯვება?

_ საკმაოდ. თუმცა ძალიან შინაურული გარემო იყო. ყველა სამედიცინოს სტუდენტები ვიყავით, ფაქტიურად ფაკულტეტებს შორის იყო შეჯიბრი. თან სტუდიაში საგულშემატკივროდ იყვნენ ჩემი მეგობრებიც. მოკლედ, კონკურენციას ნაკლებად ვგრძნობდი. ჩემი აზრით, კითხვებიც უფრო სკოლაში მიღებულ განათლებას ეფუძნებოდა. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლის მასწავლებლებს (რატომღაც გამომრჩა გადაცემის ჩაწერისას, რომ ტელევიზიითაც მეთქვა მათთვის მადლობა), მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განათლებასა და იმ გამარჯვებაშიც, რომელიც, ღვთის შეწევნით, მოვიპოვე. როგორც კი გადაცემა ეთერში გავიდა ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, ძალიან ბევრმა გურიიდან. გამიკვირდა კიდეც. არ ვიცოდი თუ ამდენი გურული გულშემატკივარი მყავდა. მადლობა, გურულებო!

_ საინტერესოა შენი აზრი, შენი თაობის წიგნიერებასთან დაკავშირებით. შენ როგორ ხარ ამ მხრივ და რას ფიქრობ, კომპიუტერის ეპოქაში წიგნის ადგილი არ არის?

_ ალბათ, ყველამ ნახა ის სიუჟეტი, სადაც სტუდენტებს ეკითხებიან შოთა რუსთაველზე რომელ საუკუნეში მეფობდაო და რესპონდენტებს კითხვა არ უკვირთ. ვფიქრობ, იმას თუ თაობა როგორი წიგნიერია, კომენტარი არ სჭირდება. თუმცა, მთლად ასეც არ არის. არ გამოვრიცხავ იმავე რესპონდენტმა შეიძლება იცოდეს პაოლო კოელიოს და გაბრიელ გარსია მარკესის შესახებ ანუ იმის შესახებ, რაც “ლიტერატურულ მოდაშია". პირადად მეც მომწონს და წაკითხულიც მაქვს კოელიოს და მარკესის ნაწარმოებები, მაგრამ ამით არ ამოიწურება ჩემი ლიტერატურული ინტერესი. მიმაჩნია, რომ გამიმართლა და ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, ვისაც განათლების და წიგნიერების პრობლემა ნამდვილად არ აქვთ. ვგულისხმობ ჩემს მეგობრებს, ჯგუფელებს, მოკლედ, ხალხს, ვისთან ერთადაც ვსწავლობ თუ ვმუშაობ. ვთვლი, რომ წიგნიერი სტუდენტი ვარ, თუმცა მე და კომპიუტერი ძალიან ვმეგობრობთ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ წიგნის ფუნქცია შეითავსა, არამედ იმიტომ, რომ კომპიუტერი “წყალივით" მჭირდება როგორც მოსახერხებელი და სწრაფი ინფორმაციის წყარო, სასწავლო რესურსი (განსაკუთრებით უცხო ენების) და კომუნიკაციის საშუალება. ლიტერატურული ნაწარმოების კითხვა მე წიგნში მირჩევნია და ასეც ვიქცევი. ბევრი ახალი წიგნი მაქვს.

_ რამდენად დატვირთულია შენი სწავლის გრაფიკი? როგორც ვიცი, სამედიცინოზე სწავლა 10-წლიანია...

_ სწავლის გრაფიკი ძალიან დატვირთული არ არის, მე თვითონ ვარ დატვირთული ხოლმე. უნივერსიტეტში სწავლა 3 საათზე უკვე დამთავრებულია. მერე ან მორიგე ვარ, ვმორიგეობ ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ნევროლოგიურ განყოფილებაში, ან ჩოგბურთზე მივდივარ უნივერსიტეტის კორტებზე, ან _ რომელიმე შეხვედრაზე. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ბორდის წევრი და ნევროლოგიის სექციის ხელმძღვანელი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრიც. რაც შეეხება სამედიცინოზე სწავლის ხანგრძლივობას, ის ასე ზუსტად 10 წელი არ არის. ბაკალავრი არის 6-წლიანი და შემდეგ რეზიდენტურა 3 წელი და ზევით. რეზიდენტურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ ვიწრო პროფესიაზე. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს ნევროლოგია და ვფიქრობ, ამ კუთხით სწავლის გაგრძელებას, სადაც რეზიდენტურა არის 4-წლიანი და ჩემს შემთხვევაში სამედიცინოზე სწავლა გამოდის ზუსტად 10 წელი.

_ ერთია, როცა სწავლობ თეორიას და მეორეა, როცა გადიხარ პრაქტიკას... ამ მხრივ, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს? სტუდენტები ხშირად ამბობენ რომ სასწავლებლებში მხოლოდ თეორიას ექცევა ყურადღება...

_ პრობლემა პრაქტიკის არ ქონაში არ არის. პრობლემა თვითონ სამედიცინო სასწავლო სისტემაშია ალბათ. ამ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს. მე, როგორც სტუდენტს, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტს რაც შეუძლია, გვაძლევს თეორიასაც და პრაქტიკასაც ანუ რეალურად ვიყენებთ იმ სამედიცინო და კლინიკურ ბაზას, რაც თბილისში არსებობს. ამჟამად რაც მაწუხებს, არის რეზიდენტურის პრობლემა. მომავალში ვამთავრებ და რეზიდენტურის არ არსებობამ შეიძლება ცოტათი შემიცვალოს გეგმები. თუმცა ჯერ ერთი, წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა და თან მე მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და იმედი მაქვს, გამოსწორდება არსებული სიტუაცია.

_ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ რაიონში გეგმავ თუ არა დაბრუნებას?

_ რთული კითხვაა. ასე შორეულ მომავალს არ ვგეგმავ ხოლმე შეგნებულად, მარტივი მიზეზის გამო _ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, მათ შორის, დაგეგმილ კარიერაშიც.

_ რაიონებში ყველაზე დიდი პრობლემა მიგრაციაა. წასულების 98 პროცენტი უკან არ ბრუნდება, რაც ბუნებრივია, კადრების დეფიციტს ქმნის. შენ იმ თაობის წარმომადგენელი ხარ, რომლებსაც ძალიან ჭკვიანებს და ნიჭიერებს უწოდებენ... თუ გაქვს ჩოხატაურელ თანატოლებთან ხშირი კონტაქტი და თუ იცი, აპირებენ თუ არა კარიერის გაგრძელებას ისინი მშობლიურ რაიონში.

_ კი, გეთანხმები, ნიჭიერი თაობა ნამდვილად ვართ და მიგრაციის პრობლემაც რაიონში კარგად მესმის. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კლასში ყველა ბავშვი ნიჭიერი იყო. პირველ რიგში, ძალიან მენატრებიან, მეტ-ნაკლებად მაქვს მათთან ურთიერთობა. ვიცი, რომ ბევრმა უკვე დაამთავრა საუნივერსიტეტო სწავლა, ზოგიც დაოჯახდა და რაიონს დაუბრუნდა. შესაბამისად, ალბათ, აგრძელებენ კარიერას და მუშაობენ რაიონში. ამ ეტაპზე რაიონში დაბრუნებას არ ვაპირებ. წინ ჯერ ექიმობის ხანგრძლივი და არც ისე ადვილი წლები მაქვს. სიმართლე გითხრათ, იქითკენ ვისწრაფვი სადაც განვითარების მეტი შესაძლებლობებია, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჯერ სწავლის შემდგომი ეტაპი დაგეგმილი არ მაქვს და კიდევ, ცხოვრებაში გამორიცხული არაფერი არ არის, _ გვითხრა სალომემ.



არქივი