“იმის შემდეგ ვწერ და ვწერ"

gurianews.com

21-ს ქვევით

“იმის შემდეგ ვწერ და ვწერ"

მარტი 22
13:03:03 2011

"ჩემი მოთხრობები" _ ასე ჰქვია რვეულს, სადაც ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის რობიკო ცინცაძის მოთხრობებია. საკმარის მოთხრობებს და ლექსებს რომ დაწერს, შემდეგ კრებულის გამოშვებაზეც ოცნებობს. სანამ ეს ოცნება აუსრულდება, მანამ სკოლის დირექტორის მაია თავართქილაძის და პედაგოგიური კოლექტივის თაოსნობით ნორჩ მწერალთა შეხვედრა მოეწყო.

საკლასო ოთახში რობიკოს ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბა და დიდხანს უსმენდნენ, როდესაც ის თავის დაწერილ ლექსებს და მოთხრობებს კითხულობდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, 9 წლის რობიკო ძალიან ნიჭიერი ბავშვია და მას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

რობიკო ცინცაძე: _ მე, რობიკო ცინცაძე დავიბადე ჩოხატაურის რაიონში, ავთანდილ ცინცაძის ოჯახში. მყავს პატარა დაიკო _ ლიზი, დედა, მამა, ბებიები და ბაბუა.

სწავლა დავიწყე ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში. ჯერ მხოლოდ მესამე კლასში ვსწავლობ. ვცდილობ, ვისწავლო კარგად, ვიღებ მუსიკალურ განათლებას, მიყვარს საბუნებისმეტყველო საგნები, მათემატიკა და ხელოვნება. მიტაცებს მოთხრობების წერა. პირველი მოთხრობა (ჩემი ოჯახი) მეორე კლასში დავწერე, იმის შემდეგ ვწერ და ვწერ.

რობიკოს ერთ-ერთი მოთხრობის წაკითხვას დღევანდელ ნომერში შეძლებთ.

 

ჩემი სამშობლო საქართველოა

ჩემი სამშობლო გურიაა, სამეგრელოა, იმერეთია, ქართლია, რაჭა-ლეჩხუმია, კახეთია, სამცხე-ჯავახეთია, აჭარაა, აფხაზეთია...

მტკვარია, რიონია, ენგურია, ლიახვია, არაგვია, ქსანია, ალაზანია...

იალბუზია, უშბაა, შხარაა, თეთრნულდია...

სვეტიცხოველია, ჯვარია, იყალთოა, გელათია, ალავერდია, გრემია, ბაგრატია, უფლისციხეა, ვარძიაა...

ჩემი სამშობლო ფარნავაზია, მირიან მეფეა, ვახტანგ გორგასალია, დავით კურაპალატია, ბაგრატ III-ია, გიორგი I-ია, დავით აღმაშნებელია, თამარ მეფეა, ლაშა-გიორგია, დემეტრე თავდადებულია, გიორგი ბრწყინვალეა, ვახტანგ VI-ეა, ერეკლე II-ეა.

ჩემი სამშობლო ჩემი მეგობრებია: გიორგი, ვაკო, ლევანი, ნიკა, ლუკა, გიზო, აივენგო, თათია, მარიამი, ელენე, მაკა, ლიზი...

ჩემი სამშობლო ჩემი რუსიკო მასწავლებელია.

ხორუმია ჩემი სამშობლო, აჭარული, დაისია...

მრავალჟამიერია, ჩაკრულოა, შავლეგოა, გაფრინდი შავო მერცხალოა, შენ ხარ ვენახია...

რუსთაველია, ილიაა, ვაჟაა, აკაკია, გალაკტიონია, ანაა...

არ ვიცი, რამ შემაყვარა ასე ძალიან ჩემი სამშობლო, არც ის მახსოვს როდის შემიყვარდა. ის კი ვიცი, რომ უსაშველოდ მიყვარს.

ან კი შეიძლება არ გიყვარდეს "მიწა, ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა. სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია"...

შეიძლება არ გიყვარდეს ყველაფერი ის, რასაც შენი სამშობლო ჰქვია: დედა, მამა, და, ძმა, ოჯახი, მასწავლებლები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები.

და როგორც არ შეიძლება ეს ყველაფერი არ გიყვარდეს, ისე არ შეიძლება ილაპარაკო სამშობლოზე და სათქმელი ამოწურო.



არქივი