"რაინდობა გვერდით მყოფი ადამიანის თანადგომაა"

gurianews.com

21-ს ქვევით

"რაინდობა გვერდით მყოფი ადამიანის თანადგომაა"

თებერვალი 16
11:33:05 2013
დაიბადა 1943 წლის 20 აპრილს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ამაღლებაში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1982-1992 წლებში იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" და "ხელოვნების" რედაქტორი. 1970-80 წლებში თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის უფროსი მეცნიერმუშაკი. 1982-1992 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი. 1992-1005 წლებში თეატრისა და კინო უნივერსიტეტის პრორექტორი. 2003 წელს მიიღო ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია წიგნისათვის "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". 2005 წლიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. 2005 წლიდან გამოსცემს და რედაქტორობს ჟურნალ "რაინდს".

გოგი დოლიძე დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია:

_ ბატონო გოგი, მოხარული ვართ, რომ თქვენი მშობლიური სოფლის სკოლას ასეთ დიდ ყურადღებას აქცევთ...

_ მადლობთ, ჩემო ბატონო, ალბათ, არ მაქვს უფლება, რომ ამ მშვენიერი კუთხისადმი უყურადღებო ვიყო. მე დავიბადე შუა ამაღლების ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, რომელსაც "ქვიშნარას" ეძახიან. რომ შემეძლოს იმდროინდელი სოფლის ცხოვრებისა და ულამაზესი ბუნების გადმოცემა, რაც გონებაში პანორამად იშლება, ეს უნიკალური სანახაობა იქნებოდა.

_ შემდეგ თქვენი ოჯახი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად...

_ დიახ, 7 წლამდე აქ ვიზრდებოდი, შემდეგ კი ქუთაისში გადავედით. სკოლაში დრამატულ წრეში ვიყავი გაერთიანებული, ყველა ღონისძიებაში აქტიურად ვმონაწილეობდი. რაც შეეხება საგნებს _ ჰუმანიტარულები მიყვარდა, ტექნიკური საგნები არ მიტაცებდა, მაგრამ მასწავლებლებს ძალიან ვუყვარდი და როცა ამა თუ იმ ფიზიკოსის ბიოგრაფია გვქონდა გაკვეთილად, მაშინ გამომიძახებდნენ ხოლმე. მეც ჩემი ორატორული ნიჭით "დავცხებდი" მასწავლებელიც და ბავშვებიც აღტაცებით მისმენდნენ... თეატრი ბავშვობიდან მიტაცებდა. ქუთაისში სპექტაკლებს ხშირად ვესწრებოდი. არაჩვეულებრივი მსახიობები მონაწილეობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე. ჩემს ჯგუფში სწავლობდნენ: გივი ბერიკაშვილი, ზინა კვერენჩხილაძე, ბორია წიფურია და სხვები. მესამე კურსზე ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მსახიობობა არ იყო ჩემი საქმე და უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე. ინგლისური და ფრანგული ენების სპეციალისტი გახლავართ. სტუდენტობის დროს ვთარგმნე მარკ ტვენის პანფლეტები და იუმორისტული მოთხრობები, მაინ რიდის ნაწარმოებები და სხვ. შემდეგ დავიცავი დისერტაცია _ "მაიაკოვსკი და კინო". 1970 წელს შეიქმნა კინოს კვლევითი ცენტრი, რომლის წევრი გავხდი.

_ თქვენ წლების მანძილზე ეწეოდით პედაგოგიურ საქმიანობას

_ დიახ, ვასწავლიდი თეატრალურ ინსტიტუტში. ძალიან მიყვარს ჩემი სტუდენტები. ბევრი თაობა აღვზარდე. საერთოდ ძალიან მიყვარს ახალგაზრდები. მჯერა, რომ ისინი თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.

_ როგორ ჩამოყალიბდა ჩოხოსან რაინდთა დასი?

_ ჩოხოსან რაინდთა დასი შეიქმნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით. უწმინდესმა მთხოვა, რომ დასისთვის მეხელმძღვანელა. ასევე მითხრა, რომ რაინდობა ეს ხანჯლის ფრიალს კი არ ნიშნავს, არამედ რაინდობა ისაა, როცა შენ გვერდით მყოფ ადამიანს უჭირს და მასზე იზრუნებო. მეც შევუდექი ამ საქმის განხორციელებას. ჩვენს რიგებში დღეს საკმაოდ ცნობილი და კეთილშობილი ადამიანები არიან.

_ ბატონო გოგი, თქვენ სამცხეთ-ჯავახეთში მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმეებს აკეთებდით 10 წლის მანძილზე.

_ სამცხეთ-ჯავახეთში ქართული სკოლა აღმოვაჩინე. ძალიან ბევრ ღონისძიებას ვაწყობდი, ჩამყავდა ქართული სცენის გამოჩენილი მსახიობები. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ მათთან შეხვედრას. ახლა კი მშობლიურ კუთხეში გადმოვინაცვლე.

_ რა განცდა გეუფლებათ, როცა მშობლიური კუთხისკენ მოდიხართ?

_ იცით რა, ეს არის უზარმაზარი სიხარული. გუშინ რომ მოვდიოდი, ახლობლებთან გავჩერდი ქუთაისში, ვცდილობ, გახანგრძლივდეს პროცესი, რასაც გურიაში ჩამოსვლა ჰქვია. მიხარია შუა ამაღლების სკოლის ბავშვებთან შეხვედრა. მჯერა, რომ მათთან მუშაობა მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. მე მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომელთა თანადგომით ჩამოვდივარ ჩოხატაურში. აქ ჩამოტანილი წიგნები თავად ავტორებმა გამომატანეს საჩუქრად. ესენი არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ გეგია, არნოლდ გეგეჭკორი, ვაჟა აზარაშვილი, დავით ასკურავა, ანზორ ბურჯანაძე და სხვები. ჩემ გვერდითაა ჩემი მეგობარი _ რეჟისორი ოთარ ჯანგიშერაშვილი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. საერთოდ, ცხოვრება სასიხარულოა, როცა ბევრი კეთილი და განათლებული ადამიანია შენ გვერდით. ასევე ძალიან მაინტერესებს ჩოხატაურის სპექტაკლების ნახვა. თუ რამე პრობლემებია, ერთად გადავწყვიტოთ. ამ ნიჭიერი ადამიანებისგან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება.



არქივი