ამონარიდი რომანიდან "ბუხარი"

gurianews.com

21-ს ქვევით

ამონარიდი რომანიდან "ბუხარი"

იანვარი 01
04:00:00 1970

წერილი

ახლა წვიმს და არ ვიცი, სად ვარ. ზღვაში ვარ, ერთადერთს ამას გეტყვით, უბრალოდ, რომელ მხარეს ან სად მივდივარ, კაცმა არ იცის. ისე მე სტამბულისკენ მინდოდა, მაგრამ ვატყობ, ჩემს გადაწყვეტილებებს გემი არაფრად აგდებს.

შენ მინდა ეს ფურცელი გეჭიროს და კითხულობდე, მაგრამ ვიცი, ლაშარს წააკითხებ, შენ სულ ეგრე აკეთებდი. ასე მგონია, თითქოს შენ საკუთარი თავი იპოვნე, ასე რომ არ მეგონოს და გზააბნეულს გხედავდე, ვეცდებოდი და როგორც არ უნდა დამჯდომოდა, ჩვენს ბედნიერებას დავიჭერდით. ახლა კი რომელი ბედნიერება დავიჭირო, ცოლი რომ ბოზად მიქცია, ის ბედნიერება? თუ ჩემი საყვარელი სახუროვი რომ ჩემს მოკვლას აპირებდა? ლაშარი არის მანდ დარჩენილი და პირობას ვაძლევ, ჩამოვაკითხავ და შემდეგ თვითონ აირჩიოს შენთან დარჩება თუ მე წამომყვება. ზენონის ასავალი არ ვიცი, მაგრამ მისი თვალები მახსოვს, ვირზე შემომჯდარს რომ გხედავდა. ამბობენ მახარაძემ იხმარა სახედრის ჭრელ, ნაჭრის უნაგირზეო. არ ვიცი, შეიძლება ჭორი იყოს, მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, შენ მე კი არა, მთელს ოჯახს და ღმერთსაც უღალატე. მეცოდები ჩემო თინათინ, მაგრამ შეცოდებისთვის არ მემეტები, ადამიანს რომ ვიცოდებ, გულის სიღრმეში რამით მაინც ვამართლებ, შენ კი რა გითხრა, ჩემი სიყვარული შეგრჩა, როგორც ძველ და ნესტიან რკინას ჟანგი. არ მიყვარხარ _ მეთქი რომ გითხრა, მაინც არ დამიჯერებ, მიცნობ და იმიტომ, მაგრამ, დღეს თუ ზღვამ სამუდამოდ ჩამიხუტა, ჩემს შენდამი სიყვარულსაც გადაყლაპავს, გაუჭირდება, მაგრამ როგორც გველი ყლაპავს კურდღელს, წვალებით და ხვნეშით, ისე მოეღება ბოლო ჩემს სიყვარულსაც. მინდოდა ამეწონ-დამეწონა შენი საქციელი, მაგრამ მეზარება. მეზარება და მართალი ვარ, ან რა აზრი აქვს აწონ-დაწონვას, ან რა ძნელი მისახვედრი შენი საქციელია. ყველაფერი ნათელია, პირველად კი არ მოქცეულან, შენ რომ მოიქეცი ისე, უბრალოდ დასანანია, რაღა შენ მოგინდა ასე მოქცევა. იმხელა სიყვარულს ვატარებ, შენთვის მძიმეა და ზღვამ სისველისგან ღუზასავით დაამძიმა. არ მინდა მოგატყუო, მაგრამ სიძულვილმა სიყვარულს ვერ აჯობა, მეუბნებოდნენ უფრო ძლიერიაო, მაგრამ ტყუილი ყოფილა, სიყვარულზე ძლიერი და გაუმტარი, გაყინული მარილის კლდეებიც არ არის. რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას? ისე გეკითხებით, თითქოს პასუხს მომაწვდიდეთ. რა აზრი ჰქონდა და როგორც ყველა სიცოცხლეს, ჩემსასაც უნდოდა ბედნიერი ოჯახი და სამშობლო, მეგობარი და ბრძოლა, სიხარული და ნაღველი, ოღონდ ნაღველი ბევრი არა, იმდენი რომანტიზმს რომ უხდება. მთავარია, როგორ დავმარცხდებით, თორემ დამარცხებას რომ ვერსად გავექცევით, მგონი ყველა დამეთანხმებით. ვიბრძვით, მაგრამ ბრძოლა თავიდანვე გადაწყვეტილია, სიკვდილი იმარჯვებს. მთავარია როგორ მოვკვდებით, მხოლოდ მას შემდეგ თუ ჩავიწერებით ისტორიაში, ისიც თუ ჩავიწერებით. მგონი მე არ უნდა ვკვდებოდე მთლად ტყუილად, რაღაცის გულისთვის მაინც უნდა ვკვდებოდე, ან შენი ან სამშობლოს გულისთვის. დიდი არჩევანი არ მაქვს, მაგრამ ხარისხიანი ნამდვილად. გემს ტალღები მკვდარი ვეშაპივით ატივტივებენ და აქეთ-იქით ატრიალებენ. რომ იცოდეთ, რაინდის ნიღაბს არ ვირგებ და სიკვდილს ხელგაშლილი არ ვეგებები, პირიქით, მინდა განვდევნო, მაგრამ ძალა არ მყოფნის. ბაშე ქსნის ტყეში მგლებმა ან ფოცხვერებმა შეჭამეს. მართალი გითხრათ, გული მომიკლა მისმა სიტყვებმა. ფუჭი მეჩვენება განვლილი ეტაპი. ჟოზეფინას სიკვდილში ბაშეს და სახუროვის ხელი ერია, უცნაურია, მაგრამ შევეჩვიე რეალობას, როგორც ყველა ადამიანი. რისთვის ვიცხოვრეთ მე და შენ ერთად, ნუთუ იმისთვის, რომ ასე დამთავრებულიყო ყველაფერი. უცნაურია, მაგრამ შენ მიმართ სიძულვილს არ ვგრძნობ, პირიქით, კარგად მახსენდება განვლილი დრო. სიყვარული დიდი გრძნობაა, იმხელა გრძნობაა, ადამიანის ბოროტებაზე ძალაუნებურად თვალს გახუჭინებს, ან შემოაბრუნებ და ბოროტებას სიკეთედ გადააქცევს. ჩემი სიყვარულიც ეგეთი აღმოჩნდა, სიკეთედ გაქცია შენ და მიუხედავად ყველაფრისა, სასიამოვნო მოგონება დატოვა გულში. არ გეგონოს ცრემლი მომდიოდეს, წერილის წერის დროს, არა, მეცინება კიდეც, ვირზე ამხედრებულს რომ გიხსენებ. ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს? შვილისთვის? ჩემთვის რომ აკეთებდე, ასე ერთი ხელის მოსმით არ გამწირავდი და ბორკილებს არ დამადებდი. ოდესღაც სინანულით გაგახსენდები, არ გეგონოს თავს ვიფასებდე, უბრალოდ, არ არსებობს, მე შენში ცუდი მოგონება დამეტოვებინოს. დღესდღეისობით ტვინი აგირიეს ნაბოზარმა ლენინისტებმა და შვილი და ქმარი შეგაზიზღეს, მაგრამ ეს ხომ დროებითია, როგორც ყველაფერი დედამიწის ზურგზე, ეგეც გადაგივლის, დრო მოვა და ცრემლები მოგაწვება განვლილი არასწორი ცხოვრების გამო. მეშინია, ეს ცრემლი გვიანი არ აღმოჩნდეს. რომ იძახიან გვიანი არაფერია ცხოვრებაშიო, ტყუილია, ბევრი რამ არის დაგვიანებული და ბევრ რამეს ვერასოდეს დააბრუნებ... ვერასოდეს.

ლაშარი და ნინო მენანებიან, ხომ ვიცი, მაგათ ჩემთან ურჩევნიათ. ვიცი, რომც ვერ მოვაღწიო თქვენამდის, ლაშარი თვითონაც მშვენივრად გაუძღვება თავის უცნაურ, მაგრამ საინტერესო ბედს. მეტი რა გითხრა, არაფერი არ მენანება, როგორც არის ისე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟოზეფინას საფლავი გულს მკორტნის. ლაშარ! იქნებ ისე მიხედო მის საფლავს, როგორც სიცოცხლეში უვლიდი შენს ჟოზეფინას. მეტი რა გითხრათ, შუა ზღვაში ვარ და ჩემი ხმის გამგონი არავინ არის. წერილს ბოთლში ჩავდებ და ზღვაში მოვისვრი, ჯგენერა მეუბნებოდა წერილის დამწერი თუ კვდება, წერილი ნაპირამდე უთუოდ მიაღწევსო, თუ არა და ტალღები სამუდამოდ თავისთან იტოვებენო. თუ მოვკვდი, წერილი თქვენამდე ჩამოაღწევს, თუ არა და, ჩემი ჭირიც წაუღია. არ მინდა მიყვარხართ გითხრათ, მაგრამ, ალბათ, მაინც მიყვარხართ და ეს მე ნერვებს საერთოდ არ მიშლის, პირიქით, მამშვიდებს და მაიმედებს, თუმცა იმედი რამდენად საიმედოა, ძნელი სათქმელია.

თქვენი ზვიად გურჯინთახი



არქივი