მისი კრედო საქართველოს გამთლიანება და ნაწარმოებების ორიგინალში კითხვაა

gurianews.com

21-ს ქვევით

მისი კრედო საქართველოს გამთლიანება და ნაწარმოებების ორიგინალში კითხვაა

მარტი 13
16:06:34 2013

შესაძლოა, იფიქრო კიდეც, რომ 24 წლის გიორგი ღურჯუმელიძე, საკუთარ ასაკს, თავისივე დამახასიათებელი სიდინჯით იმიჯს ჰმატებს, რითაც საზოგადოების თვალში, უკვე საკუთარი ნიშა მოიპოვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, დიდი ხანი არ არის, რაც დაინიშნა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალი ხელისუფლება ჩაუდგა სათავეში და გიორგი ღურჯუმელიძეს ახალი დროის მდინარებამ ადგილი აქ მიუჩინა. რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ: "ძალიან კარგი ახალგაზრდაა, თუმცა ასაკით არც ისე დიდი... შეძლებს?“ ახლა ამბობენ: "ეს ბიჭი თავის სიტყვას იტყვის, მაღალი ინტელექტი აქვს, ზრდილობიანი და ინტერესიანია, აქვს ახალი ხედვა და ძალაუნებურად, მასში იმედს ხედავ“...  რაც მთავარია, თანამდებობაზე მოსვლისას მასზე არ უთქვამთ, ვინ არის და საიდან მოვიდაო, რადგან...
ოზურგეთში დაიბადა 1988 წელს და მეხუთე საჯარო სკოლა მაღალი აკადემიური წარმატებით დაამთავრა. ძალიან უყვარდა ტექნიკური საგნები. მისი მასწავლებლები იხსენებენ, რომ არ ჩატარებულა ღონისძიება, რომლის მონაწილეც გიორგი ღურჯუმელიძე არ ყოფილიყო. შემდეგ კი სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძო, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. როგორც თვითონ ამბობს, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებამ, თავის დროზე, გრანტიც მოუტანა და უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა. ყოველივე ამასი კი ოჯახურმა გარემომაც ძალიან შეუწყო ხელი.  
_ მამა, დავით ღურჯუმელიძე სამხედრო მომსამსახურე იყო, ახლა თადარიგის პოლკოვნიკია, დედა პედაგოგია, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით. ერთადერთი ძმა ნიკა ღურჯუმელიძე უცხოეთში სწავლობს. სწავლისა და დისციპლინის სიყვარული ოჯახში განსაკუთრებული "დოზით“ მივიღე, _ იღიმება ჩვენი რესპოდენტი _ ზერელედ გაკეთებული არანაირი საქმე არ უყვართ ჩემს მშობლებს და კმაყოფილი ვარ, რომ მეც ასე მიმაჩვიეს. ყოველთვის მინდა, საქმე ზედაპირულად გაკეთებული არ გამომივიდეს, თუმცა, მუდამ უკმაყოფილების განცდა მაქვს. ალბათ, ძალიან ბევრი უნდა ვიკითხო და ვიმუშაო...
_ გიორგი, შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ თანამდებობისთვის, თუმცა მალე მოექეცი ყურადღების ცენტრში. როგორ მოხვედი აქამდე?
_ უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ, ვმუშაობდი მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირში. შემდეგ მქონდა მცირე პაუზა და გასული წლის მაისიდან აქტიურად ჩავერთე პოლიტიკაში. დავინიშნე "ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ოფის-მენეჯერად. ახლა ვარ ოზურგეთის გამგებლის მოადგილე ეკონომიკისა  და ინფრასტრუქტურის დარგში. ისე ჩემს თანამდებობას ძალიან გრძელი სათაური აქვს თავისი ჩამონათვალით. (იცინის).  რაც შეეხება ჩემს ახალგაზრდობას, მე გაცილებით ახალგაზრდა და უფრო მაღალი თანამდებობის პირები მახსოვს.  მსურს, მქსიმალურად ვიმუშაო, აქტიური კომუნიკაცია მქონდეს გამოცდილ, პროფესიონალ და სუფთა იმიჯის მქონე უფროსი თაობის წარმომადგენლებთან და ასე "გავზარდო საკუთარი თავი.“ ახალგაზრდული ასაკი უდიდესი სტიმული და უძლეველი ენერგიაა, რომლის სწორად გამოყენება გარდაუვალ წარმატებასთან მიგიყვანს.
_ არ გეშინია? ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრს მოსთხოვს ქართველი ხალხი... მწარე გამოცდილება აქვს.
_ "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა...“ ადამიანს  ნაკლებად უნდა გეშინოდეს სირთულეების, გამოწვევების.  მე ძალიან შრომატევადი სამუშაო დღეები მაქვს და ვიცი, რომ აქ ადვილი არაა საქმის კეთება. რაც მთავარია, დაკისრებულ მოვალეობას, გულწრფელად და პასუხისმგებლობით ვეკიდები.
_ კონკრეტულად, რას აკეთებ დღეს? მეტად სერიოზული დარგი გაბარია.
_ ჩვენ მივყვებით ცენტრალური ხელისუფლების კურსს. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა მოხდეს. ასე მოკლე დროში სერიოზულ საქმეს ერთბაშად ვერ გააკეთებ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ძირეული ცვლილებების გატარებას, საქმე დაიძვრება..
_ ხალხი სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.
_ რეალური სამუშაო ადგილები ნამდვილად უნდა შეიქმნას. ამას ხელს შეუწყობს  იაფი კრედიტები. ახლახან ჩვენთან  დაიწყო ა.(ა).ი.პ ორგანიზაციების ლიკვიდაციის პროცესი. ეს არ წყვეტდა სამუშაო ადგილების რეალურ პრობლემას. პროფესიონალებზე არ მაქვს საუბარი. ასეთი ადამიანები მუდამ საჭიროა და ზოგადად, თითოეული კაცი ძვირფასია ჩვენთვის. მე მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ზრუნვა, თავისთავად შეუწყობს ხელს დასაქმებას.
_ გიორგი, შენ ახალგაზრდა ხარ. ალბათ, ახალგაზრდებზე ზრუნვის სურვილი გაქვს, მიუხედავად განსხვავებული თანამდებობრივი პროფილისა.
_ ჩემი უდიდესი სურვილია, ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები შეიქმნას. მომავალ თაობას ბევრად უკეთესი ყოფა ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ამ საქმეში საკუთარი წვლილის გაღება მსურს და მინდა, ბოლომდე დავიხარჯო.
_ პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? გამოვიყენებ ცნობილ გამოთქმას _ სასურველი სასიძო ხარ...
_ დაოჯახებული არ ვარ. მეტს ხმამაღლა არაფერს ვიტყვი. ასე მომწონს.
_ რამდენი ენა იცი და თუ თავისუფალი დრო გრჩება, მაინც რაში იმეტებ დასახარჯად?
_ ვიცი რუსული და ინგლისური ენა. თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს, მაგრამ, ძირითადად, წიგნის კითხვას ვუთმობ. კითხვის ფანი ვარ, თან ორიგინალს უფრო ვეტანები.
_  ბოლოს რა წაიკითხე, თან ორიგინალში?
_ დოსტოევსკის  "ძმები კარამაზოვები“. რუსული ენის ძალიან კარგად ცოდნაში ის გარემოება დამეხმარა, რომ დედა ეროვნებით რუსი მყავს. ზოგადად, წიგნზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და მას ვერაფრით შევცვლი. ამასთანავე,  დიდი სურვილი მაქვს, რომ ახალგაზრდობამ წიგნი იკითხოს.
_ ოცნება უკვე აგისრულდა თუ ოცნებას იწყებ?
_ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა. მჯერა, რომ ეს მოხდება და ჩვენი სამშობლო მთლიანი, ძლიერი სახელმწიფო იქნება. ზოგადად კი, ჩემი საქმიანობა ახალგაზრდულ ასაკშივე პოლიტიკას დაუკავშირდა და "ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არის ჩემი ოცნება. თუ ხარ მამულიშვილი, გიყვარს ადამიანი და შენი ქვეყანა, ყველაფერს გაიღებ მისი ბედნიერებისთვის. მე ასე მჯერა.
_ წარმატებებს გისურვებთ.
_ მადლობას გიხდით და თქვენს გაზეთს ასევე წარმატებებს ვუსურვებ. თქვენი მკითხველი ნამდვილად ვარ და გგულშემატკივრობთ კიდეც.



არქივი