„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

gurianews.com

21-ს ქვევით

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სექტემბერი 02
18:43:02 2020

 ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დიმიტრი სიხარულიძე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მევენახეობისა და ენოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან 100%-იანი გრანტი აიღო, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, ამიტომ ვერ მოხვდა დიმიტრი იმ წარჩინებული კურსდამთავრებულების გვერდით, რომლის შესახებ „გურია ნიუსი“ მას შემდეგ წერდა, რაც უნივერსიტეტებში ჩარიცხვისა და გრანტების შესახებ გახდა ცნობილი.

კითხვაზე _ რატომ არ იცოდნენ მისი ასეთი წარმატების შესახებ, დიმიტრიმ გვიპასუხა, რომ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. არასდროს არაფერი გამიხმაურებია“, _ გვითხრა დიმიტრიმ (როგორც გავიგეთ, დიმიტრი სიხარულიძემ საქართველოს მასშტაბით ჭადრაკის ჩემპიონატში _ მეორე ადგილი, ხოლო ევროპის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა).

როგორც დიმიტრი გვეუბნება, ფაკულტეტის შერჩევისას ბევრი რამ გაითვალისწინა. 

„ფაკულტეტის არჩევისას ბევრი რამ გავითვალისწინე. არ მინდოდა ტვირთად დავწოლოდი ოჯახს გადასახადით. ჩემი ქულებით ნებისმიერ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, მაგრამ ეს ვარჩიე. ძალიან საინტერესო პროფესიაა. რამდენიმე წელია, ჩემი შემოსავალიც მაქვს და საკუთარ სურვილებს ვიკმაყოფილებ ჩემი შემოსავალით“, _ ამბობს დიმიტრი.

"გურია ნიუსი" ულოცავს მიზანდასახულ ბიჭს ამ წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.



არქივი