გაკვეთილი, რომელიც გასცდა საკლასო ოთახის სივრცეს და შემოდგომის ფერებს შეერია

gurianews.com

21-ს ქვევით

გაკვეთილი, რომელიც გასცდა საკლასო ოთახის სივრცეს და შემოდგომის ფერებს შეერია

ნოემბერი 12
15:27:21 2019

დღეს, ოზურგეთს მეოთხე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა „შემოდგომის გაკვეთილი“ უჩვეულო წარმოდგენა-სანახაობად იქცა _ კლასის ხელმძღვანელმა ეკა დარჩიამ 33 მოსწავლე ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში მიიხმო.

საგაკვეთილო თემა, „შემოდგომა“, რომელიც ბვშვებმა თამაზ ბიბილურის მოთხრობის მიხედვით მოამზადეს, ღია ცის ქვეშ ორ ნაწილად ჩატარდა. ხუთ ჯგუფად დაყოფილმა კლასმა, ეკა დარჩიას ხელმძღვანელოთ, ცალ-ცალკე, საკუთარი შემომედებითი მიდგომით წარმოადგინა პრეზენტაცია წაკითხული მოთხრობის მიხედვით. მათ ყველას წინაშე მოახდინეს საკუთარი ნიჭიერების და უნარების საუკეთესო ჰარმონია, საუკეთესო აღქმის და ინტერპრეტირების უნარი. შემდეგ კი მშობლების მიერ საგანგებოდ მომზადებულ პავლიონში გადაინაცვლეს, სადაც მონათხრობი რეალობაში წარმოადგინეს; ამოავლეს ჩურჩხელები, შეასრულეს ცეკვა-კომპოზიცია, შესაბამისი მუსიკის თანხლებით.

_ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს მეოთხე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო, მომეჩვენა, რომ მასალა მაინც მწირი იყო. ამიტომ შევარჩიე თამაზ ბიბილურის მოთხრობა. გამოვედით ბუნებაში, რადგან თემა იყო შემოდგომა. ნახეთ, ბავშვებმა წაიკითხეს „შემოდგომა“, შემდეგ დაწერეს და პრეზენტაციები და შეფასება გააკეთეს. შემდეგ კი ეს ყველაფერი მშობლების მიერ გაკეთებულ პავილიონში ვიზუალურად წარმოადგინეს. მიხარია, რომ ძალიან ფერადი დღე გამოვიდა, _ თქვა კლასის ხელმძღვანელმა ეკა დარჩიამ.


სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ ასე შეაფასა „გაკვეთილი-შემოდგომა“:
_ ეს იყო შემაჯამებელი გაკვეთილი, სადაც მოხდა კომპლექსური შემაჯამებელი დავალების შესრულება. ეს გაკვეთილი გასცდა საკლასო ოთახს, საკლასო ოთახის სივრცეს, გასცდა ჩვეულებრივი გაკვეთილის ფორმატსაც, თუმცა, იგი 45 წუთს მოიცავდა და ის აქტივობები, რაც მასწავლებელმა გამოიყენა, ხელს უწყობდა მოსწავლეებში როგორც აკადემიური, ისე სოციალური უნარების განვითარებას. ამ ყველაფერს ხომ ჯგუფური მუშაობა უწყობს ხელს და მთელი გაკვეთილი ჯგუფურ მუშაობაზე იყო აგებული.
და კიდევ, რაც მთავარია, საუკეთესო, მზით და სითბოთ სავსე დღე, რაც შემოდგომამ ასე უშურველად გამოიმეტა, ამ გაკვეთილის გვირგვინი იყო, _ თქვა მან.



არქივი